აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. ღონისძიება, სახელწოდებით „მეცნიერება: ახალი ოქროს ხანა“, ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა და მას თეთრი სახლი ამერიკული მეცნიერების „ოქროს ხანის“ დაწყებად აფასებს.
ღონისძიების ფარგლებში, Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, ინოვაციების, კოსმოსური კვლევებისა და ტექნოლოგიური მიღწევებისთვის მეცნიერების ეროვნული მედალი გადაეცა. ტრამპის თქმით, ეს ჯილდოები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ინოვაციების კუთხით ლიდერობის შენარჩუნებაში ეხმარებიან.
„ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკული საოცრებებისა და ტექნოლოგიური მიღწევების ეპოქაში. ამ ბრწყინვალე ადამიანების დახმარებით, ჩვენ ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე ვიქნებით. თქვენ ისტორიაში, როგორც დიადი ადამიანები, ისე შეხვალთ“, — განაცხადა ტრამპმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ილონ მასკის გარდა, მეცნიერების ეროვნული მედალი ასევე გადაეცათ:
-
სერგეი ბრინს — Google-ის თანადამფუძნებელს;
-
ჯენსენ ჰუანგს — Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორს;
-
ლიზა სუს — AMD-ის აღმასრულებელ დირექტორს.
გარდა ამისა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეროვნული მედალი მიიღეს სატია ნადელამ (Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი) და მაიკლ დელმა (Dell-ის დამფუძნებელი).
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმიგრაციის მნიშვნელობას ამერიკის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაში. როგორც Nvidia-ს დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა აღნიშნა, ის ამერიკაში ემიგრანტის სტატუსით ჩავიდა ამერიკული ოცნების ასასრულებლად და ეს ჯილდო მისთვის განსაკუთრებული პატივია.
დაჯილდოების პარალელურად, თეთრმა სახლმა ახალი სამეცნიერო ინიციატივებიც დააანონსა. ამერიკის წამყვანმა ხელოვნური ინტელექტის კომპანიებმა 2.4 მილიარდი დოლარის ღირებულების რესურსები გამოყვეს ფედერალური სააგენტოებისთვის, რომლებიც კვანტური ალგორითმების, ფიზიკური ლაბორატორიებისა და ბირთვული ინჟინერიის მიმართულებით მუშაობენ. ასევე, დაანონსდა NASA-სა და ენერგეტიკის დეპარტამენტის ახალი პარტნიორობა, რომელიც კოსმოსის კვლევაში ბირთვული ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს.
წყარო: NBC

