ქალმა ბავშვობის ოცნება 73 წლის ასაკში აისრულა და ექიმი გახდა

გააზიარე

დოუნ ზუიდგესტ-კრაფტი სულ რაღაც 7 წლის იყო, როცა ავადმყოფობისას საჩუქრად მიკროსკოპი მიიღო. პატარა გოგონას იმდენად შეუყვარდა მიკროსკოპით მიკროსამყაროსა და ბიოლოგიურ ნიმუშებზე დაკვირვება, რომ დედამისმა მას ექიმის მომავალი უწინასწარმეტყველა, მაგრამ ამ წინასწარმეტყველების ასრულებას 65 წელი დასჭირდა.

ცხოვრებამ დოუნი სხვა გზით წაიყვანა — ის მედდა გახდა. ოთხი შვილი გაზარდა. აქედან ორი კი 42 და 49 წლის ასაკში შეეძინა. ცხოვრებისეულმა რუტინამ, ოჯახზე ზრუნვამ და მედდის კარიერამ მისი მთავარი მიზანი — ექიმობა — წლობით გადაავადა.

ყველაფერი 2020 წელს შეიცვალა, როდესაც მისმა მეუღლემ, კარლმა, ტვინში სისხლჩაქცევა გადაიტანა და სიკვდილს გადაურჩა. ამ მოვლენამ დოუნს ცხოვრებისეული მიზნების გადაფასებისკენ უბიძგა. როცა წყვილი ერთმანეთის აუსრულებელ სურვილებს განიხილავდა, დოუნმა აღმოაჩინა, რომ სამედიცინო სკოლაში სწავლა კვლავ მისი მთავარი ოცნება იყო.

მან თამამი გადაწყვეტილება მიიღო. გამოიყენა საკუთარი საპენსიო დანაზოგი და კარიბის ზღვის აუზში, ანგილიაში მდებარე „სენტ ჯეიმსის სამედიცინო სკოლაში“ (Saint James School of Medicine) ჩაირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ ბიოქიმიის გამოცდაში ჩაიჭრა, დოუნს ფარ-ხმალი არ დაუყრია და სწავლა განაგრძო.

მისი მონდომება და 45-წლიანი კლინიკური გამოცდილება შეუმჩნეველი არ დარჩენილა — მიჩიგანში მდებარე „სამების ჯანმრთელობის სისტემამ“ (Trinity Health Muskegon) ის რეზიდენტურის პროგრამაში დიპლომის აღებამდე მიიღო.

დოუნმა სამედიცინო სკოლა 72 წლის ასაკში დაამთავრა და ისტორიაში შევიდა, როგორც „სენტ ჯეიმსის სამედიცინო სკოლის“ ყველაზე ასაკოვანი კურსდამთავრებული. რეზიდენტურის დაწყების კვირაში მას 73 წელი შეუსრულდა.

„თავს ცოცხლად ვგრძნობ, როცა სამედიცინო სფეროში ვმუშაობ“, — განაცხადა დოუნმა Washington Post-თან ინტერვიუში. ის იმედოვნებს, რომ მედიცინის პრაქტიკით დაკავებას იმდენ ხანს შეძლებს, რამდენსაც ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს.

წყარო: The Washington Post

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები