მოკლე ვიდეოების უსასრულო ყურება ADHD-ის მქონე პირებში დროის აღქმის დარღვევასა და ემოციურ სტრესს ამძაფრებს

გააზიარე

თანამედროვე კვლევები სულ უფრო ხშირად მიუთითებს კავშირზე ალგორითმზე დაფუძნებული მოკლე ვიდეოკონტენტის (SFV, როგორიცაა TikTok, Instagram Reels და YouTube Shorts) გადაჭარბებულ მოხმარებასა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესებას შორის. მოკლე ფორმატის ვიდეოების პლატფორმები მომხმარებელთა ყურადღების ხანგრძლივი შენარჩუნებისთვის სპეციალურ ტაქტიკას იყენებენ: ალგორითმულად გენერირებულ არხში ვიდეოები ერთმანეთის მიყოლებით, ავტომატურად იტვირთება, რაც შინაარსის უსასრულო ციკლს ქმნის.

გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TU Graz) მკვლევრებმა შეისწავლეს, თუ როგორ მოქმედებს ვიდეოების რეკომენდაციის მექანიზმები ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე პირებზე, რომლებსაც ისედაც აღენიშნებათ ისეთი აღმასრულებელი ფუნქციების სირთულეები, როგორიცაა: იმპულსების კონტროლი, დროის მართვა და თვითრეგულაცია.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ელისაბედ ლექსი, ამ მოვლენას „ჩართულობის ხაფანგს“ (Engagement Trap) უწოდებს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ალგორითმი მომხმარებლის ყურადღებას იმდენად ეფექტურად იპყრობს, რომ პლატფორმის გამოყენების შეგნებულად შეწყვეტა რთულდება. ავტორთა განმარტებით, ამ დროს რეკომენდებული ვიდეოები მომხმარებლის ინტერესებს ზუსტად ერგება, რის გამოც ადამიანებს უჭირთ საკუთარი ქცევის გააზრებული კონტროლი და იმის განსაზღვრა, როდის უნდა შეწყვიტონ ყურება და გადადონ ტელეფონი.

302 მონაწილეზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ADHD-ის მქონე პირები ხშირად ეკრანთან იმაზე დიდხანს რჩებოდნენ, ვიდრე თავდაპირველად გეგმავდნენ და უჭირდათ მოკლე ფორმატის ვიდეოების ყურების შეწყვეტა. ამასთან, უარყოფითი გამოცდილება აპლიკაციის დახურვის შემდეგაც გრძელდებოდა — მონაწილეები ხშირად აღნიშნავდნენ სინანულისა და დანაშაულის განცდას, განწყობის გაუარესებას და მიიჩნევდნენ, რომ დროს ამაოდ კარგავდნენ, სანამ მნიშვნელოვანი საქმეები გადადებული რჩებოდა.

არსებული ვითარების ფონზე, TU Graz-ის მკვლევრები მოკლე ფორმატის ვიდეოების პლატფორმებს ისეთი დიზაინის შექმნისკენ მოუწოდებენ, რომელიც ნეირომრავალფეროვნებას გაითვალისწინებს. მათი აზრით, ეს ნიშნავს მხოლოდ ჩართულობის გაზრდაზე ორიენტირებული მიდგომიდან ადამიანზე ორიენტირებულ დიზაინზე გადასვლას, რომელიც მომხმარებელს დროის აღქმასა და საკუთარი ქცევის შეგნებულ კონტროლში დაეხმარება. კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეები დაინტერესებულნი იყვნენ დამხმარე ფუნქციებით, მაგალითად, თითო სესიაზე ვიდეოების მაქსიმალური რაოდენობის დაწესებით ან ეკრანზე დროის უწყვეტი ვიზუალური ინდიკატორის განთავსებით.

ეს სამეცნიერო მიგნებები ემთხვევა გლობალურ სამართლებრივ და პოლიტიკურ პროცესებს. აშშ-ში 2026 წლის მარტში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Meta და Google გულგრილობაში ცნო დამნაშავედ და ზიანის ანაზღაურება დააკისრა, ხოლო TikTok-მა და Snapchat-მა მოსარჩელესთან შეთანხმებას სასამართლოს გარეშე მიაღწიეს. ევროკომისიამ 2026 წლის თებერვალში TikTok-ის, ხოლო ივლისში Instagram-ისა და Facebook-ის მიმართ ციფრული სერვისების აქტის (DSA) შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნა.

საკითხი ეხება ე.წ. „დამოკიდებულების გამომწვევ“ დიზაინს, მათ შორის უსასრულო სქროლვას, ავტომატურ დაკვრას (autoplay), Push-შეტყობინებებსა და პერსონალიზებულ რეკომენდაციებს, ასევე ამ მექანიზმების სავარაუდო გავლენას ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით არასრულწლოვნებსა და მოწყვლად ზრდასრულებში.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები