2026 წელს მედიცინაში მნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა: VECTOR ტექნოლოგია. ისტორიაში პირველად კორონარული არტერიის შუნტირების ოპერაცია ისე შესრულდა, რომ ქირურგებს სტერნოტომია(გულმკერდის გახსნა) არ დასჭირვებიათ. ეს მეთოდი სრულიად ახალ მიდგომას წარმოადგენს, რომელიც ტრადიციული კარდიოქირურგული ოპერაციების რადიკალურ გარდაქმნას გვპირდება.
კორონარული არტერიის შუნტირება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში კრონარულ არტერიული დაავადების მკურნალობის ოქროს სტანდარტად ითვლებოდა, კლასიკურად სტერნოტომიას და გულზე პირდაპირ ქირურგიულ წვდომას მოითხოვს. ახალი მეთოდი კი ამ კონცეფციას საფუძვლიანად ცვლის, რადგან ოპერაცია გულზე კათეტერული მიდგომით, სისხლძარღვების გავლით, ხორციელდაბა და სტერნოტომიას ადგილი არ აქვს.
პირველი ასეთი პროცედურა აშშ-ში, National Institutes of Health-ისა და Emory School of Medicine-ის თანამშრომლობით განხორციელდა. პროცედურა მაღალი რისკის მქონე პაციენტზე ჩატარდა, რომლისთვისაც ტრადიციული ღია წესის ოპერაცია პრაქტიკულად სიკვდილის ტოლფასი იყო.
ახალი ტექნიკის არსი იმაშია, რომ ექიმებს ბარძაყის ან სხვა პერიფერიული სისხლძარღვიდან შეჰყავთ სპეციალური კათეტერი, რომლის მეშვეობითაც გულამდე აღწევენ. შემდგომ კი სპეციალური მავთულებისა და მოწყობილობის გამოყენებით ხდება უშუალოდ აორტის კედელში ახალი ხვრელის შექმნა და მისი კორონართან დაზიანებისგან დისტალურად მოდიფიცირებული სტენტგრაფტის დახმარებით დაკავშირება. შესაბამისად იქმნება ახალი ხელოვნური აორტო კორონარული შუნტი. ამ პროცედურას VECTOR (ventriculo-coronary transcatheter outward navigation and re-entry) ეწოდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ეტაპზეა. პირველი პაციენტის შემთხვევაში მიღებული შედეგები დამაიმედებელია: ექვსი თვის შემდეგ არ აღინიშნებოდა კორონარული არტერიის ობსტრუქცია და სისხლის მიმოქცევა ეფექტურად იყო აღდგენილი.
თუმცა, მიუხედავად წარმატებული საწყისი შედეგებისა, აუცილებელია დამატებითი კვლევები და კლინიკური ცდები, რათა დადასტურდეს მეთოდის უსაფრთხოება და ეფექტურობა ფართო პოპულაციაში.
ამ ტექნოლოგიის პოტენციური მნიშვნელობა ძალიან დიდია. მისი ფართო დანერგვის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება მძიმე კარდიოქირურგიული ოპერაციების მინიმალური ინვაზიურობით ჩატარება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პოსტოპერაციულ გართულებებს, რეაბილიტაციის პერიოდს და ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას. ეს მეთოდი შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ პაციენტთათვის იყოს, რომლთაც მაღალი რისკის გამო ღია გულის ოპერაციაზე უარი ეთქმევათ.
მიუხედავად იმისა, რომ VECTOR ტექნიკა ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, უკვე ნათელია, რომ მსგავსი ტექნოლოგიები მომავალში ქირურგიის კლასიკურ მიდგომებს შეცვლის და მკურნალობას უფრო უსაფრთხოსა და ინდივიდუალურად მორგებულს გახდის.

