ჰაერის დაბინძურება სუიციდისა და სუიციდური ფიქრების რისკს ზრდის — ახალი კვლევა

გააზიარე

ჟურნალ Journal of Epidemiology & Community Health-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის დამაბინძურებლების, განსაკუთრებით კი ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკებისა (PM2.5 და PM10) და აზოტის დიოქსიდის (NO2) ზემოქმედება დაკავშირებულია სუიციდისა და სუიციდური ფიქრების გაზრდილ რისკთან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად ყოველწლიურად 720 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება სუიციდით. მიუხედავად იმისა, რომ გარემო ფაქტორების გავლენა ისეთ ფსიქიკურ პრობლემებზე, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა, ფართოდ არის შესწავლილი, უშუალოდ სუიციდის რისკზე მათი ზემოქმედება აქამდე ნაკლებად იყო გამოკვლეული.

მტკიცებულებების გასამყარებლად, მეცნიერებმა 2010-დან 2024 წლამდე გამოქვეყნებული 45 კვლევის მონაცემთა გაერთიანებული ანალიზი (მეტა-ანალიზი) ჩაატარეს. შედეგებმა აჩვენა, რომ მყარ ნაწილაკებთან (PM2.5 და PM10) ხანმოკლე, ხოლო PM2.5-სა და აზოტის დიოქსიდთან (NO2) ხანგრძლივი კონტაქტი სტატისტიკურად მნიშვნელოვან კავშირშია სუიციდით სიკვდილიანობის, სუიციდის მცდელობისა და სუიციდური ფიქრების რისკთან.

რაც შეეხება ბიოლოგიურ მექანიზმს, მკვლევრები განმარტავენ, რომ ჰაერის დამაბინძურებლები ნევროლოგიურ დარღვევებს იწვევს. კერძოდ, ისინი ხელს უწყობს ქრონიკული ანთებითი პროცესებისა და ნერვული დაზიანებების განვითარებას, რაც აფერხებს თავის ტვინის ფუნქციონირებას და უარყოფითად მოქმედებს როგორც განწყობაზე, ისე სტრესისადმი მდგრადობაზე.

„ეს მიგნებები ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რაოდენ კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სუიციდის პრევენციის ძალისხმევაში გარემოს ზემოქმედების, როგორც მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორის, აღიარებას. ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკაში გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირებამ — სექტორთაშორისი თანამშრომლობის, დაბინძურების შემცირების სტრატეგიებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნობრივი ინტერვენციების მეშვეობით — შესაძლოა სასიცოცხლო როლი ითამაშოს სუიციდის რისკის შემცირებასა და მოსახლეობის საერთო ფსიქიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში“, — აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

მეცნიერები აცხადებენ, რომ არსებულ მტკიცებულებებს გარკვეული შეზღუდვებიც აქვს, მათ შორის ცალკეულ მაჩვენებლებზე ჩატარებული კვლევების სიმცირე და მეთოდოლოგიური განსხვავებები. მიუხედავად ამისა, ანალიზი ცხადყოფს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციულ სტრატეგიებში ეკოლოგიური ფაქტორების, განსაკუთრებით კი სუფთა ჰაერის მნიშვნელობის გათვალისწინება, აუცილებელი ნაბიჯია.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები