საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნის, მისი გაგრძელების საკითხსა და სტაციონარიდან გაწერის წესის ცვლილებას ეხება.
კონკრეტულად რა იცვლება ვადებისა და პროცედურების კუთხით, როგორ აისახება ეს სიახლეები კლინიკურ საქმიანობაზე — ამ თემებზე თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ფსიქიატრი ეკა ჭყონია გვესაუბრა.
რა იყო საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი, რამაც ამ ცვლილებების აუცილებლობა წარმოშვა? რა კონკრეტული ხარვეზები არსებობდა მანამდე მოქმედ რეგულაციაში?
პირველ რიგში, მინდა გავმიჯნო იძულებითი და არანებაყოფლობითი სტაციონირება. არანებაყოფლობითი სტაციონირება არის შემთხვევა, როდესაც ადამიანს (ჯერ) დანაშაული არ ჩაუდენია, უბრალოდ აქვს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი და არის მაღალი რისკი, რომ საკუთარ თავს ან სხვას მიაყენოს ზიანი.
იძულებითი სტაციონირება კი დგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ფსიქიკური პრობლემის მქონე პირს უკვე ჩადენილი აქვს დანაშაული (მაგალითად, მკვლელობა, თავდასხმა, ოჯახური ძალადობა, ფიზიკური ზიანი ან კერძო საკუთრების დაზიანება). იძულებითი მკურნალობა საქართველოში მხოლოდ ერთადერთ ადგილას — ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ხდება.
მოქმედ რეგულაციაში მთავარი ხარვეზი ის იყო, რომ იძულებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მდგომარეობას კომისია სავალდებულოდ მხოლოდ წელიწადში ერთხელ განიხილავდა. თუმცა, პრაქტიკაში ექიმები ძველი სისტემითაც ითხოვდნენ ხოლმე ვადამდე გადასინჯვას, მაგრამ ამას სერიოზული ბიუროკრატიული და პროცედურული ბარიერები ახლდა თან, რის გამოც გადაწყვეტილების მიღება ხანგრძლივდებოდა.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კონკრეტულად რა იცვლება ვადების კუთხით და როგორ რეგულირდება პროცესის პერიოდულობა?
ახალი საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, კომისიის შეკრების სავალდებულო ვადა 12 თვიდან 6 თვემდე შემცირდება, ანუ მინიმუმ 6 თვეში ერთხელ აუცილებელი იქნება პაციენტის მდგომარეობის გადასინჯვა.
ამასთანავე, მკურნალ ექიმს ეძლევა უფლება, 6 თვის გასვლამდეც კი, ნებისმიერ დროს (თუნდაც 1 თვეში) გაუკეთოს ინიცირება კომისიის შეკრებას, თუ თვლის, რომ პაციენტის მწვავე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაძლებელია მისი გაწერა. სწორედ ამაში გაიზარდა მკურნალი ექიმის როლი.
ეს ცვლილება, სავარაუდოდ, მოხსნის არსებულ ბიუროკრატიულ ბარიერებს და უზრუნველყოფს იმას, რომ პაციენტებს არ მოუწევთ სტაციონარში იმაზე მეტხანს დაყოვნება, ვიდრე საჭიროება მოითხოვს.
იძულებით მკურნალობაზე 500-მდე ადამიანია და, რა თქმა უნდა, ყოველ თვეში 500-ვე ადამიანის საქმეს ფიზიკურად ვერავინ განანიხილავს. ეს ვადები არის გადასინჯვის პერიოდულობა და პროცესი წარიმართება გადანაწილებულად – ვიღაცის საკითხი 4 თვის მერე დადგება, ვიღაცის 6 თვის მერე, მაგრამ მთავარია, რომ ექიმს ეძლევა უფლება, 6 თვეზე ადრეც დააყენოს ეს საკითხი.
რა არის ამ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი და, თქვენი შეფასებით, რამდენად სრულად პასუხობს წარდგენილი კანონპროექტი არსებულ გამოწვევებს?
კანონში ცვლილებები ცუდს არაფერს გულისხმობს, პირიქით — მისი მიზანი მდგომარეობის გადასინჯვა და გაწერის შესახებ გადაწყვეტილების დროული მიღებაა.
თუ წინათ უპირატესობა მხოლოდ მოსამართლესა და სასამართლოს ენიჭებოდა, ახლა მეტი ხვედრითი წილი და პასუხისმგებლობა მოდის უშუალოდ დაწესებულებასა და სამედიცინო პერსონალზე. ექიმს გაეზარდა უფლება, რომ ნებისმიერ დროს დაიწყოს ეს პროცესი და მაქსიმალურად ეცადოს, მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის სასარგებლოდ. საერთაშორისო პრაქტიკითაც (მაგალითად, ევროპის ქვეყნებში) არსებობს მოდელები, სადაც გადაწყვეტილების მიმღები თანაბრად არის როგორც სასამართლო, ისე სამედიცინო კომისია. ასე რომ, ფსიქიატრიულ მიდგომებთან შეუთავსებლობა ნამდვილად არ არის, პირიქით — ერთი შეხედვით, პროცესი უფრო ჰუმანური და სწრაფი ხდება.
ვინ შედის ამ სპეციალურ შიდა კომისიაში და რამდენად უზრუნველყოფს არსებული მოდელი კომისიის ობიექტურობასა და დამოუკიდებლობას?
კომისიაში შედიან უშუალოდ ამავე დაწესებულების 3 ექიმი-ფსიქიატრი. ჩემი აზრით, ის, რომ პროცესი მხოლოდ შიდა კლინიკურ დონეზე წყდება და კომისიაში სავალდებულოდ არ არის გათვალისწინებული გარე, დამოუკიდებელი ექსპერტის მონაწილეობა, გარკვეული ხარვეზია. საერთაშორისო პრაქტიკაში ყოველთვის არის ხოლმე ყურადღება გამახვილებული იმაზე, რომ არსებობდეს დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც მიუკერძოებლად შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას. როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესი მხოლოდ შიდა სისტემაში რჩება, ბუნებრივია, ინტერესთა კონფლიქტისა და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების მეტი რისკი არსებობს. თუმცა როგორც ახალ კანონპროექტშია მითითებული, კომისიის წევრები მინიმუმ 3 ექიმი-ფსიქიატრით უნდა იყოს დაკომპლექტებული, რათა გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი ექიმის სუბიექტურ აზრზე არ იყოს დამოუკიდებელი.
ხომ არ შეუწყობს ეს ცვლილება ხელს სტაციონარის გადატვირთვის შემცირებასა და ადგილების გამოთავისუფლებას იმ პაციენტებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება?
დიახ, სავარაუდოდ, ესეც არის. ადრე, როცა პაციენტი შეიძლებოდა იმაზე დიდხანს დაყოვნებულიყო სტაციონარში, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა, ბუნებრივია, ეს იწვევდა სტაციონარის გადატვირთვას და ადგილების შეზღუდვას სხვა პაციენტებისთვის. ახლა, ვადების შემცირები შემთხვევაში ალბათ პროცესიც გამარტივდება, ექიმსაც მიეცემა შესაძლებლობა, რომ პაციენტი უფრო დროულად გაწეროს. შესაბამისად, ადგილებიც უფრო ეფექტურად გამოთავისუფლდება.
ხომ არ არსებობს რისკი, რომ კომისიებმა დამატებითი ბიუროკრატიული ტვირთი შექმნას სამედიცინო პერსონალისთვის?
არა, არ მგონია, რომ ამან რამე განსაკუთრებული ბიუროკრატიული ტვირთი შექმნას. პერსონალი პაციენტის შეფასებასა და თერაპიულ მუშაობას გარკვეული პერიოდულობით ისედაც აწარმოებს. უბრალოდ, აქამდე ექიმებს რეციდივის შიშისა და ნაკლები უფლებამოსილების გამო, თავს იკავებდნენ პაციენტის გაწერის ინიცირებისაგან. ახლა, თუ პროცედურა გამარტივდა, ეს დამატებითი სირთულე, სავარაუდოდ, აღარ იქნება.
რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას ახლაც და ახალი რეგულაციითაც სასამართლო იღებს. სამედიცინო კომისია პაციენტს თავისით ვერ გაწერს — ექიმები გასცემენ კლინიკურ დასკვნას, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას გაწერის თაობაზე ან მკურნალობის გაგრძელებაზე . უბრალოდ, ახალი ცვლილებით სასამართლოში საქმის გაგზავნის სავალდებულო პერიოდულობა 12-დან 6 თვემდე მცირდება, ხოლო ექიმს ეძლევა უფლება, 6 თვის გასვლამდეც ნებისმიერ დროს მიმართოს შიდა კომისიას, ხოლო შიდა კომისიამ სასამართლოს პაციენტის გაწერის თაობაზე.
რა პრაქტიკულ რისკებს ხედავთ რეალურ ცხოვრებაში ამ მექანიზმის გამოყენებისას?
ქაღალდზე ეს ცვლილებები დადებითად გამოიყურება, თუმცა მთავარი გამოწვევა მათი პრაქტიკაში სწორად გამოყენება იქნება. არსებობს რისკი, რომ მექანიზმი არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული შემთხვევა სათანადოდ შეფასდეს და გადაწყვეტილებები ობიექტურ სამედიცინო და სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობოდეს. საბოლოოდ, დრო და პრაქტიკა გვიჩვენებს, რამდენად ეფექტურად იმუშავებს ეს ცვლილებები.

