მსოფლიო მასშტაბით საავადმყოფოებში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების საგანგაშო მატება ფიქსირდება. ექიმები აცხადებენ, რომ უახლოეს წლებში წამლებისადმი რეზისტენტობით გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვი მკვეთრად გაიზრდება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ანგარიშის თანახმად, რომელიც 104 ქვეყნიდან 23 მილიონზე მეტ ბაქტერიულ ინფექციაზე შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა:
- 2023 წელს ლაბორატორიულად დადასტურებული ექვსი ბაქტერიული ინფექციიდან ერთი რეზისტენტული იყო ანტიბიოტიკური მკურნალობის მიმართ.
- 2018-2023 წლებში ანტიბიოტიკების 40%-ზე მეტმა დაკარგა ეფექტურობა სისხლის, ნაწლავური, საშარდე გზებისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების წინააღმდეგ.
- პრობლემა ყველაზე მძიმეა და კიდევ უფრო უარესდება დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში და სუსტი ჯანდაცვის სისტემების მქონე რეგიონებში.
- 2023 წელს, WHO-ს შეფასებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში ბაქტერიული ინფექციების მესამედი იყო ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული, ხოლო აფრიკაში – მეხუთედი.
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR) წარმოიშობა მაშინ, როდესაც პათოგენები ვითარდებიან და უძლებენ მათ გასანადგურებლად გამოყენებულ მედიკამენტებს. 2021 წელს გლობალურად 7.7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა ბაქტერიული ინფექციებით. წამლისადმი რეზისტენტობამ ხელი შეუწყო ამ სიკვდილიანობის 4.71 მილიონ შემთხვევას, ხოლო აქედან 1.14 მილიონი პირდაპირ უკავშირდება რეზისტენტობას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განსაკუთრებულად შეშფოთებულია გრამ-უარყოფითი ბაქტერიების გამო. ეს არის ბაქტერიები, რომლებსაც აქვთ დამატებითი, დამცავი გარსი, რაც მათ განსაკუთრებით ძლიერს ხდის.
მათ შორისაა:
- E. coli (ეშერიხია კოლი)
- Klebsiella pneumoniae (კლებსიელა პნევმონიე)
ეს ბაქტერიები იწვევენ ყველაზე მძიმე ინფექციებს, რამაც შეიძლება განავითაროს სეფსისი, ორგანოების გაჩერება და პაციენტის სიკვდილი.
ინფექციების სამკურნალოდ პირველი დახმარების ანტიბიოტიკები (ე.წ. მესამე თაობის ცეფალოსპორინები) სულ უფრო უძლური ხდება. ეს წამლები ვეღარ მოქმედებს E. coli-ის 40%-ზე მეტსა და K. pneumoniae-ის 55%-ზე მეტზე.
გარდა ამისა, სარეზერვო წამლებიც რისკის ქვეშაა. იზრდება რეზისტენტობა იმ ძლიერი ანტიბიოტიკების მიმართაც (მაგალითად, კარბაპენემები), რომლებსაც ექიმები იყენებენ, როდესაც პირველი არჩევანის წამლები არ მუშაობს. ეს ფაქტი კიდევ უფრო ავიწროებს სამკურნალო საშუალებების არჩევანს და ართულებს მძიმე ინფექციებთან ბრძოლას.
MedScriptum-მა ჩაწერა ინტერვიუ ინფექციონისტ ინგა გვასალიასთან, რომელთანაც საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბრეთ იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო მასშტაბით საავადმყოფოებში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების საგანგაშო მატება ფიქსირდება.
ინტერვიუ ინფექციონისტ ინგა გვასალიასთან

WHO-ს ანგარიში ასახავს გრამ-უარყოფითი ბაქტერიების, განსაკუთრებით E. coli-სა და K. pneumoniae-ის, რეზისტენტობის საგანგაშო ზრდას. თქვენი პრაქტიკული გამოცდილებით, რომელია დღესდღეობით ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ყველაზე გავრცელებული და რთულად სამკურნალო ბაქტერიები, რომლებსაც კლინიკურ პირობებში აწყდებით?
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ მულტირეზისტენტულ პათოგენს წარმოადგენს Klebsiella pneumoniae, რომელიც უმეტესად რეანიმაციულ განყოფილებებში ფიქსირდება. E. coli ასევე გვხვდება, თუმცა მისი რეზისტენტობა საქართველოში მაღალი მაჩვენებლით არ გამოირჩევა. არსებული კლინიკური დაკვირვებების საფუძველზე, კარბაპენემ-რეზისტენტული შტამების გავრცელების სიხშირე დაახლოებით 60%-ს აღწევს.
თქვენი დაკვირვებით, ჰოსპიტალური გარემოს რომელ დეპარტამენტებში (მაგალითად, რეანიმაციული განყოფილებები, ქირურგიული ბლოკები) ფიქსირდება რეზისტენტული ინფექციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, და რა ფაქტორები უწყობს ხელს მათ გავრცელებას?
