ბრაიან ჯონსონმა, მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა ბიოჰაკერმა, რომელიც წელიწადში მილიონობით დოლარს ხარჯავს ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის ორგანიზმში იშვიათი აუტოიმუნური დაავადება, ქრონიკული აუტოიმუნური გასტრიტი განვითარდა. მილიონერის თქმით, მისი კუჭი საკუთარ თავს „თავად ჭამს“.
ჯონსონი, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ სხეულის გაახალგაზრდავების მიზნით საკუთარი შვილის სისხლსაც კი ისხამდა, დაავადებას ბავშვობისდროინდელ არაჯანსაღ ცხოვრებას, სტრესსა და დეპრესიას აბრალებს. მისი თქმით, ორგანიზმმა კუჭის ლორწოვანი გარსის განადგურება წლების წინ დაიწყო, თუმცა სიმპტომები ფარული იყო. 48 წლის ასაკში ჩატარებულმა ბიოფსიამ და ანალიზებმა აჩვენა, რომ მისი ანტისხეულების მაჩვენებელი ნორმას 5-ჯერ აჭარბებდა.
თუმცა, დამოუკიდებელი მედიკოსები ამ ვერსიას სკეპტიკურად უყურებენ. სიდნეის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი, გასტროენტეროლოგი რუპერტ ლეონგი მიიჩნევს, რომ დაავადება, შესაძლოა, სწორედ ჯონსონის ექსტრემალური და კვაზი-სამეცნიერო სამედიცინო ექსპერიმენტების შედეგი იყოს. მისი შეფასებით, მილიონერი ცდილობს პრობლემა ბავშვობას გადააბრალოს, რათა საკუთარ „ბრენდს“ ზიანი არ მიაყენოს, რეალურად კი მდგომარეობა მძიმეა — აუტოიმუნური გასტრიტი განუკურნებელია და კუჭის კიბოს განვითარების რისკს მკვეთრად ზრდის.
მიუხედავად დიაგნოზისა, ბიოჰაკერი დანებებას არ აპირებს. მან განაცხადა, რომ თანამედროვე მედიცინა მიჩვეულია ქრონიკული დაავადებების მხოლოდ მართვას და არა განკურნებას. ჯონსონი გეგმავს, პრობლემის გადასაჭრელად ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილი სპეციფიკური ანტისხეულები და სინთეზური ცილები გამოსცადოს, რათა გაანადგუროს ის „ამბოხებული“ იმუნური უჯრედები, რომლებიც მის კუჭს უტევენ.
წყარო: AFR

