საკვები დანამატები: მეცნიერება თუ მარკეტინგი?

გააზიარე

დიეტური დანამატები თანამედროვე ცხოვრების ნაწილად იქცა. C ვიტამინიდან დაწყებული მაგნიუმით, ფოლიუმის მჟავითა და მცენარეული ექსტრაქტებით დამთავრებული – საზოგადოებაში მტკიცე რწმენა არსებობს, რომ ეს პროდუქტები ჯანმრთელობის სასწაულებრივ გაუმჯობესებას გამოიწვევს. თუმცა, რამდენად გამყარებულია ეს აჟიოტაჟი მეცნიერებით? ახალი კლინიკური მიმოხილვის თანახმად, ჯანმრთელი ინდივიდების აბსოლუტური უმრავლესობა ყველა აუცილებელ ნუტრიენტს იღებს დაბალანსებული კვების რაციონიდან. დანამატების რეალური, არსებითი სარგებელი ვლინდება მხოლოდ კონკრეტული რისკ-ჯგუფების ან განსაზღვრული კლინიკური მდგომარეობების შემთხვევაში. ამის გააზრება მნიშნელოვანია, რადგან მილიონობით მომხმარებელი უამრავ თანხას ფლანგავს დანამატებზე, ხშირად შეცდომაში შემყვანი მარკეტინგის გამო. თავის მხრივ, ექიმებს ევალებათ გასცენ სწორი რეკომენდაციები, თავიდან აიცილონ არასაჭირო რისკები და დაეხმარონ პაციენტებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.

რა არის დიეტური დანამატი?

დიეტური დანამატები კლასიფიცირდება როგორც საკვები პროდუქტები, რომლებიც მიზნად ისახავს ყოველდღიური რაციონის გამდიდრებას ნუტრიენტებით ან სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. ისინი ხელმისაწვდომია კაფსულების, ფხვნილების ან ტაბლეტების ფორმით. მათ გავრცელებულ კატეგორიებში შედის ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები, ბოჭკოვანი ნივთიერებები და მცენარეული ექსტრაქტები. ხაზგასასმელია, რომ დანამატი არ არის მედიკამენტი, შესაბამისად დაუშვებელია, როცა მათ აღწერაში კონკრეტული დაავადების სამკურნალო ეფექტის შესახებ მცდარი მტკიცებულებაა. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ დანამატები ვერ ჩაანაცვლებს სრულად დაბალანსებულ კვებას.

მტკიცებულებები: არის თუ არა დანამატები სასარგებლო?

ჯანმრთელი ინდივიდების აბსოლუტური უმრავლესობისთვის დანამატების მიღება არ არის საჭირო. კვლევა ადასტურებს, რომ სრულფასოვანი, დაბალანსებული რაციონი ორგანიზმს სრულად აწვდის ყველა სასიცოცხლო ნუტრიენტს. ამიტომ, დეფიციტის არარსებობის პირობებში, დამატებითი ვიტამინები ან მინერალები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს.

თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, როცა დანამატების მიღება გამართლებულია. მაგალითად, ორსული ქალებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავის მიღება, რაც ნაყოფის განვითარების დეფექტების ეფექტურ პრევენციას უზრუნველყოფს. ასევე იმ პირებისთვის, რომელთაც დადასტურებულად აქვთ რომელიმე ვიტამინის დეფიციტი. ამის გათვალისწინებით, დანამატები უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მკაფიო კლინიკური საჭიროების არსებობის შემთხვევაში და არა მარკეტინგული გავლენის საფუძველზე.

ხარისხის მნიშვნელობა: როგორ ამოვიცნოთ კარგი დანამატი

დიეტური დანამატები ხელმისაწვდომია აფთიაქებში, სუპერმარკეტებსა და ონლაინ პლატფორმებზე. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ პროდუქტის ხარისხი დამოკიდებულია არა შესყიდვის ლოკაციაზე, არამედ წარმოების სტანდარტების სიმკაცრეზე. მიუხედავად ამისა, ტენდენცია აჩვენებს, რომ აფთიაქის პროდუქტები, როგორც წესი, გამოირჩევა უფრო ზუსტი ეტიკეტირებითა და შემოწმებული ნედლეულით. საპირისპიროდ, სუპერმარკეტის პროდუქტებში შესაძლოა იყოს ინგრედიენტების ცვალებადი კონცენტრაცია.

კარგი დანამატის შესარჩევად საჭიროა:

ეტიკეტის დეტალური ანალიზი: შეამოწმეთ ყველა ნუტრიენტი, ქიმიური ფორმა (მაგალითად, მაგნიუმის ციტრატი) და ზუსტი რაოდენობა დოზაზე (amounts per dose).

მწარმოებლის იდენტიფიცირება: მოძებნეთ სერიული ნომრები და მწარმოებლის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

დოზირების კონტროლი: თავი აარიდეთ მაღალდოზიან ან მრავალინგრედიენტიან პროდუქტებს, თუ ისინი არ არის დანიშნული კლინიცისტის მიერ.

სტანდარტების დაცვა: ენდეთ მხოლოდ იმ პროდუქტებს, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის რეესტრში ოფიციალურად დამტკიცებული ჯანმრთელობის შესახებ განაცხადები.

როგორ იცავს რეგულაციები მომხმარებლებს?

ევროკავშირის ნუტრიენტებისა და ჯანმრთელობის შესახებ განაცხადების რეგულაცია (No. 1924/2006) აწესებს უმკაცრეს სტანდარტებს ბაზარზე. ეტიკეტირებაზე დასაშვებია მხოლოდ ის განაცხადები, რომლებმაც გაიარა ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) დეტალური შემოწმება და ევროკომისიის ოფიციალური ავტორიზაცია. აუცილებელია, რომ ეს განაცხადები იყოს მკაფიო, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სრულიად გამორიცხავდეს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. ამასთან, დანამატების მწარმოებლებს კატეგორიულად ეკრძალებათ იმის მტკიცება, რომ რომელიმე დაავადების განკურნება შეუძლიათ. ეს რეგულაციური სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცვას ცრუ დაპირებებისა და მცდარი მარკეტინგული გზავნილებისგან.

წყარო: Medscape

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები