ჯანმომ ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილ პირველ ანტიმალარიულ მედიკამენტს და სამ ახალ სადიაგნოსტიკო ტესტს პრეკვალიფიკაცია მიანიჭა

გააზიარე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პრეკვალიფიკაციის სერტიფიკატი მიანიჭა შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Novartis-ის მიერ სპეციალურად 2-დან 5 კილოგრამამდე წონის ახალშობილებისა და ჩვილი ბავშვებისთვის შექმნილ პირველ ანტიმალარიულ მედიკამენტ Coartem® Baby-ს (არტემეთერ-ლუმეფანტრინი). დღემდე მალარიით დაავადებულ ჩვილებს მკურნალობდნენ უფროსი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მედიკამენტებით, რაც ზრდიდა ინტოქსიკაციისა და გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

პრეკვალიფიკაციის პროგრამა (PQP) ჯანმოს ინიციატივაა, რომელიც ახორციელებს სამედიცინო პროდუქციის, მათ შორის სადიაგნოსტიკო საშუალებების, მედიკამენტებისა და ვაქცინების პრეკვალიფიკაციას (სერტიფიცირებას) სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. აღნიშნული პროცესის მიზანია პროდუქციის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურება. პრეკვალიფიკაციის შედეგებს, მათ შორის პრეკვალიფიცირებულ პროდუქტთა ნუსხებს, იყენებენ გაერო და სხვა შესყიდვების განმახორციელებელი სააგენტოები საჯარო სექტორის დაფინანსებისა და სამედიცინო შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილებათა მიღებისას. Novartis გეგმავს, ახალი მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახადოს მალარიის ენდემურ რეგიონებში ყოველწლიურად დაბადებული დაახლოებით 30 მილიონი ბავშვისთვის.

გარდა ამისა, 2026 წლის 14 აპრილს ჯანმომ პრეკვალიფიკაცია მიანიჭა სამ ახალ სწრაფ სადიაგნოსტიკო ტესტს (RDT), რომლებიც მალარიის დიაგნოსტიკის თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა. ყველაზე გავრცელებული P. falciparum პარაზიტის სწრაფი ტესტები ცილა HRP2-ის აღმოჩენაზე იყო დაფუძნებული. თუმცა 46 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მალარიის გამომწვევი პარაზიტის ზოგიერთმა შტამმა დაკარგა გენი, რომელიც ამ ცილას აწარმოებდა — შესაბამისად, ისინი „უხილავი“ გახდნენ HRP2-ზე დაფუძნებული ტესტებისთვის, რაც ცრუ-უარყოფითი პასუხების მიღების მიზეზი ხდებოდა. „აფრიკის რქის“ ქვეყნებში (ეთიოპია, სომალი, ჯიბუტი და ერიტრეა) შემთხვევათა 80%-მდე სათანადოდ ვერ ვლინდებოდა, რასაც თან ახლდა დაგვიანებული მკურნალობა და ხშირ შემთხვევაში პაციენტის გარდაცვალება. ახალი ტესტები ამ პრობლემას სხვა ცილის (pf-LDH) დეტექციით აგვარებს, რომლის დაკარგვაც პარაზიტს არ შეუძლია. ჯანმო რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, სწრაფად გადავიდნენ ახალ ალტერნატიულ ტესტებზე.

„საუკუნეების განმავლობაში მალარია მშობლებს შვილებს ართმევდა, ქვეყნებს კი — ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და იმედს. თუმცა დღეს ვითარება იცვლება. ახალი ვაქცინები, სადიაგნოსტიკო ტესტები, დამცავი ბადეები და ეფექტური მედიკამენტები — მათ შორის ყველაზე პატარებზე მორგებული საშუალებები — გვეხმარება პროცესების სასიკეთოდ შემობრუნებაში. მალარიის დასრულება აღარ არის ოცნება — ეს რეალური შესაძლებლობაა, თუმცა აღნიშნულის მიღწევა მხოლოდ მტკიცე პოლიტიკური ნებისა და ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაშია შესაძლებელი“ — განაცხადა დოქტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

მალარიის 2025 წლის მსოფლიო ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს დაფიქსირდა დაავადების დაახლოებით 282 მილიონი შემთხვევა და 610,000 გარდაცვალება, რაც 2023 წელთან შედარებით მატების ტენდენციაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ 47 ქვეყანა უკვე აღიარებულია მალარიისგან თავისუფალ სახელმწიფოდ, ხოლო 37 ქვეყანაში 2024 წელს 1000-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა, გლობალურ დონეზე ელიმინაციის პროგრესი შენელებულია. მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშაა ისეთი გამოწვევების გამო, როგორიცაა მედიკამენტებისა და ინსექტიციდების მიმართ რეზისტენტობა, დიაგნოსტიკური ხარვეზები და საერთაშორისო დახმარების მკვეთრი შემცირება. მალარიას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ორსულებზეც. ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად დაავადება 10,000-მდე დედის გარდაცვალებას, 200,000 მკვდრადშობადობას და 550,000-მდე წონანაკლული ახალშობილის დაბადებას იწვევს.

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, მალარიასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი ფიქსირდება: 2000 წლიდან დღემდე, თავიდან იქნა აცილებული ინფიცირების დაახლოებით 2.3 მილიარდი შემთხვევა და გადარჩენილია 14 მილიონი ადამიანის სიცოცხლე. ამჟამად მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამებს აფრიკის 25 ქვეყანა ახორციელებს, რაც მილიონობით ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის წინაპირობაა. აღნიშნული შედეგები მკაფიოდ ადასტურებს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომლის მიღწევაც შესაძლებელია საერთაშორისო პარტნიორობის, ინოვაციების დანერგვისა და მალარიის ელიმინაციისკენ მიმართული ერთიანი სტრატეგიის პირობებში.

წყარო:novartis.com

      www.who.int

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები