ტორონტოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტისა (TMU) და ლავალის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ ეჭვქვეშ დააყენა აქამდე გავრცელებული მოსაზრება, რომ ძილის წინ სმარტფონის გამოყენება ზრდასრულებში ძილის ხარისხს აუარესებს.
კანადის მასშტაბით 1,000-ზე მეტ ზრდასრულზე ჩატარებულმა ამ კვლევამ აჩვენა, რომ ძილის საერთო რეჟიმი, მათ შორის ძილის დრო და დღისით სიფხიზლე, დაახლოებით ერთნაირი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც გაჯეტებს ყოველ ღამე იყენებდა და მათთვის, ვინც საერთოდ არ იყენებდა. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Sleep Health-ში.
აღსანიშნავია, რომ მოზრდილებმა, რომლებიც ეკრანებს თითქმის ყოველ ღამე იყენებდნენ, საუკეთესო ძილის ქრონომეტრაჟი და დღისით მაქსიმალური სიფხიზლე დააფიქსირეს. ამის საპირისპიროდ, ყველაზე ცუდი ძილის რეჟიმი დაფიქსირდა იმ ჯგუფში, რომელიც ეკრანებს არარეგულარულად – კვირაში ერთხელ ან უფრო ნაკლებად – იყენებდა.
მკვლევრები მიუთითებენ, რომ ეკრანის ლურჯი გამოსხივების შესახებ წინა განზოგადებული დასკვნები არ ითვალისწინებდა ისეთ კრიტიკულ ფაქტორებს, როგორებიცაა, მაგალითად ასაკი, დრო და სინათლის ინტენსივობა. არსებობს საფუძველი, რომ მოზარდებში, რომელთაც სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ, სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები ნაკლებად მგრძნობიარენი ხდებიან, რაც ბუნებრივი ასაკობრივი ცვლილებებითაა განპირობებული.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მოწყობილობის გამოყენების სიხშირის გარდა, მნიშვნელოვანია, როგორ იყენებენ ზრდასრულები ეკრანებს ძილის წინ, რადგან ზოგიერთი აპლიკაცია ხელს უწყობს მოდუნებას, ზოგი კი ემოციურ აგზნებას იწვევს.
მეცნიერები ზრდასრულებს ურჩევენ, ექსპერიმენტის სახით, ერთი კვირის განმავლობაში შეინარჩუნონ ეკრანის გამოყენების ჩვეული რეჟიმი, ხოლო მომდევნო კვირას დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე შეწყვიტონ მოწყობილობების გამოყენება. თუ ძილის ხარისხში მნიშვნელოვან განსხვავებას ვერ შეამჩნევენ, ეს ნიშნავს, რომ, კვლევის მონაცემების მსგავსად, სმარტფონი არ არის ძილის პრობლემის გამომწვევი მიზეზი.
წყარო: Sleep Health

