წარმოიდგინეთ, რომ მანქანით მიდიხართ.
თქვენ წინ მძღოლი სიჩქარის ლიმიტზე ოდნავ ნელა მოძრაობს.
თუ არსად გეჩქარებათ, ალბათ დიდად არც გაწუხებთ. შეიძლება მუსიკას უსმენთ, ფანჯრიდან იყურებით და რამდენიმე წუთის შემდეგ საერთოდ დაგავიწყდეთ, რომ წინ ვიღაც 80 კმ/სთ-ის ნაცვლად 70 კმ/სთ-ით მოძრაობს.
ახლა წარმოვიდგინოთ ზუსტად იგივე გზა, იგივე მანქანა და იგივე მძღოლი, ერთი პატარა განსხვავებით: მნიშვნელოვან შეხვედრაზე აგვიანებთ.
უცებ ყველაფერი იცვლება.
რამდენიმე წუთის წინ სრულიად უცნობი ადამიანი თანდათან თქვენს პირად მტრად იქცევა. საჭეს უფრო მაგრად უჭერთ ხელს, გული სწრაფად გიცემთ, კუნთები გეჭიმებათ და შეიძლება ისიც აღმოაჩინოთ, რომ საკმაოდ მდიდარი ლექსიკური მარაგი გქონიათ.
დიახ, თქვენ გაბრაზდით!
ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ჩემთვის ისაა, რომ წინ მიმავალ მძღოლს არაფერი შეუცვლია. იგივე ადამიანია, იგივე მანქანით და იმავე სიჩქარით მოძრაობს.
შეიცვალეთ თქვენ.
უფრო სწორად, შეიცვალა კონტექსტი და მასთან ერთად ის მნიშვნელობაც, რომელიც თქვენს ტვინში ამ მანქანამ შეიძინა.
რატომ შეუძლია ერთსა და იმავე მოვლენას ერთ დღეს საერთოდ არ გაგვაღიზიანოს, მეორე დღეს კი მოთმინება დაგვაკარგვინოს?
და კიდევ უფრო საინტერესო კითხვა: როდესაც უკვე გავბრაზდით, რამდენად შეგვიძლია ვენდოთ საკუთარ აზრებს?
როცა ბრაზი ძალიან საჭირო იყო
ბრაზს ცუდი რეპუტაცია აქვს.
ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ არ უნდა გავბრაზდეთ, არ უნდა ვიყვიროთ, არ უნდა დავკარგოთ კონტროლი. გაბრაზებული ადამიანის აღწერისას კი ხშირად ისეთ სიტყვებს ვიყენებთ, რომლებიც მიანიშნებს, რომ რაღაც გაფუჭდა.
“თავი დაკარგა.”
“ჭკუიდან გადავიდა.”
“ვეღარ აზროვნებს.”
აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ ირევა ერთმანეთში: ბრაზი და ის, რასაც გაბრაზებულები ვაკეთებთ. ბრაზი ემოციაა, აგრესია კი ქცევა!
შეიძლება ძალიან გაბრაზდეთ და არავის უყვიროთ. შეიძლება გაბრაზებამ მშვიდად ნათქვამი “არა” გათქმევინოთ ან უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედების მოტივაცია მოგცეთ.
ბრაზი საკმაოდ ძველი და სასარგებლო მექანიზმების ნაწილია. ის ხშირად ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენს მიზანს რაღაც აბრკოლებს, საფრთხეს ვხედავთ ან უსამართლობას ვაწყდებით.
ამ მხრივ ბრაზი შიშისგან საინტერესო რამით განსხვავდება. შიში ხშირად საფრთხისგან დაშორებისკენ გვიბიძგებს, ბრაზი კი ხშირად პირიქით, პრობლემასთან მიახლოებისა და მოქმედებისკენ.
“რაღაც ისე არ არის. იმოქმედე.”
ჩვენი შორეული წინაპრისთვის ეს შეიძლება ნიშნავდა რესურსის დაცვას ან რეალურ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებას.
საქმე რთულდება მაშინ, როდესაც ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე ინტერნეტში დაწერილი კომენტარია.
ერთი და იგივე მოვლენა, ორი სრულიად განსხვავებული რეაქცია
დავუბრუნდეთ ნელა მოძრავ მანქანას.
რატომ არ გვაბრაზებს ის ყოველთვის?
იმიტომ, რომ ტვინი მხოლოდ იმას არ აფიქსირებს, რა ხდება. ის მუდმივად აფასებს, რას ნიშნავს ეს მოვლენა ჩვენთვის.
თუ კვირა დღეა, არსად გეჩქარებათ და კარგ მუსიკას უსმენთ, წინ მიმავალი მანქანა უბრალოდ მანქანაა.
თუ ათ წუთში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ, იგივე მანქანა უკვე თქვენსა და მიზანს შორის აღმოჩენილი დაბრკოლებაა.
კონტექსტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ ერთი ახალი ინფორმაციაც საკმარისია ემოციის შესაცვლელად.
წარმოიდგინეთ, ქუჩაში ვიღაც ძლიერად გეჯახებათ.
პირველი აზრია:
“რა უზრდელია!”
შემდეგ ხედავთ, რომ ამ ადამიანს თვითონაც ვიღაც დაეჯახა და უბრალოდ წონასწორობა დაკარგა.
მხარი ისევ ისე გტკივათ. ფიზიკურად არაფერი შეცვლილა. შეიცვალა მომხდარის ახსნა და ბრაზიც შეიძლება თითქმის მაშინვე შესუსტდეს.
ამიტომ ბრაზი მხოლოდ პასუხი არ არის კითხვაზე “რა მოხდა?”
ის ძალიან არის დამოკიდებული მეორე კითხვაზეც:
“რატომ მოხდა?”
როცა ტვინი ამბავს თვითონ წერს
პრობლემა ისაა, რომ ამ კითხვაზე პასუხი ყოველთვის არ ვიცით.
ვიღაც არ გვპასუხობს, მძღოლი გზას არ გვითმობს, თანამშრომელი საუბარს გვაწყვეტინებს, ადამიანი რიგში წინ გვიდგება.
და მაინც, ახსნა ძალიან სწრაფად ჩნდება:
“სპეციალურად გააკეთა.”
“არ მცემს პატივს.”
“ჩემს გაღიზიანებას ცდილობს.”
ზოგჯერ ეს ახსნა შეიძლება სწორი იყოს. ზოგჯერ კი ადამიანმა უბრალოდ ვერ შეგვამჩნია, ყურადღება გაეფანტა ან საერთოდ არ იცის, რომ ამ წამს ჩვენს თავში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი მიიღო.
ფსიქოლოგიაში არსებობს ე.წ. მტრული ატრიბუციის ტენდენცია: ორაზროვან სიტუაციაში სხვის ქცევას მტრული განზრახვა მივაწეროთ. ბრაზი კი ასეთ ინტერპრეტაციებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
აქ საინტერესო წრე შეიძლება შეიქმნას.
ვფიქრობთ, რომ ადამიანმა რაღაც სპეციალურად გააკეთა, ამაზე ვბრაზდებით, ბრაზის მდგომარეობაში კი მისი ქცევის მტრულად აღქმა კიდევ უფრო მარტივი ხდება.
ჩვენს თავში შექმნილი ამბავი ნელ-ნელა ფაქტივით გამოიყურება.
რა ხდება ტვინში?
აქ ძალიან მარტივი ისტორიის მოყოლა შეიძლება:
ამიგდალა ჩაირთო, რაციონალური ტვინი გამოირთო და ამიტომ ადამიანი სისულელეებს აკეთებს.
ეს პოპულარული ახსნაა. უბრალოდ, ტვინი ასე მარტივად არ მუშაობს. ბრაზის ერთი კონკრეტული “ღილაკი” ან “ცენტრი” არ არსებობს. პროცესში ერთმანეთთან დაკავშირებული მრავალი სისტემა მონაწილეობს, მათ შორის ამიგდალა, ინსულა, წინა ცინგულარული და პრეფრონტალური ქერქის უბნები.
ისინი მონაწილეობს იმის შეფასებაში, თუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, სად არის საფრთხე ან დაბრკოლება, როგორია ჩვენი სხეულის მდგომარეობა და როგორ უნდა ვუპასუხოთ სიტუაციას.
ამასობაში იცვლება სხეულიც. ავტონომიური ნერვული სისტემა ორგანიზმს მოქმედებისთვის ამზადებს. შეიძლება გულისცემა გახშირდეს, სუნთქვა შეიცვალოს და კუნთები დაიძაბოს.
ამიტომ ბრაზი მხოლოდ აზრი არ არის. ის მთელი ორგანიზმის მდგომარეობაა.
ჩემთვის კი ყველაზე საინტერესო შემდეგ იწყება — როგორ ვაზროვნებთ ამ მდგომარეობაში?
რატომ გვგონია გაბრაზებულებს, რომ მართლები ვართ?
კამათისას ერთი უცნაური რამ ხდება: რაც უფრო მეტად ვბრაზდებით, მით უფრო აშკარა შეიძლება გვეჩვენებოდეს ყველაფერი.
მე მართალი ვარ!
ის არასწორია!
მისი განზრახვაც გასაგებია!
ამ დროს ყურადღება შეიძლება უფრო მეტად მიეჯაჭვოს სწორედ იმას, რამაც გაგვაბრაზა. კვლევებში ბრაზი დაკავშირებულია ბრაზთან შესაბამის ინფორმაციაზე ყურადღების გადახრასთან და იმპულსურობასთან.
წარმოიდგინეთ კამათი, რომელშიც მეორე ადამიანმა ათი რამ გითხრათ. ცხრა სრულიად გონივრული იყო. მეათე კი უსამართლოდ მოგეჩვენათ.
ხუთი წუთის შემდეგ რომელი გახსოვთ ყველაზე კარგად?
დიდი ალბათობით სწორედ მეათე.
ამას ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებული მაგალითიც კარგად ერგება. როცა სტატიას აქვეყნებ, შეიძლება ათობით კარგი კომენტარი მიიღო და შემდეგ გამოჩნდეს ერთი ადამიანი, რომელიც რაღაცას განსაკუთრებით უსამართლოდ ან აგრესიულად წერს.
თეორიულად ათობით დადებითი კომენტარი უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. პრაქტიკაში კი შეიძლება სწორედ იმ ერთ კომენტარზე დაიწყო ფიქრი.
“ეს რატომ დაწერა?”
“საიდან მოიტანა?”
და რამდენიმე წუთში აღმოჩნდე მდგომარეობაში, რომელშიც იმ ადამიანის პასუხზე უფრო მეტ ენერგიას ხარჯავ, ვიდრე ყველა დანარჩენ კომენტარზე ერთად.
ძლიერი ემოცია ყურადღების პრიორიტეტებს ცვლის…
ეს არ ნიშნავს, რომ გაბრაზებული ადამიანი აზროვნების უნარს კარგავს. აზროვნება გრძელდება, უბრალოდ იცვლება ის, რას ვაქცევთ ყურადღებას, როგორ ვაფასებთ ინფორმაციას და რა გვგონია იმ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი.
“ეს რატომ ვუთხარი?”
ალბათ, თითქმის ყველას ჰქონია ასეთი მომენტი. კამათობთ, მეორე ადამიანი რაღაცას ამბობს და თქვენ პასუხობთ.
იმ წამს შესანიშნავი პასუხი გგონიათ.
ხუთი წუთის შემდეგ კი ფიქრობთ:
“ეს რატომ ვუთხარი?”
ბრაზი მოქმედებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ემოციაა და ძლიერ ბრაზს შეიძლება ახლდეს იმპულსური რეაქციის შეკავების გაძნელებაც.
თანამედროვე სამყაროში ამას ერთი საინტერესო პრობლემა ემატება.
ჩვენს შორეულ წინაპარს გაბრაზების ობიექტამდე ზოგჯერ ფიზიკურად მაინც უნდა მიეღწია.
ჩვენ ასეთი პრობლემა აღარ გვაქვს.
გაბრაზდით?
ტელეფონი უკვე ხელში გაქვთ.
შეგიძლიათ ორ წამში მისწეროთ ადამიანს, კომენტარი დაუწეროთ ან პოსტი გამოაქვეყნოთ.
ჩვენი ემოციური სისტემა ძველია, მის განკარგულებაში არსებული ტექნოლოგია კი ძალიან ახალი.
ალბათ, კაცობრიობის ისტორიაში არასდროს ყოფილა ასე მარტივი ბრაზის პირველი იმპულსის რამდენიმე წამში საჯარო ჩანაწერად ქცევა.
ამიტომ ზოგჯერ თვითკონტროლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტექნოლოგიური ინსტრუმენტი საოცრად მარტივია:
ჯერ არ დააჭიროთ “გაგზავნას”.
