„პროგრესირებადი, გენეტიკური დაავადების ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია. შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ბენეფიციარებისთვის პრეპარატის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება.
პრეპარატი უშუალოდ დაავადების გამომწვევ გენეტიკურ მექანიზმზე მოქმედებს, ფილტვების ფუნქციებს აუმჯობესებს, ამცირებს დაავადების გამწვავებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს.
მედიკამენტი განკუთვნილია 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ ადამიანებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს.
საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით დაახლოებით 110 ადამიანია რეგისტრირებული. მათგან შესაბამისი გენეტიკური მუტაციები დაახლოებით 60-ს აქვს.
პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე საჭირო სამედიცინო კვლევები უკვე დაიწყეს. ფასდება ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის დაწყებისთვის მზადყოფნა. პროცესი მკურნალობის უსაფრთხოდ დაწყებასა და შემდგომი სამედიცინო მეთვალყურეობის დაგეგმვას ემსახურება.
„ტრიკაფტას“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებისთვის მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პრეპარატი ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
სამინისტრო ეტაპობრივად აფართოებდა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ მომსახურებებსა და მედიკამენტების ჩამონათვალს. 2025 წელს პროგრამას დაემატა საინჰალაციო პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები და სხვა მედიკამენტები, ასევე გაიზარდა სტაციონარული მომსახურების დაფინანსება“, — აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

