თსსუ-ის ვიცე-რექტორი სოფიო ბახტაძე ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების (EPNS) მმართველი საბჭოს წევრად და CNA-ის თავმჯდომარედ აირჩიეს

გააზიარე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო ბახტაძე, 2026–2030 წლების ვადით ევროპის პედიატრიული ნევროლოგიის საზოგადოების (EPNS) მმართველი საბჭოს წევრად იქნა არჩეული. ამასთანავე, იგი უხელმძღვანელებს ეროვნულ მეთვალყურეთა კომიტეტს (Committee of National Advisers – CNA).

„მედსკრიპტუმთან“ საუბრისას პროფესორმა სოფიო ბახტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„არჩეული ვარ ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრად, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, 2026-დან 2030 წლის ჩათვლით, ევროპის 31 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად უნდა ვიმუშაო სხვადასხვა ტიპის გაიდლაინების შემუშავებაზე, რომლებიც ბავშვთა ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და შემდგომ ზედამხედველობას ემსახურება.

ასევე, ამავე საბჭოში ვიმუშავებ ეროვნულ მეთვალყურეთა კომიტეტის თავმჯდომარედ. აღნიშნული კომიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში, ჩემი მიზანია ევროპაში პედიატრიული ნევროლოგიის პოსტდიპლომური განათლების ჰარმონიზაცია, ერთიანი სტანდარტების დანერგვა და ერთიანი საგამოცდო-სალიცენზიო სისტემის შემუშავება. ამავდროულად, ავტომატურად ვხდები განათლებისა და ტრენინგის კომიტეტის წევრი, რომლის ფუნქციაც სხვადასხვა კლინიკური გზამკვლევის მომზადება და მათზე მონიტორინგია,“ – განაცხადა სოფიო ბახტაძემ.

აღსანიშნავია, რომ სოფიო ბახტაძე არის პირველი ქართველი, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. ამასთანავე, ის ამჟამად ერთადერთი წარმომადგენელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომელიც EPNS-ის მმართველი საბჭოს (ბორდის) წევრის სტატუსს ფლობს.

ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოება (EPNS) დარგის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პროფესიული ორგანიზაციაა ევროპაში და 3 500 წევრს აერთიანებს. მისი საქმიანობა მიზნად ისახავს ნევროლოგიური დარღვევების მქონე ბავშვთა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მეთვალყურეობის ერთიანი ევროპული სტანდარტის განვითარებას სამეცნიერო კვლევებისა და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით.

ორგანიზაციის მმართველი საბჭო ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 31 წარმომადგენლისგან შედგება. საბჭოს სტრუქტურაში შემავალი შვიდი კომიტეტიდან ერთ-ერთი სწორედ ეროვნულ მეთვალყურეთა კომიტეტია (CNA). აღნიშნული კომიტეტი 45 ქვეყნის პედიატრიულ ნევროლოგიურ საზოგადოებას აერთიანებს და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დამაკავშირებელ რგოლს EPNS-სა და ეროვნულ გაერთიანებებს შორის. CNA-ის ფუნქციაა პედიატრიული ნევროლოგიის პოსტდიპლომური განათლების პრინციპების დანერგვა და მათი ჰარმონიზაცია საერთო ევროპულ სისტემაში.

წყარო: TSMU

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები