ფლორიდის უნივერსიტეტის (UF Health) მკვლევართა ახალი, მასშტაბური კვლევის თანახმად, სახსრების ტკივილის დროს ფართოდ გამოყენებული საკვები დანამატი — გლუკოზამინი — კოგნიტიური პრობლემების მქონე პირებში ალცჰაიმერისა და დემენციის უფრო სწრაფ პროგრესირებასთან არის დაკავშირებული. ჟურნალ Nature Metabolism-ში გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს, რომ გლუკოზამინის მიღება 25%-ით ზრდის მსუბუქი კოგნიტიური დარღვევების (MCI) დემენციაში გადაზრდის ალბათობას.
მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით 2012-დან 2024 წლამდე შეგროვებული პაციენტების სამედიცინო ჩანაწერები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ალცჰაიმერი ან მასთან დაკავშირებული დემენცია (ADRD), გლუკოზამინის მოხმარება სიკვდილიანობის რისკსაც 25%-ით ზრდიდა. მსუბუქი კოგნიტიური დარღვევების მქონე ჯგუფში სიკვდილიანობის მატება არ დაფიქსირებულა, რაც მიანიშნებს, რომ დანამატს, შესაძლოა, უფრო ძლიერი უარყოფითი ეფექტი უკვე ჩამოყალიბებული დემენციის ფონზე ჰქონდეს.
კვლევის ავტორებმა აღნიშნული კავშირის ბიოლოგიურ მექანიზმსაც მიაგნეს. საქმე ეხება ცილებზე შაქრის სტრუქტურების მიმაგრების (sugar-tagging) პროცესს, რომელიც ჯანსაღ უჯრედებში ნორმალურად მიმდინარეობს, მაგრამ ალცჰაიმერით დაზიანებულ ტვინში ჭარბად აქტიურდება. გენეტიკურად მოდიფიცირებულ თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ გლუკოზამინი ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს, რამაც ცხოველებში ამოცნობისა და მეხსიერების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. იდენტური სურათი დაფიქსირდა ალცჰაიმერით გარდაცვლილი ადამიანების ტვინის ქსოვილის შესწავლისას.
ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორები, რამონ სანი და მეტ ჯენტრი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კვლევა დაკვირვებითი ხასიათისაა და ჯერჯერობით არ ამტკიცებს, რომ დემენციის პროგრესირებას უშუალოდ გლუკოზამინი იწვევს. იმის ზუსტად დასადგენად, აჩქარებს თუ არა პრეპარატი ნეიროდეგენერაციულ პროცესებს და უნდა შეწყვიტონ თუ არა პაციენტებმა მისი მიღება, კლინიკური ცდების ჩატარებაა საჭირო. თუმცა, აღმოჩენა ნათლად ადასტურებს, რომ შეცვლილი მეტაბოლიზმი ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაში ერთ-ერთ საკვანძო როლს თამაშობს.
წყარო: ScienceDaily

