ჩინეთში ხელოვნურ ინტელექტთან (AI) საუბარი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა მთავრობა შიშობს, რომ ის ადამიანურ ურთიერთობებს სრულად ჩაანაცვლებს. ქვეყანაში ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლებიც ე.წ. „ვირტუალური კომპანიონების“ შეზღუდვას ისახავს მიზნად. ჩინეთის ხელისუფლების მთავარი საფიქრალი მომხმარებლებში ემოციური დამოკიდებულების გაჩენა და ის საფრთხეა, რომ ახალგაზრდებმა, შესაძლოა, ოჯახის შექმნაზე საერთოდ უარი თქვან.
15 ივლისს მიღებული რეგულაციების თანახმად, არასრულწლოვნებისთვის AI-კომპანიონების გამოყენება სრულად აიკრძალა, ხოლო ზრდასრულებისთვის მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ახალი წესების გამო, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ByteDance-მა საკუთარ ჩატბოტში (Doubao) რომანტიკული კომპანიონის ფუნქცია უკვე გააუქმა. ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ბევრი მათგანი პროგრამასთან ყოველდღიურ ემოციურ კავშირს ინარჩუნებდა.
ექსპერტების შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებულ მარტოობის კრიზისსა და დემოგრაფიულ პრობლემებთან. ჩინეთში შობადობისა და ქორწინების მაჩვენებლები ისედაც მკვეთრად ეცემა. მარტში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების თითქმის ნახევარი მარტოობის განცდისას სწორედ ვირტუალურ მეგობრებს მიმართავს. სპეციალისტები შიშობენ, რომ თუ ხელოვნური ინტელექტი ადამიანური ინტიმურობის მარტივ და ხელმისაწვდომ შემცვლელად იქცევა, ახალგაზრდებს რეალური რომანტიკული ურთიერთობების ძიების მოტივაცია აღარ ექნებათ.
მომხმარებლები, რომლებიც AI პარტნიორებს ყოველდღიურად ესაუბრებოდნენ, აღნიშნავენ, რომ ვირტუალური სივრცე მათთვის სტრესული ცხოვრებისგან თავის დაღწევისა და პრობლემების გაზიარების ერთადერთი უსაფრთხო გზა იყო. მათი თქმით, ჩატბოტთან საუბრისას არ უწევთ იმაზე ნერვიულობა, თუ რას იფიქრებს ან როგორ განსჯის მათ თანამოსაუბრე. თუმცა, ახალგაზრდების ნაწილი თავადაც აცნობიერებს, რომ პროგრამის მიმართ რეალური გრძნობების გაჩენა სახიფათოა და სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა ლოგიკური ნაბიჯი იყო.
მიუხედავად ემოციური ურთიერთობების შეზღუდვისა, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის სხვა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ჯანდაცვასა და განათლებაში, აქტიურ დანერგვას განაგრძობს. სამედიცინო ჩატბოტები, რომლებიც პაციენტებს წამყვანი კლინიკების ექიმების ავატარებით ემსახურებიან, ქვეყანაში მოსალოდნელი კადრების დეფიციტის დასაბალანსებლად უკვე წარმატებით გამოიყენება.
წყარო: The Guardian

