ახმეტაში ექიმი-ნევროპათოლოგი მაია კოხტაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს. საინფორმაციო პლატფორმა „კახეთის ხმის“ (knews.ge) ცნობით, გამოძიება მედიკოსს მესამე პირზე რეცეპტის გამოწერას ედავება.
ოჯახის ახლობლების განმარტებით, ექიმს დახმარება მოქალაქემ სთხოვა, რომელმაც განაცხადა, რომ ლოგინად ჩავარდნილ დედას ძლიერი ტკივილების გამო კლინიკაში მისვლა არ შეეძლო და მედიკამენტი გადაუდებლად ესაჭიროებოდა. სწორედ აღნიშნული თხოვნის საფუძველზე გაცემული რეცეპტი გახდა სამართალდამცავების მხრიდან ექიმის დაკავების საფუძველი.
მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში გასტროენტეროლოგი და ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა გამოეხმაურა:
„ახმეტაში დაუკავებიათ ექიმი, რომელსაც მედიკამენტი გამოუწერია ოჯახის წევრზე, მედია იუწყება. ხვდებით ხომ ეს და მსგავსი შემთხვევები რას გამოიწვევს? ექიმ-პაციენტებს შორის ჩატეხილი ხიდების კიდევ უფრო ჩატეხვას. სამინისტრო სანამ ექიმების ბატონად წარმოიდგენს თავს და რეგულაციებს მათ დასასჯელად იყენებს, მანამდე დაზარალდება პაციენტი. დიახ, მხოლოდდამხოლოდ პაციენტი. ხვალ რომ მივა პაციენტი და ექიმს თხოვს ლოგინად ჩავარდნილი დედის რეცეპტი განმიახლეო, მიიღებს უარს და ამაში დამნაშავე რეგულატორი იქნება და არა — ექიმი!“

