ტრესტლის ბიოთერაპიული კომპანია (Trestle Biotherapeutics), რომელიც თირკმლის ქსოვილის 3D ბეჭდვაზე მუშაობს, კვლევით პარტნიორობას იწყებს Humacyte-თან. ეს უკანასკნელი ადამიანის ბიოინჟინრული ქსოვილების მასშტაბურ წარმოებაზე მუშაობს. თანამშრომლობის მთავარი მიზანი ტექნოლოგიების გაერთიანებაა, რათა შეიქმნას სისხლძარღვოვანი ბიოინჟინრული ორგანოები ტრანსპლანტაციისთვის.
ახალი კვლევითი პარტნიორობის ფარგლებში, ხელმძღვანელები გეგმავენ უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრირებას თავიანთ ინდუსტრიაში. ეს თანამშრომლობა Trestle Bio-ს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლოს ადამიანის თირკმლის ურთიერთქმედება Humacyte-ის სისხლძარღვებთან (ATEV™). წარმატებული თანამშრომლობის შედეგია ბიოინჟინრული თირკმელიც, რომელსაც სისხლძარღვოვანი პერფუზიის უნარი აქვს.
ახალი იმედი თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის
Trestle Bio პრეკლინიკური კომპანიაა, რომელიც თირკმლის დაავადების ბოლო სტადიის მქონე პაციენტებისთვის სპეციალურ ბიოინჟინრულ თირკმლის ქსოვილს ქმნის. ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული ქსოვილები პაციენტებს საშუალებას აძლევს, შეწყვიტონ დიალიზი და გადაავადონ ორგანოთა გადანერგვის საჭიროება. ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს ტექნოლოგია საფუძველს ქმნის ბიოინჟინრული ორგანოების წარმოებისთვის, რაც ორგანოების დეფიციტის პრობლემას მოაგვარებს.
აღსანიშნავია, რომ Humacyte-მა ცოტა ხნის წინ მიიღო FDA-ის (აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის) ნებართვა ATEV™-ის გამოყენებაზე სისხლძარღვოვანი არტერიული დაზიანებების სამკურნალოდ. პროდუქტის კომერციული სახელწოდებაა Symvess.
თირკმლის ქრონიკული დაავადებით (CKD) მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება. მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად თირკმლის უკმარისობის 125,000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო დაახლოებით 600,000 პაციენტი გადარჩენისთვის დიალიზზეა დამოკიდებული. ამერიკაში თირკმლის გადანერგვას დაახლოებით 100,000 ადამიანი ელოდება, თუმცა ყოველწლიურად მხოლოდ 25,000-მდე წარმატებული ტრანსპლანტაცია ტარდება, რაც ორგანოების დეფიციტის სერიოზული პრობლემაა.
როგორც Humacyte-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ლორა ნიკლასონმა განაცხადა: „Trestle ინოვაციურ საქმეს აკეთებს იმ სფეროში, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება რისკი და სიახლე. ჩვენ გახარებულები ვართ ამ თანამშრომლობით. ეს დააჩქარებს ახალი მეთოდების შემუშავებას თირკმლის უკმარისობის პრობლემის აღმოფხვრაში.“
Trestle Bio-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ბენ შეფერდი კი აღნიშნავს: „ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდით თვალს Humacyte-ს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი რეგენერაციული მედიცინის პროდუქტის შემუშავების ოქროს სტანდარტს აყალიბებენ. Humacyte-ის ATEV-ეს ტექნოლოგიის ფართო პოტენციალი აშკარაა თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის.“
წყაროები
Trestle Bio Announces Research Collaboration with Humacyte, March 6, 2025.
Trestle Bio and Humacyte Form Research Collaboration, March 11, 2025.

