“ექიმის პროვოცირება პროფესიული საქმიანობის შესრულებისას რეგულაციის დარღვევის ან თუნდაც გადაცდომის ჩადენის მიზნით, სპეციალურად მივლენილი პირის გამოყენებით, სრულიად ამორალური და მიუღებელია.”

გააზიარე

„აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის გამოყოფა:

  1. აბსოლუტურად არასწორია ე.წ. „ფსიქოტროპული“ მედიკამენტების გამოწერის მოქმედი წესი. ექიმს უფლება აქვს, ასეთი პრეპარატი მხოლოდ ორი კვირის ვადით გამოწეროს, ხოლო შემდგომი რეცეპტის გაცემა მხოლოდ ყოველი ორი კვირის შემდეგაა შესაძლებელი. ამასთან, ყოველ ჯერზე პაციენტი ვალდებულია, პირადად გამოცხადდეს კონსულტაციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში რეცეპტის გამოწერა შეუძლებელია. იმავდროულად, იმ პაციენტთა უდიდესი უმრავლესობა, რომლებიც ამგვარ მედიკამენტებს საჭიროებენ, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან და აღნიშნულ პრეპარატებს თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში იღებენ. მათი დიდი ნაწილი ხანდაზმულია ან ფუნქციურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, რის გამოც მათთვის ექიმთან ყოველ ორ კვირაში გამოცხადება მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს.

  2. ასევე გაუგებარია, რატომ არის პრეპარატი გაბაპენტინი ფსიქოტროპული მედიკამენტების ჯგუფში შეტანილი, მაშინ როდესაც იგი წარმოადგენს ანტიკონვულსანტურ (ანტიეპილეფსიურ) საშუალებას, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიისა და ტკივილის ზოგიერთი ფორმის, მათ შორის ნეიროპათიული და ნევრალგიური ტკივილის სამკურნალოდ. მეტ-ნაკლებად მსგავსი ეფექტი აქვს სხვა ანტიკონვულსანტებსაც, მაგალითად, კარბამაზეპინს, ლამოტრიჯინსა და ვალპროის მჟავას, თუმცა ამ მედიკამენტების გამოწერისა და გაცემის წესი სრულიად განსხვავებულია.

გასაგებია სახელმწიფოს სურვილი, გარკვეული რეგულაცია დააწესოს ამგვარი მედიკამენტების გამოწერისა და გაცემის წესთან დაკავშირებით, რაც, თავისთავად, აუცილებელია. თუმცა ამჟამად მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული წესები მოუმზადებლად და არაკომპეტენტურად იქნა შემუშავებული და მიღებული, დარგის შესაბამისი ექსპერტების სათანადო მონაწილეობისა და პროფესიული განხილვის გარეშე. შედეგად, ეს რეგულაციები არა მხოლოდ ექიმების საქმიანობას ართულებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, აზიანებს პაციენტების ინტერესებს.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ის, რომ ექიმის პროვოცირება პროფესიული საქმიანობის შესრულებისას რეგულაციის დარღვევის ან თუნდაც გადაცდომის ჩადენის მიზნით, სპეციალურად მივლენილი პირის გამოყენებით, სრულიად ამორალური და მიუღებელია. უფრო მეტიც, ასეთი პრაქტიკა აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ ექიმი ყოველი პაციენტის ან მისი თანმხლები პირის მიმართ უნდობლობას განიცდის და მათში პოტენციურ „პროვოკატორს“ დაინახავს. ეს კი ხელს შეუშლის ექიმს პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში, რადგან სამედიცინო პრობლემაზე კონცენტრირების ნაცვლად, იგი იძულებული იქნება მუდმივად ფიქრობდეს, ხომ არ ცდილობს მის წინ მყოფი პირი მის პროვოცირებას. ექიმებში მსგავსი „თავდაცვითი“ ქცევის ჩამოყალიბება აუცილებლად უარყოფითად აისახება ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხზე და, საბოლოოდ, ისევ პაციენტების ინტერესებს დააზარალებს.

დაბოლოს, ექიმ-ნევროლოგ მაია კოხტაშვილს მრავალი წელია ვიცნობ, როგორც მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტსა და ღირსეულ ადამიანს. მისი მრავალწლიანი საქმიანობა და უამრავი მადლიერი პაციენტი ამ შეფასების საფუძველს მაძლევს. სწორედ ამიტომ, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მან არათუ დანაშაული ჩაიდინა, არამედ გადაუხვია საექიმო ეთიკის ან ზოგადად ადამიანური მორალის ნორმებს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევის შეფასება უნდა ეფუძნებოდეს საქმის სრულყოფილ, ობიექტურ და მიუკერძოებელ შესწავლას“, — ამბობს „მედსკრიპტუმთან“ ინტერვიუში ალექსანდრე ცისკარიძე — პროფესორი, ევროპის აკადემიის ნამდვილი წევრი, ევროპის ინსულტის ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, ევროპული ნევროლოგიური აკადემიის ინსულტის შემსწავლელი სამეცნიერო პანელის წევრი, საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ დირექტორთა საბჭოს წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, საქართველოს ნევროლოგთა კავშირის მმართველი საბჭოს წევრი.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები