მსოფლიოში პირველმა მზის ენერგიაზე მომუშავე სასწრაფო დახმარების მანქანამ ტესტირება წარმატებით გაიარა

გააზიარე

ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა მსოფლიოში პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე სასწრაფო დახმარების მანქანა შექმნა. ინოვაციურმა ტრანსპორტმა (სახელწოდებით Stella Juva) კენიაში პრაქტიკული ტესტირება უკვე გაიარა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ეს მანქანა მუშაობის პროცესში იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მოიხმარს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საწვავისა თუ ელექტროქსელის გარეშე, სრულიად დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლია.

პროექტი 23-მა სტუდენტმა შეიმუშავა და მისი მთავარი მიზანი იმ იზოლირებულ და მიუდგომელ რეგიონებში სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, სადაც საიმედო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ტრადიციული სასწრაფო დახმარების მანქანებისგან განსხვავებით, Stella Juva-ს ტრადიციულ კლინიკებში არსებული სამედიცინო მოწყობილობები უშუალოდ პაციენტთან მიაქვს. მანქანის სახურავსა და გვერდებზე განთავსებული დასაშლელი მზის პანელები საკმარის ენერგიას გამოიმუშავებს იმისთვის, რომ ერთდროულად ამუშაოს რენტგენი, ექოსკოპიის აპარატი, ავტომატური გარე დეფიბრილატორი (AED) და ვაქცინების შესანახი მაცივრები.

ინოვაციური მანქანა კენიის ნაროკის რეგიონში, ურთულეს რელიეფზე გამოსცადეს. ტესტირების ფარგლებში ავტომობილმა 800 კილომეტრზე მეტი დაფარა და გაუვალ გზებს პრობლემების გარეშე გაუმკლავდა. ერთ-ერთ მიუდგომელ ლოკაციამდე მისაღწევად გუნდმა ექვსი საათი იმოგზაურა, თუმცა მანქანამ საიმედოობა და გამძლეობა სრულად დაამტკიცა.

საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაცია Amref Health Africa-სთან ერთად ჩატარებულმა ორდღიანმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ენერგოდამოუკიდებელ მანქანას დაახლოებით 200 ადამიანისთვის სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლია. პროექტის ხელმძღვანელის, ჯეფრი სადერას განცხადებით, მზის ენერგიაზე მომუშავე სასწრაფო დახმარება მიუდგომელ ადგილებში მცხოვრები ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

„ნაროკში დიდი დისტანციები და ელექტროენერგიის არარსებობა ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას მიუწვდომელს ხდის. Stella Juva-ს კი შეუძლია, ადგილზე არა მხოლოდ ექიმები, არამედ ზუსტი დიაგნოსტირებისთვის საჭირო აპარატურაც მიიტანოს. მაგალითად, ერთი ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელია 30-40 ორსულ ქალს ექოსკოპიური კვლევა ადგილზევე ჩაუტარდეს. ეს მოგვცემს საშუალებას, რისკები ადრეულ ეტაპზევე გამოვავლინოთ და უამრავი სიცოცხლე გადავარჩინოთ,“ — აღნიშნავს ჯეფრი სადერა.

პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ტესტირების შედეგები სხვადასხვა კომპანიასა თუ მთავრობას შთააგონებს და ინოვაცია მომავალში ბევრად უფრო ფართო, გლობალურ მასშტაბებს შეიძენს.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები