მხედველობის დაკარგვის შეჩერება შესაძლებელი ხდება

გააზიარე

მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია, რომელიც აქამდე შეუქცევად პროცესად ითვლებოდა, შესაძლოა მალე მართვადი გახდეს. მეცნიერებმა შეიმუშავეს უნიკალური ღეროვანი უჯრედების იმპლანტი, რომელიც არა მხოლოდ დაავადების პროგრესს აჩერებს, არამედ დაზიანებულ სისხლძარღვებსაც აღადგენს. მიღწევა, რომელიც National Institutes of Health-ის (NIH) მეცნიერებს ეკუთვნით,  რადიკალურად ცვლის მკურნალობის სტრატეგიას და შესაძლებელს ხდის ბადურის დაზიანებული ნაწილების ჩანაცვლებას.

ხანდაზმულებში მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია. ის მსოფლიო მასშტაბით 300 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს და მნიშვნელოვნად ართულებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ პათოლოგიის დროს ბადურის ცენტრალურ უბანში, მაკულაში, ვითარდება ქრონიკული დეგენერაციული პროცესი, რაც აზიანებს სინათლის აღმქმელ უჯრედებსა (ფოტორეცეპტორებს) და სისხლძარღვებს (ქორიოკაპილარებს).

როგორ შეიქმნა იმპლანტი?

Journal of clinical investigation-ში გამოქვეყნებული კვლევა მიზნად ისახავდა დაავადების მიზეზის აღმოფხვრას. თუ პრობლემა ბადურის პიგმენტური ეპითელიუმის (RPE) უჯრედების კვდომაა, მაშინ საჭირო იყო მათი სრულად ჩანაცვლება. ამ ამბიციური ამოცანის გადასაჭრელად, მეცნიერებმა უჯრედული ინჟინერიის უახლეს მეთოდებს მიმართეს.

პროცესის საფუძველი ღეროვანი უჯრედებია (induced pluripotent stem cells – iPSCs). მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმიდან აღებული უჯრედები ლაბორატორიაში „გადააპროგრამეს“. შემდეგ ისინი, სპეციალური ქიმიური სიგნალების დახმარებით, გარდაქმნეს ბადურის პიგმენტური ეპითელიუმის (RPE) ფუნქციურ უჯრედებად, რომლებიც გადანერგვისთვის მოამზადეს.

თუმცა, უჯრედების ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელი იყო მათი ერთიან, სწორ ფენად ორგანიზება. ზუსტად ისე, როგორც ისინი ბუნებრივად არიან განლაგებული ორგანიზმში. ამისთვის მეცნიერებმა ახლად გაზრდილი უჯრედები დაალაგეს სპეციალურ ბიოდეგრადირებად პოლიმერის (PLGA) საფენზე, რომელიც გადანერგვის შემდეგ, დროთა განმავლობაში, გაიწოვება.

როგორ დამტკიცდა იმპლანტის ეფექტურობა?

ტექნოლოგიის შესამოწმებლად მეცნიერებმა პრეკლინიკური კვლევა ჩაატარეს ღორებზე, რადგან მათი თვალის აგებულება ადამიანის თვალის სტრუქტურას ემთხვევა. პირველ ეტაპზე, ლაზერის გამოყენებით მათ ბადურა დააზიანეს, რითაც დაავადების ზუსტი მოდელი შექმნეს. შედარებისთვის, ერთსა და იმავე თვალის სხვადასხვა უბანში განათავსეს ორი იმპლანტი, ერთი – ცოცხალი უჯრედებით, მეორე კი, უჯრედების გარეშე (ცარიელი საფენი).

მაღალტექნოლოგიური გამოსახულების შეფასებამ, რომელიც ღრმა სწავლებაზე დაფუძნებულ ალგორითმზე (OCT) ხორციელდებოდა, დაადასტურა ორი ფუნდამენტური აღმოჩენა:

  • იმპლანტმა ლაზერის დამაზიანებელი მოქმედებისგან სრულად დაიცვა სინათლის შემგრძნობი უჯრედები (ფოტორეცეპტორები) და შეაჩერა მათი დეგენერაცია, ხოლო საკონტროლო საფენის ქვეშ უჯრედების კვდომა პროგრესირებდა.
  • ყველაზე გასაოცარი შედეგი სისხლძარღვების აღდგენის მიმართულებით დაფიქსირდა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ იმპლანტმა ლაზერით დაზიანებული სისხლძარღვების (ქორიოკაპილარების) რეგენერაცია მოახდინა.

ამ აღმოჩენის მთავარი პრაქტიკული ღირებულება წარმოების მეთოდია. მეცნიერებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომლითაც ღეროვანი უჯრედების იმპლანტები სტერილურ და უსაფრთხო, ანუ კლინიკური გამოყენებისთვის ხელსაყრელ პირობებში იქმნება.

მეცნიერებმა ერთი ოპერაციით, ბადურის ქვეშ ორი (8მმ²), იმპლანტის თანმიმდევრულად განთავსება შეძლეს, რაც ბადურაზე არსებული ვრცელი და ფრაგმენტული დაზიანებების სრულად დაფარვის შესაძლებლობას იძლევა.

რა თქმა უნდა, ამ ტექნოლოგიას კლინიკურ პრაქტიკამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. საჭიროა მრავალეტაპიანი კვლევები ადამიანებზე, რომ მისი უსაფრთხოება დადასტურდეს. გარდა ამისა, გამოწვევად რჩება წარმოების სირთულე და მაღალი ღირებულება. ამ დაბრკოლებების მიუხედავად, კვლევის ფუნდამენტური მნიშვნელობა უცვლელია.

ეს აღმოჩენა არ არის მხოლოდ დაავადების პროგრესის შეჩერების დემონსტრირება.  ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დაკარგული სტრუქტურის აქტიური რეგენერაცია, რაც ამ ტექნოლოგიის უზარმაზარ თერაპიულ პოტენციალზე მიუთითებს.

 

წყარო: https://insight.jci.org/articles/view/179246

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები