ჰაერის დაბინძურება ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს 30%-ით ზრდის

გააზიარე

შვედეთის კაროლინსკას ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰაერის დაბინძურების ხანგრძლივი ზემოქმედება ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მათ შორის ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) განვითარების რისკთან პირდაპირ კავშირშია.

ჟურნალ JAMA Neurology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება დაავადების გაჩენის ალბათობას 20%-დან 30%-მდე ზრდის. მეცნიერები ხაზს იმ გარემოებას უსვამენ, რომ ეს კავშირი შვედეთშიც კი თვალსაჩინოა, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით დაბალია.

კვლევის ავტორებმა განსაზღვრეს, რომ გარემოს დაბინძურება არა მხოლოდ დაავადების გაჩენას უწყობს ხელს, არამედ მის განვითარებასაც აჩქარებს. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობდნენ, დიაგნოზის დასმის შემდეგ გადაადგილებისა და სუნთქვის პრობლემები ბევრად უფრო მალე გაურთულდათ. 

გარდა ამისა, ასეთ პაციენტებში სიკვდილიანობის მაღალი რისკი გამოიკვეთა და ასევე ამ ადამიანებს სერიოზული სამედიცინო დახმარება უფრო ადრე დასჭირდათ. მეცნიერები მთელი 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუ რა რაოდენობის მავნე ნივთიერებებსა და მტვრის ნაწილაკებს ისუნთქავდნენ ადამიანები თავიანთ საცხოვრებელ გარემოში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა პირდაპირ არ ამტკიცებს, რომ დაავადება მხოლოდ ჰაერმა გამოიწვია, სპეციალისტებს სერიოზული საფუძველი აქვთ იფიქრონ, რომ დაბინძურებული ჰაერი ნერვულ სისტემას შიგნიდან აზიანებს.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ ჰაერში არსებული ტოქსიკური ნივთიერებები ტვინსა და ნერვულ სისტემაში ერთგვარ „შიდა ანთებასა“ და ე.წ. ოქსიდაციურ სტრესს იწვევს. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ მავნე ნაწილაკები უჯრედებს აზიანებენ, რის გამოც ნერვული სისტემა უფრო მყიფე ხდება და ნეიროდეგენერაციულ დაავადებას ვეღარ უმკლავდება.

აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სუფთა ჰაერი მხოლოდ ფილტვებისთვის კი არა, ჩვენი ტვინისა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია.

წყარო: JAMA

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები