ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) ტრადიციულად უყურადღებობასთან, იმპულსურობასა და კონცენტრაციის სირთულეებთან ასოცირდება. თუმცა, ზრდასრულებში ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ეს მდგომარეობა ბევრად მეტ კოგნიტურ და მოტორულ (მოძრაობით) სიმპტომს მოიცავს. გამოცემა International Journal of Neuropsychopharmacology-ში გამოქვეყნებული შედეგები ცხადყოფს, რომ მედიკამენტების ეფექტიანობა უშუალოდ სიმპტომების სიმძიმეზეა დამოკიდებული, რაც პერსონალიზებული სამედიცინო მიდგომების შემუშავების საჭიროებას აჩენს.
მიუხედავად იმისა, რომ ADHD ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს აღენიშნება, ბავშვებთან შედარებით ამ მიმართულებით კვლევები საკმაოდ მწირია. ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევრის, მაურიციო კუნდარის თქმით, ზრდასრულ ასაკში დიაგნოზების რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, ჩნდება იმ სიმპტომების სიღრმისეული შესწავლის აუცილებლობაც, რომლებიც აქამდე პირდაპირ არ უკავშირდებოდა ამ სინდრომს. მისი აზრით, ADHD მხოლოდ ყურადღების პრობლემა არ არის და ის ტვინის მრავალ ფუნქციაზე ახდენს გავლენას.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს მედიკამენტებზე მყოფი, წამლის გარეშე მყოფი და სინდრომის არმქონე ზრდასრულები. მთავარმა ანალიზმა აჩვენა, რომ მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა ჯგუფებს შორის მკვეთრ სხვაობას არ იძლევა. რეალური სურათი სიმპტომების სიმძიმის (მსუბუქი, საშუალო, მძიმე) მიხედვით დაყოფისას გამოჩნდა — რაც უფრო მძიმეა ფორმა, მით უფრო გამოხატულია კოგნიტური და მოტორული დარღვევები. შესაბამისად, დიაგნოსტირება და მკურნალობა მომავალში ე.წ. „პრეციზიულ მედიცინას“ (სიზუსტეზე ორიენტირებულ მიდგომას) უნდა დაეფუძნოს.
რა იგულისხმება ამ სიმპტომებში? კვლევის თანახმად, მოტორული ასპექტები მოიცავს მოძრაობის კოორდინაციას, მოტორულ სისწრაფესა და წვრილ მოტორიკას. რაც შეეხება კოგნიტურ ნაწილს, ის აერთიანებს სივრცით აღქმას (რაც კლინიკურ პრაქტიკაში ხშირად ავიწყდებათ), ინფორმაციის დამუშავების სისწრაფეს, რეაქციის დროს, მუშა მეხსიერებას, მულტითასქინგსა და იმპულსების კონტროლს. ეს ნიშნავს, რომ სინდრომი ადამიანის ყოველდღიური და პროფესიული ცხოვრების თითქმის ყველა დეტალს ეხება.
საბოლოო ჯამში, კვლევა ამტკიცებს, რომ ზრდასრულთა ADHD ბევრად უფრო რთული სტრუქტურისაა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. მკვლევარები ჯანდაცვის სექტორს მოუწოდებენ, მკურნალობის დაგეგმვისას დაეყრდნონ გაზომვად ნეიროკოგნიტურ კრიტერიუმებს და შეიმუშაონ მკაცრად ინდივიდუალური მიდგომები. ამასთან, ხაზგასმულია ხანგრძლივი დაკვირვებების, მედიკამენტების დოზირების გადახედვისა და ისეთი ალტერნატიული ჩარევების აუცილებლობა, როგორიცაა ფიზიკური ვარჯიში და ცხოვრების წესის შეცვლა.
წყარო: Academic.oup.com

