ავსტრალიის სუინბერნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა (Swinburne University of Technology) და კომპანია Entropy Neurodynamics-ის ერთობლივი, კლინიკური კვლევის ფარგლებში, კომპულსიური კვებითი აშლილობის (Binge-Eating Disorder) მქონე ყველა პაციენტმა ფსილოცინის ინტრავენური თერაპიის შემდეგ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა. აღნიშნული დაავადება ფსიქიკური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს უკონტროლო ჭამის შეტევები აქვს და პროცესის შეჩერება დამოუკიდებლად არ შეუძლია.
TRP-8803 კოდური სახელწოდებით ცნობილი პრეპარატით მკურნალობის სულ რაღაც ორი კურსის დასრულების შემდეგ, პაციენტების 50%-ს 84-დღიანი დაკვირვების პერიოდში უკონტროლო კვების არცერთი ეპიზოდი აღარ ჰქონია. საპილოტე კვლევაში ჩართულ ექვს პაციენტში, რომლებზეც აქამდე არსებული ტრადიციული მკურნალობის მეთოდები არ მოქმედებდა, შეტევების 73%-იანი კლება დაფიქსირდა. გარდა ამისა, 50%-ით შემცირდა შფოთვის მაჩვენებელი, 42%-ით — დეპრესია, ხოლო პაციენტების ცხოვრების ხარისხი 61%-ით გაუმჯობესდა.
სუინბერნის უნივერსიტეტის კლინიკური კვლევების დირექტორი და პროექტის ხელმძღვანელი, სუზან როსელი ოთხკვირიანი დაკვირვების შედეგებს უაღრესად პოზიტიურად აფასებს.
“ამ ექვსი პაციენტის ცხოვრების შეცვლა უზარმაზარი მიღწევაა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამ აშლილობით 20 წლის განმავლობაში იტანჯებოდნენ და რომლებისთვისაც წინა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა”, — აღნიშნავს როსელი.
მისივე თქმით, ეს შედეგი იმედს აძლევს ამილიონობით ადამიანს ვისთვისაც ტრადიციული ფსიქიატრიული მკურნალობა სხვა დაავადებების შემთხვევაშიც არაეფექტიანია.
კომპანია Entropy Neurodynamics-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეისონ კეროლი ხაზს უსვამს მიღწეული შედეგის მდგრადობას და 12-კვირიან მონაცემებს დამაიმედებელს უწოდებს.
“ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეფექტის ხანგრძლივობა. ჩვენ არ ვცდილობთ შევქმნათ კიდევ ერთი მედიკამენტი, რომლის მიღებაც პაციენტებს ყოველდღიურად მოუწევთ. ჩვენ ვიკვლევთ, შეუძლია თუ არა ზუსტად კონტროლირებადი ფსიქოდელიური თერაპიის შეზღუდულ რაოდენობას ისეთი კლინიკური სარგებლის მოტანა, რომელიც პრეპარატის მიღების დასრულების შემდეგაც დიდხანს გასტანს”, — აცხადებს კეროლი.
მკვლევრების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები ჯერჯერობით მცირემასშტაბიან კვლევას ეყრდნობა, შედეგები სრულად ამართლებს TRP-8803-ის შემდგომი განვითარების კლინიკურ მიზანშეწონილობას.
ამჟამად სუინბერნის უნივერსიტეტი და Entropy Neurodynamics მეორე ჯგუფის შესაქმნელად ახალ მონაწილეებს იწვევენ, რათა TRP-8803-ის უფრო ხანმოკლე ინტრავენური რეჟიმი გამოსცადონ და მკურნალობის ეფექტიანობა კიდევ უფრო გააუმჯობესონ.
წყარო: MedicalXpress

