ახალი მტკიცებულება ეჭვქვეშ აყენებს კალციუმის დანამატების სარგებელს პრეეკლამფსიის პრევენციისთვის

გააზიარე

პრეეკლამფსია არის მულტისისტემური პათოლოგია, რომელიც გვხვდება ორსულთა 3%-8%-ში. იგი განისაზღვრება როგორც მაღალი არტერიული წნევა, რომელიც ხშირად ორსულობის 20 კვირის შემდგომ იჩენს თავს და დაკავშირებულია ორგანოთა დისფუნქციასთან, როგორიცაა: ნეფროპათია (თირკმლის დაზიანება), ჰეპატოპათია (ღვიძლის დაზიანება) და სხვა. ამჟამად, ამ დაავადების პროგრესირების შეჩერება მხოლოდ მშობიარობის ინდუქციით ან საკეისრო კვეთითაა შესაძლებელი.

ეს პათოლოგია უშუალოდ არის პასუხისმგებელი ყოველწლიურად დაახლოებით 42,000 დედათა სიკვდილსა და 500,000-ზე მეტ პერინატალურ სიკვდილზე (მკვდრადშობადობა ან ნეონატალური სიკვდილი), რაც აუცილებელს ხდის  ეფექტური გეგმის შემუშავებას მისი  პრევენციისთვის.

ამ კლინიკური პრობლემის გადასაჭრელად,  კოხრეინის (Cochrane) სისტემურ მიმოხილვაში შეფასდა 10 რანდომიზებული კონტროლირებადი ცდის (RCTs) მონაცემები. ანალიზში მონაწილეობდა 37,504 ორსული ქალი. კვლევის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა იმის დადგენა, შეუძლია თუ არა კალციუმის დანამატების რუტინულ მიღებას ორსულობის პერიოდში პრეეკლამფსიის განვითარების რისკის შემცირება ან პრევენცია.

ძველი ჰიპოთეზა ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ კალციუმის დანამატები ხელს უწყობდა სისხლძარღვთა ტონუსის შემცირებას (ვაზოდილატაციას), აუმჯობესებდა უჯრედულ სიგნალიზაციას და ამცირებდა საშვილოსნოს გაძლიერებულ შეკუმშვებს.

ადრეული მონაცემები: ობსერვაციული კვლევები მიანიშნებდნენ, რომ დაბალი კალციუმის შემცველი დიეტის მქონე პოპულაციებში პრეეკლამფსიის შემთხვევები უფრო მაღალი იყო. 1980-იან წლებში ჩატარებული მცირე რანდომიზებული კონტროლირებადი ცდები (RCTs) თავდაპირველად იმედისმომცემი ჩანდა.

უახლესი მტკიცებულება: უფრო მასშტაბურმა, მულტიცენტრულმა კვლევებმა ეს დამცავი ეფექტი ვერ დაადასტურა, რამაც არსებული კლინიკური რეკომენდაციები ეჭვქვეშ დააყენა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც (WHO) აქამდე ავრცელებდა რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც იმ ქალებს, რომელთა კვების რაციონში კალციუმის დაბალი შემცველობა იყო, დღეში 1.5-2 გრამი კალციუმი უნდა მიეღოთ.

მკვლევრებმა მონაცემთა ბაზები 2025 წლის იანვრამდე გადაამოწმეს და მიმოხილვაში მხოლოდ მაღალი მეთოდოლოგიური სანდოობის მქონე რანდომიზებული კონტროლირებადი ცდები (RCTs) შეიტანეს (კერძოდ, 2010 წლის შემდეგ დარეგისტრირებული და TRACT-ის კრიტერიუმებით შემოწმებული). ამ მკაცრი მიდგომის შედეგად, 2018 წლის მიმოხილვიდან ამოიღეს 20 კვლევა, კრიტერიუმების ცვლილებების, მეთოდოლოგიური ხარვეზების ან მიკერძოების მაღალი რისკის გამო.

ანალიზის მოცულობა:

კალციუმი vs. პლაცებო: 8 ცდა (15,504 ქალი).

დაბალი vs. მაღალი დოზა: 2 მასშტაბური ცდა (22,000 ქალი).

კალციუმი vs. პლაცებო:

პრეეკლამფსია: ფარდობითი რისკი (RR) იყო 0.92 (95% სანდოობის ინტერვალი (CI) 0.79−1.05). რადგან CI მოიცავს 1.0-ს (“ნულოვან ეფექტს”), ეს ნიშნავს, რომ მკურნალობას (ამ შემთხვევაში, კალციუმს) არ აქვს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა შედეგზე.

ნაადრევი მშობიარობა (<37 კვირა): RR 0.97 (0.85−1.11) – კალციუმის პრევენციული ეფექტი ნაადრევ მშობიარობაზე არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

მკვდრადშობადობა: RR 0.91 (საშუალო სანდოობა). მიუხედავად იმისა, რომ RR გვიჩვენებს რისკის შემცირებას, მონაცემების სანდოობა მხოლოდ საშუალოა. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა მეტი, უკეთესი ხარისხის კვლევა, რათა დადასტურდეს, რომ ეს 9%-იანი შემცირება რეალურია და არა შემთხვევითი.

იშვიათი შედეგები: დედათა სიკვდილიანობა (RR 0.33) და ნეონატალური სიკვდილიანობა (RR1.09) – ეს შედეგები იშვიათია, ამიტომ კვლევაში მათი დაფიქსირებული რიცხვი ძალიან მცირე იყო. როდესაც მონაცემები ძალიან მწირია, სტატისტიკური ანალიზი ნაკლებად სანდოა. მაგალითად, დედათა სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი, RR 0.33, შეიძლება მხოლოდ ერთმა ან ორმა შემთხვევამ გამოიწვია და არ იყოს განზოგადებადი.

დაბალი დოზა vs. მაღალი დოზა:

კალციუმის დოზის გაზრდისას არ დაფიქსირებულა დიდი განსხვავება არც პრეეკლამფსიის (RR 0.96) და არც პერინატალური სიკვდილიანობის (RR 1.02) შემთხვევაში. ეს რიცხვი მიუთითებს, რომ დოზის გაზრდას არ მოაქვს დამატებითი კლინიკურად მნიშვნელოვანი სარგებელი პრეეკლამფსიის პრევენციისთვის.

შესაბამისად, ეს მონაცემები ეჭვქვეშ აყენებს პრეეკლამფსიის რუტინული პრევენციის შესახებ არსებულ შეხედულებებს.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ პაციენტის კალციუმის საბაზისო დონე ან სხვა ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები გავლენას არ ახდენს პრევენციულ შედეგებზე. ამიტომ, ყურადღება სრულად უნდა მიემართოს უფრო ეფექტურ და მიზანმიმართულ ინტერვენციებზე:

მიზნობრივი პრევენცია: მაღალი რისკის ჯგუფში (მაგალითად, წინა პრეეკლამფსიის ისტორიით) დაბალდოზირებული ასპირინის დანიშვნასა და ჰიპერტენზიის მუდმივ, მკაცრ მონიტორინგზე.

ფუნდამენტური კვლევა: აქცენტი უნდა გაკეთდეს პრეეკლამფსიის სავარაუდო მიზეზების შესწავლასა და დაავადების დიაგნოსტიკაზე ორსულობის მე-12 კვირამდე, რაც ადრეული ჩარევის საშუალებას იძლევა.

გლობალური გავლენა 

WHO-ს გაიდლაინები: საჭირო ხდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გაიდლაინების გადახედვა კალციუმის რუტინულ გამოყენებასთან დაკავშირებით.

ინვესტიცია კვლევაში: უნდა გაიზარდოს ინვესტირება მრავალფეროვან პოპულაციაზე ჩატარებულ კვლევებში, რათა დადგინდეს პრეეკლამფსიის რეალური პრევენციის გზები.

პრეეკლამფსიის რეალური პრევენცია არის ერთადერთი გზა დედათა და პერინატალური სიკვდილიანობის შესამცირებლად.

წყარო: Cochrane



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები