25–26 სექტემბერს თბილისი მედიცინის სფეროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, გულის უკმარისობის საერთაშორისო ფორუმს (Tbilisi International Heart Failure Forum 2026) უმასპინძლებს. ღონისძიება მსოფლიოს წამყვან კარდიოლოგებსა და მკვლევრებს დარგის უახლესი მიღწევების განსახილველად აერთიანებს, მისი მთავარი თემები კი ინოვაციურ ვიზუალიზაციასა და მოწინავე თერაპიულ მეთოდებს მოიცავს.
კონფერენცია ევროპის უწყვეტი სამედიცინო განათლების სააკრედიტაციო საბჭოს ოფიციალურ აღიარებას ფლობს და მონაწილე ექიმებს 15 ევროპულ სამედიცინო კრედიტს ანიჭებს. აღნიშნული ფორუმის მნიშვნელობასა და პროგრამის დეტალებზე კომენტარი საქართველოს გულის უკმარისობის ასოციაციის ხელმძღვანელს, ზვიად ყიფიანს ვთხოვეთ.
“25-26 სექტემბერს თბილისში გულის უკმარისობის ფორუმი ტარდება. ჩემი ხელმძღვანელობით მოქმედმა საქართველოს გულის უკმარისობის ასოციაციამ ეს ღონისძიება 2019 წელს დააფუძნა. პანდემიის პერიოდში გამოწვეული პაუზის შემდეგ, წელს რიგით მეექვსე ფორუმს ვმასპინძლობთ. ღონისძიებაზე მომხსენებლები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან, ემირატებიდან და ომანიდან ჩამოდიან. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონის ჩართულობასაც — სპიკერებს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან ველოდებით. პროგრამა მრავალფეროვან გამოცდილებას აერთიანებს; შეხვედრებზე განიხილავენ ზოგადად დამტკიცებულ, გაიდლაინებით რეკომენდებულ მედიკამენტურ მკურნალობასა და ქირურგიულ ჩარევებს. მით უმეტეს, რომ გულის უკმარისობის მკურნალობის მიმართულებით რეგიონული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება უდიდეს როლს ასრულებს.
ჩვენი ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამედიცინო საზოგადოებასა და მთლიანად ქვეყანაში ცნობიერების ამაღლებაა. გვსურს, ყველამ გაიაზროს, რომ გულის უკმარისობის მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტებს არ გულისხმობს. თავად დაავადება პროგრესირებად ხასიათს ატარებს და გარკვეულ ეტაპზე საბოლოო სტადიამდე მიდის. ასეთ დროს პაციენტები მარცხენა პარკუჭის დამხმარე დევაისის (LVAD) იმპლანტაციას საჭიროებენ. ეს მოწყობილობა სიცოცხლის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს და გულის ტრანსპლანტაციამდე ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდს ქმნის.
როდესაც გულის უკმარისობა დეკომპენსირდება, განდევნის ფრაქცია მკვეთრად მცირდება და გული ზომაში დიდდება, მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა შედეგს აღარ იძლევა. ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე მარცხენა პარკუჭის დამხმარე დევაისის იმპლანტირება არ ხდება, ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. ვიმედოვნებთ, მალე ამ მეთოდს საქართველოშიც დავნერგავთ. სწორედ ამ მიმართულებას ეთმობა ჩვენი პროგრამის დიდი ნაწილი. ფორუმს ბოსტონის ბრიგჰემისა და ქალთა ჰოსპიტლის (ჰარვარდის კლინიკა) წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი გულის ტრანსპლანტაციისა და აღნიშნული დევაისის იმპლანტაციის უდიდეს ცენტრს მართავენ. თითქმის ყველა კლინიკური კვლევა პროფესორ მანდიპ მეჰრას უკავშირდება; იგი ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში და ფორუმში ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ფიგურის სტატუსით მონაწილეობს.
წლევანდელი ფორუმი მომხსენებელთა კატეგორიით გამოირჩევა. პირველი დღის პირველ ნახევარში კარდიოპათიებს განვიხილავთ, რადგან სწორედ ეს პათოლოგია იწვევს გულის უკმარისობის განვითარებას. აქცენტს გენეტიკურ კარდიომიოპათიებსა და გენეტიკურ კვლევებზე გავაკეთებთ. ყურადღებას ვუთმობთ დიაგნოსტიკასაც — გამოსახულებითი მედიცინა, მაგალითად, ბანალური ექოსკოპია, პირველად შეფასებას უზრუნველყოფს. შემდგომში პაციენტებს გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ესაჭიროებათ, რომელიც უკვე დეტალურ ინფორმაციას იძლევა. ამ გზით კუნთის სრულფასოვან შეფასებას ვახდენთ და ვადგენთ ისეთი დაავადებების არსებობას, მაგალითად, ამილოიდოზს. მსგავსი პათოლოგიები კუმშვადი ფუნქციის დაქვეითებასა და გულის უკმარისობის პროგრესირებას იწვევს, რასაც საბოლოოდ პაციენტი მარცხენა პარკუჭის დევაისის იმპლანტაციამდე და გულის ტრანსპლანტაციამდე მიჰყავს.
დიდ ყურადღებას ვუთმობთ კარდიოგენულ შოკსაც, რომელიც ხშირად გულის უკმარისობის დეკომპენსაციის დროს ვითარდება. განვიხილავთ, თუ როგორ ერთვება პროცესში მექანიკური ცირკულატორული სისტემა და როგორ უნარჩუნებს პაციენტს სიცოცხლეს შემდგომ პროცედურებამდე. პროგრამაში ცალკე ადგილი უჭირავს მედიკამენტურ მკურნალობას. 2024 წლის აგვისტოს ბოლოს ლონდონში ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის დიდი კონგრესი გაიმართა, სადაც გულის უკმარისობის სრულიად ახალი გაიდლაინი წარადგინეს. განახლებული სახელმძღვანელო მკურნალობის მიდგომებს სრულად ცვლის. ჩვენს ფორუმზე სწორედ ამ გაიდლაინის ცვლილებებსა და ახალ მედიკამენტურ სტრატეგიებზე ვისაუბრებთ.
რამდენიმე მოხსენება უშუალოდ მედიკამენტური მკურნალობის ცვლილებებს ეხება. დამსწრე საზოგადოებას ფართოდ მივაწვდით ინფორმაციას, თუ რატომ იძენს გადამწყვეტ მნიშვნელობას კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნა განახლებული სტანდარტების მიხედვით. გარდა ამისა, მოვისმენთ მოხსენებებს პრევენციასა და რეაბილიტაციაზე, ასევე განვიხილავთ ხელოვნური ინტელექტის როლს კარდიოლოგიაში. ღონისძიება ორ დღეს მოიცავს და პროგრამა სრულად იტვირთება. მეორე დღის მეორე ნახევარში 90-წუთიან მასტერკლასს ვმართავთ ექოკარდიოგრაფიაში. ეს სესია კარდიოლოგიურ ინტენსიურ პალატაში მექანიკურ ცირკულაციაზე მყოფ და დეკომპენსირებულ პაციენტებთან მუშაობის სპეციფიკას დეტალურად ხსნის.”, – ზვიად ყიფიანი, ექიმი-კრადიოლოგი
ორდღიანი შეხვედრა ქართველ მედიკოსებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გულის უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე პრაქტიკას უშუალოდ მსოფლიო დონის ექსპერტებისგან გაეცნონ. დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: ghfa.ge

