I ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ჰიპოგლიკემიის, ანუ სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაცემის, განვითარება საშიშია. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა ძილის დროს, ან მაშინ, როცა ადამიანი სიმპტომებს ვერ გრძნობს.
ჰიპოგლიკემიის საფრთხის შესამცირებლად, MIT-ის ინჟინრებმა შექმნეს მცირე ზომის იმპლანტირებადი მოწყობილობა, რომელიც გლუკაგონს ავტომატურად გამოყოფს მაშინ, როცა შაქრის დონე სისხლში კრიტიკულ ნიშნულზეა.
მეცნიერების განმარტებით, ეს მოწყობილობა გაადარჩენს იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომლებიც ჰიპოგლიკემიის შეტევების რისკის ქვეშ არიან.
ჟურნალ “Nature Biomedical Engineering”-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რევოლუციური იმპლანტი, რომელიც კანქვეშ თავსდება, შეიცავს გლუკაგონის ფხვნილს – ჰორმონს, რომელიც ღვიძლს სისხლში გლუკოზის გამოყოფისკენ უბიძგებს.
ტრადიციული გლუკაგონის ინექციებისგან განსხვავებით, რომლებიც პაციენტის ან მომვლელის სწრაფ ჩარევას მოითხოვს, ახალი სისტემა დისტანციურად ან ავტომატურად ირთვება. ეს საშუალებას აძლევს ორგანიზმს, მძიმე ჰიპოგლიკემიის დროს, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო დახმარება.
მოწყობილობა, რომელიც დაახლოებით მონეტის მეოთხედის ზომისაა, შეიცავს 3D პრინტერით დაბეჭდილ წამლის რეზერვუარს. ის დალუქულია სპეციალური ფორმის მეხსიერების მქონე შენადნობით, რომელიც გაცხელებისას ფორმას იცვლის.
მოწყობილობა აქტიურდება უკაბელო სიგნალის ან გლუკოზის მონიტორინგის სენსორის საშუალებით. ამის შემდეგ შენადნობი იხსნება და ორგანიზმში გლუკაგონის ფხვნილს გამოყოფს. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის ფხვნილისებრი ფორმა ბევრად უფრო სტაბილურია, ვიდრე თხევადი ვერსია. ამ თვისებების წყალობით, სისტემა შესაფერისია ხანგრძლივი გამოყენებისთვის.
დიაბეტიან თაგვებზე ჩატარებულ კვლევებში, მოწყობილობამ, გააქტიურებიდან უკვე ათ წუთში, წარმატებით აღადგინა შაქრის დონე სისხლში. MIT-ის გუნდმა ეს სისტემა გამოსცადა ფხვნილისებრი ეპინეფრინითაც, რომელიც მძიმე ალერგიული რეაქციებისა და გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ტესტირებისას დადგინდა, რომ მოწყობილობას შეუძლია ორგანიზმს სხვა გადაუდებლად საჭირო მედიკამენტებიც მიაწოდოს, რაც ამ ტექნოლოგიის ფართო გამოყენების შესაძლებლობაზე მიუთითებს.
როგორც კვლევის წამყვანმა ავტორმა, სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, სიდჰარტ კრიშნანმა განმარტა, იმპლანტი კანქვეშ რამდენიმე თვის განმავლობაშია ეფექტური. სამომავლოდ იგეგმება, რომ მოწყობილობა, ჩანაცვლების გარეშე, ერთი წლით ან უფრო ხანგრძლივად იყოს მოქმედი. აღსანიშნავია, რომ სისტემამ ეფექტურობა შეინარჩუნა მაშინაც კი, როდესაც იმპლანტის ირგვლივ ფიბროზული ქსოვილი წარმოიქმნა. ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა უცხო სხეულზე.
კლინიკური კვლევები კიდევ სამი წელი გაგრძელდება. ნაშრომის თანაავტორმა, MIT-ის წარმომადგენელმა რობერტ ლანგერმა, ამ ინოვაციას უწოდა „ნებისმიერი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდების ახალი პარადიგმა“.
მისი თქმით, ეს შეიძლება დიდი გარდატეხა იყოს მილიონობით ადამიანისთვის, ვინც ქრონიკული დაავადებით ცხოვრობს და ყოველდღიურად სიცოცხლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

