ინფექციური სნეულებები – გლობალური ევოლუცია და ლოკალური გამოწვევები

გააზიარე

დღეს, როდესაც ინფექციური სნეულებები გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ექიმი-ინფექციონისტი ეკატერინე ჩაკვეტაძე სწორედ ის პროფესიონალია, რომელიც ათწლეულებია საფრანგეთში მოღვაწეობს და საკუთარ ცოდნასა და მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას სამშობლოს უზიარებს.

ამ ინტერვიუში ის პარიზში გატარებულ წლებზე, დასავლური სამედიცინო სკოლის სპეციფიკაზე, საერთაშორისო ორგანიზაცია GIMPHA-ს როლსა და მისიაზე გვესაუბრება. რაც ყველაზე მთავარია, ეკატერინე ჩაკვეტაძე კლინიკური აზროვნების იმ უნიკალურ მეთოდს გვაცნობს, რომელიც სამედიცინო პრაქტიკას უფრო ზუსტს, სისტემურსა და პაციენტისთვის უსაფრთხოს ხდის.

— ქალბატონო ეკატერინე, გვიამბეთ თქვენი პარიზული თავგადასავლის შესახებ: როგორ დაიწყო ყველაფერი და ის მთავარი ეტაპებიც გაიხსენეთ, რომლებმაც თქვენი კარიერული განვითარება განაპირობა?

საფრანგეთში 2002 წლის მიწურულს ჩამოვედი, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის საელჩოს სტიპენდია მოვიპოვე რეზიდენტურის პარიზში გავლის მიზნით. ნოემბერში, აკადემიური სემესტრის დაწყებისთანავე, მუშაობას შევუდექი ტენონის საავადმყოფოს (Hôpital Tenon) ინფექციურ სნეულებათა განყოფილებაში. აღნიშნულ დეპარტამენტს პროფესორი ვილი როზენბაუმი ხელმძღვანელობდა – გამორჩეული კლინიცისტი და აივ-ინფექციის (HIV) ერთ-ერთი თანააღმომჩენი. სწორედ მან აიღო ბიოფსია იმ ლიმფური კვანძიდან, რომელშიც მოგვიანებით ვირუსი აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი, ჯილდო მხოლოდ ვირუსოლოგებს გადაეცათ. საინტერესოა ისტორიული დეტალიც: პროფესორ როზენბაუმს ქართული ფესვები ჰქონდა (დედა საქართველოდან იყო), რამაც, ვფიქრობ, გარკვეული როლი ითამაშა ჩემი კანდიდატურით მის დაინტერესებაში, თუმცა საწყის ეტაპზე მუშაობა მხოლოდ მეთვალყურის სტატუსით დავიწყე.

ეს იყო პერიოდი, როდესაც დასავლურ სამედიცინო სტანდარტებთან ჩემი ინტეგრაცია დაიწყო. პროცესში გავაცნობიერე, რომ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შორის საკმაოდ დიდი „დისტანცია“ არსებობდა. საქართველოდან მიღებულ ბაზასა და ევროპულ სასწავლო სისტემას შორის არსებული სხვაობის დაძლევა ჩემთვის რთული გამოწვევა აღმოჩნდა. თუმცა, კეთილგანწყობილმა გარემომ და მაღალმა პროფესიულმა მოტივაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ადაპტაციაში.

ჩემი კარიერული გზა ლოგიკურად და თანამიმდევრულად განვითარდა. მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენდა ის, რომ მუდამ ექიმის ან რეზიდენტის სტატუსით ვმუშაობდი, რაც საშუალებას მაძლევდა, მთელი რესურსი მხოლოდ პროფესიული ზრდისკენ მიმემართა. საბოლოოდ, ეს გზა ჩემთვის უაღრესად ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა.

— რა იყო ის გამოწვევები, რომელიც კარიერული განვითარების გზაზე შეგხვდათ?

პირველი და უმთავრესი, რა თქმა უნდა, ენის ბარიერი იყო. ფრანგულის სწავლა გვიან, 20 წლის ასაკში დავიწყე, 24 წლის კი უკვე საფრანგეთში აღმოვჩნდი. მეორე, არანაკლებ რთული გამოწვევა მედიცინის ხელახალი შესწავლა იყო. საქართველოში მხოლოდ ექვსწლიანი თეორიული კურსი მქონდა გავლილი და რეზიდენტურის დაწყებისთანავე პარიზში წამოვედი, რის გამოც ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, კლინიკური უნარების ათვისებაც მიხდებოდა.

ვცდილობდი, ეს პროცესი ისე მემართა, რომ გარშემომყოფებს ჩემი სირთულეები არ შეემჩნიათ. უცხო ქვეყანაში, სრულიად განსხვავებულ გარემოსა და კულტურაში ინტეგრაცია, თანაც უცხო ენაზე კოლეგებთან პროფესიული კონკურენცია, დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. მიმაჩნია, რომ ეს ბუნებრივი პროცესია – თითოეულ ქვეყანას თავისი სტანდარტები აქვს, რომელთა დაკმაყოფილების გარეშეც უცხოელი სპეციალისტის კვალიფიკაციის აღიარება შეუძლებელია.

გარდა პროფესიული მხარისა, თავიდან მარტოობის შეგრძნებაც მქონდა, რადგან ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერას მოკლებული ვიყავი. თუმცა, ყველაზე დიდ გამოწვევად მაინც უწყვეტი და ინტენსიური სწავლის საჭიროებას დავასახელებდი.

— როგორ აისახა პარიზის კულტურული და აკადემიური მრავალფეროვნება თქვენს მიდგომაზე მედიცინასა თუ სწავლებაში?

პიროვნულ ზრდასთან ერთად, საფრანგეთში ცხოვრება უდიდესი პროფესიული გამოცდილება აღმოჩნდა. კულტურული შოკი არ განმიცდია, ვინაიდან ჩვენს იდენტობაში არის ის ევროპული ნაწილი, რომელიც საერთო ღირებულებებში მკაფიოდ იგრძნობა. მართალია, ხშირად საუბრობენ უცხოელების მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზე, თუმცა პირადად მე მსგავსი ბარიერი არ შემქმნია. დასავლეთში აღმოსავლეთ ევროპის კულტურას კარგად იცნობენ და დიდ პატივს სცემენ.

პარიზმა სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანებთან ურთიერთობისა და ახალი სოციალური კავშირების დამყარების უნიკალური შესაძლებლობა მომცა. 2000-იანი წლების დასაწყისში თავისუფლად მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან ზიარება თავისთავად დიდი თავგადასავალი იყო.

დღეს უკვე მიჭირს ორ სისტემას შორის არსებულ განსხვავებებზე საუბარი, რადგან პროფესიულად სწორედ აქ ჩამოვყალიბდი. საქართველოში პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობას არ ვეწეოდი. სწორედ საფრანგეთში ვისწავლე მუშაობის ეთიკა, კოლეგებთან ურთიერთობა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომები. ამიტომ განსხვავებაზე საუბარი ჩემთვის რთული იქნება.

— თქვენ მიერ საფრანგეთში გავლილი გზის გათვალისწინებით, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია და ხედვა, როდესაც თანამოაზრეებთან ერთად GIMPHA დააფუძნეთ?

მთავარი იდეა, ალბათ, უფრო ემოციურ დონეზე ჩაისახა. ერთმანეთი ათიოდე წლის წინ გავიცანით, როდესაც უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები ბათუმში დაგვპატიჟეს. იმ პერიოდში სახელმწიფოს მიზანი ემიგრაციაში მყოფი მედიკოსების ქვეყანაში მოზიდვა და დაბრუნება იყო. GIMPHA-ს შემთხვევაში კი გადამწყვეტი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ჩვენ, ევროპაში მოღვაწე კოლეგებმა, ერთმანეთი ვიპოვეთ.

ყველას ერთი საერთო განცდა გვაერთიანებდა: ჩვენ, ვინც წლების წინ დავტოვეთ სამშობლო, პრაქტიკულად გაწყვეტილი გვქონდა კავშირი საქართველოს სამედიცინო საზოგადოებასთან. პროფესიულ დონეზე ეს დიდი დანაკლისია, როდესაც არ იცი, რა ხდება შენს ქვეყანაში, არ იცნობ კოლეგებს და ვერც იმ დაგროვილ გამოცდილებას უზიარებ თანამემამულეებს, რასაც დასავლეთში იძენ.

სწორედ ამ საერთო სურვილმა გააერთიანა მოტივირებული ადამიანები. ასე ჩაეყარა საფუძველი ასოციაცია GIMPHA-ს, რომლის თანადამფუძნებლები ალექსი ბაიდოშვილი, ზაზა ქაცარავა და მე გახლავართ. ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც კავშირების აღდგენის საფუძველი გახდებოდა და მოგვცემდა შესაძლებლობას, ჩვენი ცოდნა სამშობლოს საკეთილდღეოდ გამოგვეყენებინა.

— GIMPHA აქტიურად ზრუნავს სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს განვითარებაზე. როგორ არჩევთ კონფერენციების თემებს, განსაკუთრებით თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით ინფექციური დაავადებების მიმართულებით?

კონფერენციის თემატიკას GIMPHA-ს გუნდი ერთობლივად განსაზღვრავს. თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებლობას საკუთარი დარგის მიმართულებით იღებს: მაგალითად, ონკოლოგიის სექციას ალექსი ბაიდოშვილი ხელმძღვანელობს, ნევროლოგიას ზაზა ქაცარავა, ნევროლოგიისა და პედიატრიის მიმართულებით მაია ჩიკვილაძე აქტიურობს. ჩვენს რიგებს მუდმივად ემატებიან ახალი კოლეგები, განსაკუთრებით გერმანიიდან, რომლებიც კარდიოქირურგიისა და ნეიროქირურგიის აქტუალურ საკითხებს ფარავენ.

რაც შეეხება ჩემს სპეციალობას, ინფექციურ და შინაგან სნეულებებს, აქ პრიორიტეტები ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად იცვლება. პანდემიამ ნათლად აჩვენა, რომ გარკვეულ ეტაპზე კონკრეტული ეპიდემია ხდება გლობალური საფრთხე. 90-იან წლებში ეს აივ-ინფექცია იყო, მოგვიანებით კი ვირუსული ჰეპატიტები, რომლებიც დღეს უკვე მართვად პათოლოგიებად მიიჩნევა.

ინფექციური სნეულებების სიღრმისეულად შესწავლისას ჩემი ყურადღება ანტიმიკრობულმა რეზისტენტობამ მიიპყრო. ჯერ კიდევ ათი წლის წინ, ჩვენს პირველ კონფერენციაზე, ჩემი მოხსენების მთავარი თემა სწორედ ბაქტერიული რეზისტენტობა და მასთან ბრძოლის სტრატეგიები იყო. მეამაყება, რომ დღეს ამ პრობლემის კრიტიკულ მნიშვნელობას მთელი მსოფლიო აღიარებს. „კოვიდმა“ დაგვანახვა ვირუსული საფრთხეების არაპროგნოზირებადი ბუნება, თუმცა ბაქტერიული რეზისტენტობა რჩება მუდმივ გამოწვევად, ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის, სადაც ანტიბიოტიკები შესაძლოა უეფექტო აღმოჩნდეს.

სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს ჩემს მთავარ პროფესიულ ფოკუსს, რომელსაც სხვადასხვა ჭრილში ყოველწლიურად განვიხილავთ კოლეგებთან ერთად.

— რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობთ სპიკერების შერჩევისას?

სპიკერების შერჩევისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ როგორც მათ მაღალ კვალიფიკაციას, ისე პროფესიულ ერთგულებას. მეამაყება, რომ ჩემ მიერ მოწვეული სპეციალისტები GIMPHA-ს მიმართ განსაკუთრებული ლოიალობით გამოირჩევიან. ათი წელია, რაც კონფერენცია საქართველოში ყოველწლიურად ტარდება და ამ დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა სპიკერთა მყარი ბირთვი. მაგალითად, ჩემი კოლეგა და განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი სილვან დიამანტისი, უკვე ათი წელია უცვლელად მონაწილეობს ჩვენს შეხვედრებში.

ვცდილობ, ყოველ წელს ახალი სახეებიც შემოვიყვანო, რათა ჩვენი პროფესიული წრე და საერთაშორისო კავშირები გაფართოვდეს. თუმცა, ფრანგი კოლეგების მრავალწლიანი ერთგულება ნამდვილად დასაფასებელია. ამან შეუწყო ხელი აუდიტორიასთან ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას. მსმენელებისთვის სპიკერები ნაცნობი სახეები არიან, რაც დებატებსა და დისკუსიებს უფრო თავისუფალსა და პროდუქტიულს ხდის. აღსანიშნავია, რომ აუდიტორიის დაახლოებით 40% მუდმივი მსმენელია. ამან მყარი ადამიანური ურთიერთობები და კოლაბორაციული პლატფორმები წარმოშვა, რაც ჩემთვის ძალიან ღირებულია.

სპიკერების შერჩევისას მთავარი ორიენტირი საერთაშორისო დონის აღიარებაა. მაგალითად, ორი წლის განმავლობაში ჩვენი სტუმარი იყო პროფესორი ტრისტან ფერი, ოსტეოარტიკულური ინფექციების ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ევროპაში. წელს კი გვესტუმრა პროფესორი პიერ ტატვანი, რომელიც გულის სარქვლოვანი ინფექციების, კერძოდ, ინფექციური ენდოკარდიტის მიმართულებით ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტად მიიჩნევა. ასეთი რანგის პროფესორების ჩართულობა ხაზს უსვამს ჩვენი კონფერენციის მაღალ აკადემიურ სტანდარტს და სასიხარულოა, რომ ისინი თავადვე გამოთქვამენ მომავალში დაბრუნების სურვილს.

— რას თვლით GIMPHA-ს მთავარ მიღწევად?

ასოციაციის უმთავრესი წარმატება მისი ევოლუციაა: ჩვენი ისტორია სამი-ოთხი ადამიანით დაიწყო, დღეს კი ორგანიზაცია რამდენიმე ათეულ აქტიურ წევრს აერთიანებს. ესენი არიან როგორც ევროპაში, ისე საქართველოში მოღვაწე მაღალკვალიფიციური ქართველი ექიმები. ჩვენი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა GIMPHA-ს მდგრადობისა და ავტორიტეტის დასტურია.

მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი წევრების მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტებია. მინდა ხაზი გავუსვა ალექსი ბაიდოშვილის განსაკუთრებულ როლს საქართველოში ონკოლოგიური სკრინინგის თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში. ასევე, აღსანიშნავია ზაზა ქაცარავას ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში პირველი თრომბოლიზის პროექტი განხორციელდა. ჩვენი აქტიური მონაწილეობით იქმნება ნოვატორული სამედიცინო სერვისები, რაც ათასობით ადამიანის ცხოვრებას ცვლის, რადგან დროული დიაგნოსტიკა და კვალიფიციური დახმარება ხელმისაწვდომი ხდება.

GIMPHA-ს წევრები ახორციელებენ კონკრეტულ და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ პრაქტიკულ ჯანდაცვაშიც. ყოველივე ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს: ჩვენმა მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს იმ პროფესიონალების შრომის შედეგი, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და ენერგიას უანგაროდ ახმარენ სამშობლოს.

— დარწმუნებული ვარ, ნოზოკომიური ინფექციების შესახებ ხშირად გიწევთ საუბარი, მაგრამ თქვენი აზრით, რა ასპექტი რჩება ამ პრობლემის განხილვისას ყველაზე უყურადღებოდ? რა კითხვის დასმაა საჭირო, სანამ უშუალოდ გადაჭრის გზებზე ვისაუბრებთ?

ნოზოკომიური ინფექციების იზოლირებულად განხილვა შეუძლებელია, რადგან ის ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე მიდგომა ეყრდნობა „ერთიანი ჯანმრთელობის“ (One Health) კონცეფციას, რაც გულისხმობს ადამიანის, ცხოველთა სამყაროსა და გარემოს ჯანმრთელობის მჭიდრო ურთიერთკავშირს. შეუძლებელია ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვა სოფლის მეურნეობასა თუ ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინების გარეშე.

ნოზოკომიური ინფექცია განისაზღვრება, როგორც პათოლოგია, რომელიც ვლინდება ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათის შემდეგ. ჩნდება კითხვა: რა არის ინფიცირების წყარო? კონტამინაცია შეიძლება მოხდეს გარემო ზედაპირებიდან, სამედიცინო ინსტრუმენტებიდან, ჰაერიდან, საკვებიდან ან თავად პერსონალისგან. გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის ორგანიზმში უჯრედებზე მეტი ბაქტერია ბინადრობს, რის გამოც მედიკამენტების არასწორი გამოყენება ამ მიკროფლორას საფრთხეს უქმნის. მაგალითად, თუ საყოფაცხოვრებო პირობებში რეზისტენტული სტაფილოკოკის გავრცელება 5%-ია, კლინიკურ გარემოში ეს მაჩვენებელი 30%-მდე იზრდება, ვინაიდან რეზისტენტული შტამები მაღალი კონტაგიოზურობით გამოირჩევიან.

ინფექციის წყაროები ორგვარია: ეგზოგენური და ენდოგენური. ეგზოგენურ ფაქტორებთან ბრძოლა მკაცრი ჰიგიენური ნორმებისა და დეზინფექციის წესების დაცვითაა შესაძლებელი. ენდოგენური წყარო კი თავად ადამიანია, რომელიც შესაძლოა პათოგენის უსიმპტომო მტარებელი იყოს. მაგალითად, ინტუბირებულ პაციენტებში ასპირაციული პნევმონია ხშირად საკუთარი პირის ღრუს მიკროფლორით ვითარდება. რაც შეეხება კათეტერ-ასოცირებულ ინფექციებს, ისინი ხშირად პერსონალის მიერ ასეპტიკის წესების დარღვევის ან უსიმპტომო მტარებლობის შედეგია.

ამ ბრძოლაში უმთავრეს ასპექტად ზუსტი სტატისტიკა და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა მიმაჩნია. ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვა არ უნდა ატარებდეს სადამსჯელო ხასიათს. კლინიკა, რომელიც გამჭვირვალედ აქვეყნებს მონაცემებს, არ უნდა აღიქმებოდეს „ცუდ“ დაწესებულებად; პირიქით – დამალული სტატისტიკა აფერხებს პრევენციული ღონისძიებების ეფექტურ დაგეგმვას.

ჩემთვის ამ პროცესში პრიორიტეტული სწორედ რეზისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაა, რაზეც ათზე მეტი წელია ვსაუბრობ.

— თქვენი გადმოსახედიდან, სტანდარტული პროტოკოლების გარდა, რა მიდგომებს შეუძლია ეფექტურად გაუმკლავდეს ამ ინფექციებს ისეთ გარემოში, სადაც რესურსები შეზღუდულია?

რეზისტენტულ შტამებთან ბრძოლა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: საზოგადოებრივსა და პროფესიულს. საზოგადოებრივი სტრატეგია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ეფუძნება. საფრანგეთში განხორციელდა მასშტაბური კამპანია სლოგანით: „L’antibiotique n’est pas automatique” (ანტიბიოტიკი არ არის ავტომატური არჩევანი). ამ გზავნილმა იმდენად შეცვალა საზოგადოებრივი განწყობა, რომ დღეს პაციენტები მედიკამენტის დანიშვნას აღარ მოითხოვენ. მაგალითად, ანგინის შემთხვევათა 80% ვირუსული წარმოშობისაა და ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს. საქართველოში კი, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ანტიბიოტიკის ურეცეპტოდ გაცემა აკრძალულია, თვითმკურნალობის პრაქტიკა მაინც მაღალია. როცა პაციენტი მედიკამენტს ახლობლის რჩევით იღებს, ექიმს უჭირს კლინიკური პროცესის მართვა. ინფორმირებულობა უმთავრესი გამოწვევაა – თუ საზოგადოება არ გააცნობიერებს საფრთხეს, მხოლოდ ექიმის ძალისხმევა საკმარისი ვერ იქნება.

პროფესიული მიმართულება ანტიბიოტიკების რაციონალურ გამოყენებას გულისხმობს. საფრანგეთის კლინიკებში მოქმედებს ე.წ. მობილური გუნდების მოდელი. ეს გუნდები ზედამხედველობას უწევენ ანტიბიოტიკოთერაპიის პროცესს ყველა დეპარტამენტში. ვინაიდან საავადმყოფოებს საკუთარი აფთიაქები აქვთ, მედიკამენტების მოხმარება სრულად კონტროლირებადია. აფთიაქმა ზუსტად იცის, რომელ განყოფილებაში რა ტიპის პრეპარატი გაიცა. მნიშვნელოვანია არა მკაცრი კონტროლი, არამედ კოლაბორაციული მიდგომა: კლინიკური განყოფილებები თავად მიმართავენ ინფექციონისტთა მობილურ ჯგუფებს ბაქტერიული კულტურის იდენტიფიცირებისა და ოპტიმალური მკურნალობის სქემის შესარჩევად. კვლევებით დადასტურებულია, რომ რაც უფრო მიზანმიმართულად და ვიწრო სპექტრის პრეპარატებით ვმკურნალობთ, მით უფრო იკლებს რეზისტენტობის დონე.

პანდემიამ დაგვანახვა, რომ ინფექციური სნეულებები უმწვავესი გლობალური პრობლემაა. „კოვიდის“ დროს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ხშირად არა მხოლოდ უშუალოდ ვირუსით, არამედ ინვაზიური მანიპულაციების (მაგ. ინტუბაციის) დროს შეძენილი რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციებით იყო განპირობებული. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ საკითხის კრიტიკულ მნიშვნელობას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება.

— როგორ შეიძლება საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებამ ხელი შეუწყოს განვითარებად რეგიონებში არსებული ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებას?

როგორც კლინიცისტს, ამ საკითხზე გლობალური ხედვა მაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და ევროკავშირი ყველა ქვეყნისგან მოითხოვს ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობასა და ზუსტ აღწერას. პარალელურად, პოზიტიური ძვრები შეინიშნება მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების აკრედიტაციისა და სტანდარტიზაციის კუთხით. ლაბორატორიული კვლევის ვალიდურობა და სანდოობა გადამწყვეტია, შესაბამისად, ხარისხის კონტროლის გამკაცრება აუცილებელი პროცესია. ივნისში, თბილისში გამართულ კონფერენციაზე პირადად დავრწმუნდი, თუ რამდენად ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ სტანდარტების დასანერგად.

ჩემი მხრიდან პრიორიტეტულ მიმართულებად კლინიცისტი ექიმების გადამზადებასა და უწყვეტ პროფესიულ განათლებას მივიჩნევ. უკვე რამდენიმე წელია, საფრანგეთის მთავრობისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, რეგულარულად ვაორგანიზებ ფრანგი კოლეგების ვიზიტებს საქართველოში. ჩემი მიზანია სპიკერების სტაბილური შემადგენლობის შენარჩუნება, რათა მათ ქართველ კოლეგებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილება და კლინიკური აზროვნების დასავლური მოდელი გაუზიარონ.

სამედიცინო სფეროში მხოლოდ თეორიული ბაზა არ არის საკმარისი, ცოდნა პრაქტიკაში უნდა გარდაისახოს და კლინიკურ ინტუიციაში „შეისისხლხორცდეს“. სწორედ ამიტომ, ჩემს უმთავრეს მისიად მეცნიერული მიღწევებისა და პრაქტიკული უნარების სინთეზის გაზიარებას ვისახავ, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც ახლა იწყებს პროფესიულ საქმიანობას და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომავალს ქმნის.

— მომავალში განვითარებად ქვეყნებში ინფექციების კონტროლთან დაკავშირებით, რის მიღწევას ისურვებდით და რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ამისთვის?

ჩემი უმთავრესი სურვილია, ქვეყანაში არსებობდეს ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაფიო და გამჭვირვალე სურათი, როგორც ეროვნულ და რეგიონულ, ისე თითოეული კლინიკის დონეზე. საფრანგეთში ჩვენ გვაქვს წვდომა დეტალურ სტატისტიკაზე და ზუსტად ვიცით, როგორია მიკრობიოლოგიური პროფილი თუ რეზისტენტობის მაჩვენებლები ჩვენს საავადმყოფოში. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ინფექციური სნეულებების მართვა, სხვა დარგებისგან განსხვავებით, პირდაპირაა დამოკიდებული ადგილობრივ მონაცემებზე.

მაგალითად, კარდიოლოგიაში ამერიკული თუ ევროპული გაიდლაინები უნივერსალურია, რადგან გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების ფიზიოლოგია იდენტურია ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში. ინფექციურ სნეულებებში კი ვითარება რადიკალურად განსხვავებულია: პათოგენების გავრცელება და მათი მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ ლოკალური ფენომენია.

შესაბამისად, ჩემი მიზანია, საქართველოში შეიქმნას ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგის გამართული ეროვნული სისტემა. ზუსტი სტატისტიკური მონაცემები მოგვცემს საშუალებას, შევიმუშაოთ საკუთარი, ვალიდური კლინიკური პროტოკოლები. დღეს სხვისი გაიდლაინების პირდაპირი კოპირება არაეფექტურია და, პრაქტიკულად, შეუძლებელიც. მხოლოდ საკუთარ ეპიდემიოლოგიურ სურათზე დაყრდნობით შევძლებთ ჩამოვაყალიბოთ ბრძოლის ერთიანი, ეროვნული სტრატეგია, რაც ამ დარგის განვითარების ერთადერთი სწორი გზაა.

— რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ ასევე აქტიურად ხართ ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში. თქვენი სწავლების ინოვაციური სტილი, განსაკუთრებით კი ის სქემები, რომლებიც ნახატებს მოგაგონებთ, ძალიან დიდ ინტერესს იწვევს როგორც სტუდენტებში, ასევე თქვენს კოლეგებში. შეგიძლიათ გვიამბოთ ამ მეთოდის შესახებ?

„მეთოდი“ შესაძლოა ხმამაღალი ნათქვამია, ეს უფრო კლინიკური აზროვნების ჩემეული მოდელია, რომელზეც ყურადღება ჩემმა რეზიდენტებმა გაამახვილეს. ეს არა უბრალო ნახატი, არამედ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების იერარქიული სტრუქტურაა.

პედაგოგიურმა გამოცდილებამ დამანახვა, რომ თანამედროვე დასავლურ მედიცინაში დიაგნოზის დასმა, იშვიათი პათოლოგიების გარდა, უდიდეს სირთულეს აღარ წარმოადგენს. ტექნოლოგიური პროგრესი და კვლევების ხელმისაწვდომობა ამ პროცესს აადვილებს. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, პაციენტისთვის ყველაზე დიდი ზიანის მიყენება სწორედ დეტალების უგულებელყოფითაა შესაძლებელი. ფატალური შედეგი ხშირად დიაგნოსტიკური შეცდომით კი არა, მცირე, თითქოსდა უმნიშვნელო ნიუანსების გამორჩენით დგება, იქნება ეს ჰემოგლობინის დინამიკის უყურადღებოდ დატოვება, არასრული ანამნეზი თუ მედიკამენტური შეუთავსებლობა.

მაგალითისთვის, შემიძლია მოვიყვანო შემთხვევა, როდესაც პაციენტი მეტფორმინის ფონზე განვითარებული ლაქტატ-აციდოზით დაიღუპა. პაციენტი კლინიკაში მაღალი ცხელებით შემოვიდა, თუმცა მედიკამენტის მიღება არ შეუწყვიტეს. ჰიპერთერმიამ და დეჰიდრატაციამ გამოიწვია მდგომარეობა, რომელმაც ფატალური შედეგი განაპირობა. ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რამდენად კრიტიკულია თითოეული დეტალის გათვალისწინება.

ამიტომ, ჩემი მიდგომა დაფუძნებულია „კლინიკურ სიზუსტეზე“. რეზიდენტებს ვასწავლი, რომ ანამნეზის შეკრების შემდეგ, დიაგნოსტიკურ ჰიპოთეზებამდე ყველა ლაბორატორიული თუ კლინიკური ანომალია სტრუქტურირებულად ჩამოწერონ. შენ უნდა აღნუსხო ყოველი სიმპტომი და მედიკამენტი, შემდეგ კი თითოეულ ჰიპოთეზას მიუსადაგო ბიოლოგიური ცვლილებები. მხოლოდ ამის შემდეგ განისაზღვრება შემდგომი კვლევების გეგმა ჰიპოთეზის დასადასტურებლად ან უარსაყოფად. ვიზუალიზაცია ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. თუ პაციენტი შემოდის ტკივილით გულმკერდის არეში, ცხელებითა და ლაბორატორიული ცვლილებებით, მე ამ ყველაფერს სქემატურად ვხაზავ. ასეთი სტრუქტურირება აზროვნებას აწესრიგებს და გვიცავს შეცდომებისგან. მაგალითად, არასდროს ვხურავ პაციენტის ელექტრონულ დოსიეს, სანამ არ დავრწმუნდები, რომ სასიცოცხლო პარამეტრები: წნევა, ტემპერატურა, სატურაცია სრულყოფილადაა შეტანილი. ეს არის ავტომატური ფილტრები, რომლებითაც ექიმი თავს იცავს.

ამ მიდგომის მიმართ საკმაოდ პრინციპული ვარ, რადგან ის ეხმარება რეზიდენტებს, თავი დააღწიონ ისტორიის „რომანივით“ მოყოლას და მკაცრად სტრუქტურირებულ აზროვნებაზე გადავიდნენ. ადრე, როდესაც ქაღალდის დოსიეებზე ვმუშაობდით, ჩემს ჩანაწერებს ნახატებითა და სქემებით ცნობდნენ. დღეს, ციფრულ ეპოქაშიც, იმავე პრინციპს ვიყენებ. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, როდესაც სხვა განყოფილებებში ვხვდები დოსიეებს და მათი სტილით მაშინვე ვხვდები – ეს ჩემი რეზიდენტის ნამუშევარია.

— როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს მეთოდი რეზიდენტებში მოწონებას იმსახურებს, შეგიძლიათ თუ არა რაიმე კონკრეტული მაგალითი გაიხსენოთ?

ერთმა შემთხვევამ განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება. საფრანგეთში რეზიდენტები სტაჟირების ადგილებს თავად ირჩევენ და ხშირად არჩევანის გაკეთებამდე წინამორბედებს რჩევას ეკითხებიან. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ახალგაზრდა კოლეგამ მითხრა, რომ ჩემი მიმართულება სწორედ აზროვნების სტრუქტურირების იმ უნიკალური მოდელის გამო აირჩია, რომელზეც სხვებისგან სმენოდა. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს: სტრუქტურა ვერ ჩაანაცვლებს ფუნდამენტურ ცოდნას. ის უბრალოდ გვეხმარება, რომ ეს ცოდნა სისტემურად გამოვიყენოთ. ჩემი მიზანია ვაჩვენო, რომ კლინიკურ პრაქტიკაში ობსესიური სიზუსტე ხშირად გადამწყვეტია პაციენტის სწორად მართვისთვის.

ამასთანავე, ჩემი დაკვირვებით, ეფექტური გუნდი სხვადასხვა ტიპის პროფესიონალებისგან უნდა შედგებოდეს. საჭიროა როგორც დეტალებზე ორიენტირებული, ისე პრაგმატული ხედვის მქონე კოლეგები, რომლებიც სიტუაციას უფრო ფართო ჭრილში აღიქვამენ. გუნდური მუშაობის არსი სწორედ ურთიერთპატივისცემასა და განსხვავებული აზრის მიღებაში მდგომარეობს. ყოველ დილით გვაქვს სამუშაო შეხვედრები, სადაც პაციენტთა ისტორიებს განვიხილავთ. სწორედ ამ დროს ხვდები, რომ კოლეგას, რომელიც გარედან აკვირდება შემთხვევას, უფრო ობიექტური ხედვა აქვს, ვიდრე შენ ექიმს, რომელიც უშუალოდ ხარ ჩართული პროცესში და შესაძლოა ემოციური ფონი რეალობის აღქმაში გიშლიდეს ხელს.

მიმაჩნია, რომ სისტემამ უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც ექიმები ერთმანეთთან არაჯანსაღ კონკურენციაში არ იქნებიან. მაგალითად, ჩემი ანაზღაურება არ არის დამოკიდებული პაციენტების რაოდენობაზე. ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ექიმი ფინანსურად დაინტერესებულია მეტი პაციენტის მიღებით, მან შესაძლოა გაუცნობიერებლად საკუთარი ინტერესები პაციენტის კეთილდღეობაზე წინ დააყენოს.

კოლეგიალობა ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული აზრი პირად ნაკლად არ მიიღო. საკუთარ მაგალითზე არაერთხელ მინახავს, რამდენად ღირებული ყოფილა კოლეგის ხედვა ჩემს პაციენტთან მიმართებით და პირიქით. სამედიცინო სფეროში ამგვარი კულტურის დამკვიდრება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მოხარული ვარ, რომ ჩვენს კლინიკაში ამ ჰარმონიული გარემოს შექმნა შევძელით.

— ხომ არ გეგმავთ ამ სასწავლო მეთოდზე დაფუძნებული სახელმძღვანელოს გამოცემას?

ჩემი აზროვნების ამ სტილზე პირველად ერთმა პაციენტმა გამიმახვილა ყურადღება. კონსულტაციის პროცესში მან შეამჩნია, რომ დოსიეში დიაგნოსტიკურ სქემებს ვხაზავდი. აღმოჩნდა, რომ ეს პაციენტი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის (HR) დირექტორი იყო. მან მკითხა, თუ სად დავეუფლე ამ მეთოდს, რადგან, მისი თქმით, მენეჯმენტში მას რისკების ანალიზისთვის იყენებენ და „მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს“ (Root Cause Analysis ან Fault Tree Analysis) უწოდებენ.

ვუპასუხე, რომ ეს სპეციალურად არავის უსწავლებია და ჩემი პრაქტიკული საქმიანობისას თავად ჩამოვაყალიბე. მოგვიანებით მან გამომიგზავნა მასალები იმ მეთოდოლოგიების შესახებ, რომლებსაც ისინი მართვის სისტემებში იყენებენ. ვფიქრობ, საინტერესო იქნება ამ ლიტერატურის გაცნობა და იმის ნახვა, თუ როგორ შეიძლება ჩემი კლინიკური მიდგომა მიესადაგოს რისკების მართვის უკვე არსებულ თეორიებს.

ძალიან გამიხარდება, თუ მომავალში დრო გამომიჩნდება ამ გამოცდილების სისტემატიზაციისთვის. ეს იქნებოდა არა მარტო სამედიცინო სახელმძღვანელო, არამედ კლინიკური შეცდომების პრევენციისა და რაციონალური აზროვნების გზამკვლევი, რაც სტუდენტებისა და ახალგაზრდა კოლეგებისთვის მართლაც ფასეული რესურსი აღმოჩნდებოდა.

ფოტო: ანა ბოკო ლორთქიფანიძე

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები