ყურსასმენების თაობა — რატომ იწვევს ხანგრძლივი აუდიოსტიმულაცია სოციალურ იზოლაციას

გააზიარე

Edison Research-ის მონაცემებით, 13-დან 34 წლამდე ადამიანები დღეში საშუალოდ 4.5 საათს მუსიკას ან პოდკასტს უსმენენ. Spotify-ის გლობალური აუდიტორიის 56%-ს სწორედ ე.წ. Gen Z თაობა შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ყურსასმენების ტარება ყოველდღიური და ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევაა, ფსიქოლოგები მთავარ საფრთხეზე მიუთითებენ: აუდიოსამყაროში მუდმივი ყოფნით ახალგაზრდები აწმყოში ცხოვრებისა და რეალურ გარემოსთან კავშირის უნარს კარგავენ.

ყურსასმენები, როგორც სოციალური ფარი 

ვისკონსინ-მადისონის უნივერსიტეტის ჯანსაღი გონების ცენტრის დირექტორის, ფსიქიატრ რიჩარდ დევიდსონის დაკვირვებით, საჯარო სივრცეებში ადამიანთა უმრავლესობა ყურსასმენებით გადაადგილდება. ეს ტენდენცია პირდაპირ ბლოკავს ისეთ სპონტანურ ურთიერთობებს, როგორიცაა, მაგალითად, უცხო ადამიანებთან გადაკვეთა, ყავის რიგში საუბარი ან გამვლელისთვის გაღიმება. ფსიქიატრის განმარტებით, მსგავსი მიკრო-ინტერაქციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანის მენტალური კეთილდღეობისთვის. ყურსასმენების მასობრივი მოხმარება კი საზოგადოებას აუცხოებს.

გაქცევა ფიქრებისგან და სიჩუმის შიში

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი გლორია მარკი პრობლემას სხვა კუთხით უდგება. თანამედროვე ადამიანებმა ფაქტობრივად დაკარგეს სიჩუმეში, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენის ან თუნდაც მოწყენის უნარი. ტვინის სიცარიელე მყისიერად რაიმე ტიპის აუდიოკონტენტით ივსება.

სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მუსიკისა და პოდკასტების მუდმივი ფონი არასასურველი ფიქრებისა და ემოციებისგან (ე.წ. რუმინაციისგან) თავის არიდების მექანიზმია, მაგრამ მისი ეფექტი მხოლოდ დროებითია.

„ეს ყალბი დაპირებაა. როდესაც მუსიკა წყდება, ყურადღების გაფანტულობა, შფოთვა და ნევროტული ფიქრები ორმაგი ძალით ბრუნდება,“ — აღნიშნავს დევიდსონი.

რა ხდება ყურსასმენების გარეშე?

კვლევები აჩვენებს, რომ მოზრდილები საკუთარი დღის თითქმის 47%-ს მიმდინარე მომენტზე ფოკუსირების გარეშე ატარებენ. მუდმივი აუდიოსტიმულაცია ამ დეფიციტს კიდევ უფრო აღრმავებს. ქცევითი ექსპერიმენტები კი ცხადყოფს: ყურსასმენების გარეშე, რუტინული მარშრუტით სიარულისას, ადამიანები გარემოში ბევრად მეტ დეტალს ამჩნევენ — ახალ შენობებს, ინფრასტრუქტურასა და გამვლელებს, რომლებსაც მანამდე ფიზიკურად ვერ აღიქვამდნენ.

სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგები ახალგაზრდებს ურჩევენ, დღის განმავლობაში შეგნებულად გამოყონ დრო „აუდიო-დეტოქსისთვის“, რათა სამყაროსთან და საკუთარ თავთან უშუალო კავშირი აღიდგინონ.

წყარო: CNN 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები