79 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი გენეტიკოსი და ბიოტექნოლოგი კრეიგ ვენტერი. მეცნიერი, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა თანამედროვე ბიოლოგია. მისი სახელი პირდაპირ უკავშირდება ადამიანის გენომის გაშიფვრას , სინთეზური სიცოცხლის შექმნასა და გლობალური მიკრობული მრავალფეროვნების კვლევას. ვენტერი 29 აპრილს დაიღუპა და კოლეგების შეფასებით, მეცნიერების ისტორიაში ერთ-ერთ მთავარ „მეამბოხე“ და პიონერულ ფიგურად დარჩება.
ვენტერის კარიერის ყველაზე გახმაურებული ეპიზოდი 1990-იანი წლების „გენომური ომია“. მან კომერციული ინიციატივა წამოიწყო და კონკურენციაში შევიდა 3-მილიარდიან, სახელმწიფოების მიერ დაფინანსებულ პროექტთან (Human Genome Project). საკუთარი ინოვაციური მეთოდის (ე.წ. Shotgun sequencing) გამოყენებით, ვენტერმა პროცესი იმდენად დააჩქარა, რომ 2000 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით, კონკურენტებს შორის ზავი დაიდო და ადამიანის პირველი გენომის გაშიფვრა ერთობლივ მიღწევად გამოცხადდა.
გენომის გაშიფვრის შემდეგ, ვენტერმა ყურადღება სინთეზურ ბიოლოგიაზე გადაიტანა და საკუთარი კვლევითი ინსტიტუტი (JCVI) დააარსა. 2010 წელს მისმა გუნდმა ლაბორატორიაში ბაქტერიის მთლიანი გენომი ხელოვნურად შექმნა და სხვა მიკრობულ უჯრედში „გადატვირთა“. ეს იყო სინთეზური სიცოცხლის შექმნის პირველი პრეცედენტი, რომელმაც ამ სფეროში კვლევების მასშტაბი და ამბიცია მკვეთრად გაზარდა.
გარდა ლაბორატორიული მიღწევებისა, ვენტერმა საკუთარი იახტით (Sorcerer 2) მსოფლიოს გარშემო 100,000 კილომეტრზე მეტი იმოგზაურა და ოკეანეებში არსებული მიკრობული მრავალფეროვნება შეისწავლა. ამ ექსპედიციის ფარგლებში მან 1,000-მდე ახალი მიკრობის გენომი გაშიფრა. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, კრეიგ ვენტერის ხედვამ, ინტენსივობამ და ინოვაციურმა მიდგომებმა ბიომედიცინისა და გენომიკის ტრაექტორია სამუდამოდ შეცვალა.
წყარო: Nature