ძირითადად, აღსანიშნავია ინტენსიური თერაპიის განყოფილება (რეანიმაციული განყოფილება) და ქირურგიული განყოფილება, სადაც პოსტოპერაციული პაციენტები იმყოფებიან. თუმცა, პირველ ადგილზე მაინც რეანიმაციის განყოფილება დგას. პაციენტები აქ ხშირად არიან რამდენიმე ინვაზიური პროცედურის ქვეშ – მათ შორის ცენტრალური ვენის კათეტერის ან შარდის ბუშტის კათეტერის გამოყენებით. როდესაც პაციენტი ხანგრძლივად რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში მრავალი ინვაზიით, სწორედ ამ პაციენტებში ხდება ჰოსპიტალური მიკროორგანიზმების უფრო ხშირი აღმოჩენა. მსგავსი სურათი ფიქსირდება როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში: რეანიმაციულ განყოფილებებში მულტირეზისტენტული ჰოსპიტალური შტამების კონცენტრაცია ყოველთვის მაღალია. საბოლოო ჯამში, ინვაზიური პროცედურები და პაციენტების ხანგრძლივი დაყოვნება ამ განყოფილებებში ხელს უწყობს აღნიშნული ინფექციების გავრცელებას, რის გამოც პაციენტების სათანადო მოვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
რა ტენდენციები შეინიშნება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის მხრივ საქართველოში ბოლო 5-10 წლის განმავლობაში, და რამდენად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა გლობალურ სურათს?
საგრძნობლად არის გაზრდილი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული მიკროორგანიზმების გამოყოფის სიხშირე, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღსანიშნავია პოსტკოვიდური პერიოდი, რა დროსაც ჰოსპიტალური მიკრობების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. პანდემიის დროს გააქტიურებული ანტიბიოტიკოთერაპია და ჰოსპიტალიზებული პაციენტების დიდი რაოდენობა გახდა რეზისტენტული ინფექციების გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორები. დინამიკაში, ბოლო 5-10 წლის განმავლობაში, მკვეთრად იმატა როგორც ამგვარი ინფექციების რაოდენობამ, ისე მიკრობების რეზისტენტობამ.
რეზისტენტობის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. გავრცელების კუთხით, პირველ ადგილს იკავებენ გრამ-უარყოფითი ორგანიზმები. სტაფილოკოკის გრამ-დადებითი ბაქტერიები მეორე ადგილზე დგას. ასევე, მნიშვნელოვნად გავრცელებულია ენტეროკოკის მულტირეზისტენტული შტამები.
აღნიშნულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეზისტენტობა მათ შორის ძლიერი ანტიბიოტიკების მიმართაც იზრდება. თქვენი პროფესიული ხედვით, რა სტრატეგიული და პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის მასშტაბით, რათა ანტიბიოტიკების ეფექტურობა შევინარჩუნოთ და ამ პრობლემის გაღრმავება შევაჩეროთ?
მრავალი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. პირველ რიგში, ეს ეხება ანტიბიოტიკების რაციონალურ დანიშვნას. ცნობილია, რომ ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა, უმეტესწილად, სტაციონარის გარეთ, ამბულატორიული სეგმენტიდან იწყება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ანტიბიოტიკები არასწორი ჩვენებით ინიშნება – მაგალითად, ბავშვთა ასაკში ვირუსული ინფექციების დროს, რაც მოზრდილ ასაკში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ზრდას უწყობს ხელს.
ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების გამოყენების რეგულაცია სოფლის მეურნეობაში, მაგალითად, მეფრინველეობასა და მეფუტკრეობაში. კერძოდ, მეფუტკრეობაში ხშირად გამოიყენება ანტიბიოტიკი კოლისტინი ფუტკრის შესანახად. ეს უარყოფითი ტენდენციაა, რადგან ასეთი პროდუქტები შეიცავს ანტიბიოტიკებს და ზიანს აყენებს მომხმარებლის ორგანიზმში მიკროორგანიზმების რეზისტენტობას.
ამიტომ, აუცილებელია ამ პროცესების სისტემატიზაცია და კონტროლი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არ არსებობს რეზისტენტობის სტატისტიკის ერთიანი, საერთო ბაზა. ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ კლინიკურ დაკვირვებებზე დაყრდნობით საუბარი, ხოლო ინფექციონისტებს კონკრეტულ კლინიკებში დაგროვილი დაკვირვებები აქვთ. რეზისტენტობის ერთიანი ბაზის შექმნას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ამ პროცესს სათავეში უნდა ედგნენ შესაბამისი დაწესებულებები, როგორიცაა, მაგალითად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო.
მოცემული ანგარიში აჩვენებს, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემა განსაკუთრებით მზარდია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც შესაბამისად ჯანდაცვის სისტემები არამდგრადია. რა კონკრეტული სისტემური გამოწვევები უწყობს ხელს AMR-ის ასეთ სწრაფ გავრცელებას განვითარებად ქვეყნებში და რა მასშტაბის სტრატეგიები შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური ამ რისკების შესამცირებლად?
ამ მიმართულებით მრავალი გამოწვევაა, მათ შორის ფინანსური საკითხები. კერძოდ, თითოეულ პაციენტზე გამოყოფილი დაფინანსება არ არის საკმარისი, განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებებში. ფინანსური რესურსების დეფიციტი კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემას, რადგან საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ძირითადად კერძო კლინიკებით არის წარმოდგენილი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა საშუალო სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა. კვალიფიციური ექთნების დეფიციტია. ექთნების არასაკმარისი რაოდენობა პირდაპირ იწვევს პაციენტების არასათანადო მოვლას.
ამასთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია კლინიკებში ასეპტიკისა და ანტისეპტიკის ხარისხის დაცვა, რაც ხშირად სათანადო დონეზე არ ხორციელდება. როგორც უკვე აღინიშნა, არ არსებობს ამ პროცესების სისტემატიზაცია და სისტემური კონტროლი. ქვეყანაში არ მოქმედებს ჰოსპიტალური ინფექციების შესწავლის ცენტრალური ბაზა, რომელიც უზრუნველყოფდა მათი რაოდენობისა და რეზისტენტობის ხარისხის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.
წყარო: The Guardian