როცა ყველაფერი გვაღიზიანებს
არის დღეები, როდესაც თითქოს მთელი სამყარო შეთანხმდა, რომ ნერვები მოგიშალოთ.
ინტერნეტი ნელია, ლიფტი ყველა სართულზე ჩერდება, ვიღაც წინ ძალიან ნელა დადის, ტელეფონი რეკავს, ისევ რეკავს და შემდეგ სრულიად უწყინარ კითხვას გისვამენ:
“რა გჭირს?”
აი, აქ უკვე ნამდვილად გეშლებათ ნერვები.
სხვა დღეს ამ მოვლენებიდან არც ერთი შეიძლება განსაკუთრებულად გამაღიზიანებელი არ იყოს.
ემოციები ვაკუუმში არ ჩნდება. ჩვენი საწყისი მდგომარეობაც მნიშვნელოვანია.
მაგალითად, ძილის ნაკლებობასა და ემოციურ რეაქციებს შორის კავშირი ექსპერიმენტულ კვლევებშიც ჩანს: არასაკმარისი ძილი უარყოფით განწყობას აძლიერებს და ემოციების რეგულირებას ართულებს.
ზოგჯერ ადამიანი, რომელზეც საბოლოოდ ვფეთქდებით, უბრალოდ რიგში ბოლო აღმოჩნდა.
მანამდე ცხრა პატარა რამ მოხდა.
მეათემ კი ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო.
ამიტომ ზოგჯერ კითხვა “რატომ გამაბრაზა ამ ადამიანმა?” ბოლომდე სწორი არც არის.
შეიძლება უკეთესი კითხვა იყოს:
“რატომ გამაბრაზა ამ ადამიანმა ასე ძალიან დღეს?”
და მაინც, რისთვის გვჭირდება ბრაზი?
ბრაზს შეუძლია ყურადღება პრობლემაზე ზედმეტად მოგვაჯაჭვოს, სხვის განზრახვებში უფრო ადვილად დაგვანახოს მტრობა და იმპულსური გადაწყვეტილებაც მიგვაღებინოს.
რატომ შემოგვრჩა ასეთი ემოცია?
იმიტომ, რომ ბრაზი მხოლოდ ეს არ არის.
ის პრობლემაზე მიგვითითებს და მოქმედებისთვის გვამზადებს. შეიძლება საკუთარი საზღვრების დაცვაში დაგვეხმაროს, უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედების მოტივაცია მოგვცეს ან გვაიძულოს, შევცვალოთ სიტუაცია, რომელსაც სხვაგვარად შევეგუებოდით.
ამიტომ ბრაზის წარმოდგენა მხოლოდ მტრად, რომლის დამარცხებაც გვჭირდება, ალბათ ზედმეტად მარტივი იქნებოდა.
მე უფრო სიგნალიზაციას შევადარებდი. თუ სახლში კვამლის დეტექტორი ჩაირთო, მისი იგნორირება კარგი იდეა არ არის. რაღაცამ სიგნალი გამოიწვია და უნდა გავარკვიოთ, რა ხდება.
მეორე მხრივ, სიგნალიზაციის ხმა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სახლი ნამდვილად იწვის. შეიძლება სამზარეულოში უბრალოდ პური დაგეწვათ.
ბრაზიც დაახლოებით ასე მუშაობს. ის გვეუბნება:
“ყურადღება. აქ რაღაც მნიშვნელოვანია.”
შემდეგ კი ყველაზე საინტერესო ნაწილი იწყება.
მართლა უსამართლოდ მოგვექცნენ?
ვიღაცამ ჩვენი საზღვარი დაარღვია?
ჩვენს მიზანს რეალური დაბრკოლება შეექმნა?
თუ უბრალოდ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის გვაგვიანდება და ადამიანი, რომელიც ჩვენ წინ 70 კმ/სთ-ით მოძრაობს, შემთხვევით აღმოჩნდა ჩვენი ბრაზის სამიზნე?
ბრაზის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ხანდახან გვესტუმრება. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც სიგნალს საბოლოო პასუხად ვიღებთ.
ბრაზი შეიძლება საკმაოდ კარგად გვეუბნებოდეს, რომ რაღაცას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ის ყოველთვის ისეთივე კარგად ვერ გვეუბნება, რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ.
ამ გადაწყვეტილების მიღება ისევ ჩვენ გვრჩება…

