აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის, GSK-ის მიერ შექმნილი B ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი, Hibsago (ბეპიროვირსენი) დაამტკიცა. ახალი მედიკამენტი ქრონიკული ინფექციის მქონე პაციენტებს საშუალებას აძლევს, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც ორგანიზმში ვირუსის აქტივობა დაბლოკონ.
Hibsago ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ დამტკიცებული პირველი ანტისენს-ოლიგონუკლეოტიდური (antisense oligonucleotide) პრეპარატია. კლინიკური კვლევების თანახმად, პაციენტების თითქმის 20%-მა (ხუთიდან ერთმა) ვირუსის მინიმალურ დონემდე შემცირებას მიაღწიადა ანტივირუსული თერაპიის გარეშე, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში შეინარჩუნა ის მდგომარეობა, რასაც მედიცინაში „ფუნქციურ განკურნებას“ უწოდებენ.
მსოფლიოში ქრონიკული B ჰეპატიტით 250 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. დაავადება ღვიძლის სერიოზულ დაზიანებასა და ციროზს იწვევს. დღეს არსებული სტანდარტული მკურნალობა (ნუკლეოტიდური ანალოგები) ვირუსს თრგუნავს, მაგრამ პაციენტების მხოლოდ 1-4%-ს ეხმარება მის საბოლოოდ გაქრობაში. შესაბამისად, ადამიანების უმეტესობას მედიკამენტების მიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევს.
პრეპარატი, რომელიც GSK-მ კომპანია Ionis Pharmaceuticals-ისგან ლიცენზიით მიიღო, უკვე დამტკიცებულია იაპონიაში, ხოლო ევროპისა და ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოებისგან ავტორიზაციას ამჟამად ელოდება. ამავდროულად, ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Aligos Therapeutics-ი ანალოგიური მოქმედების მქონე კონკურენტ პრეპარატზე მუშაობს, რომელიც ამჟამად კლინიკური კვლევების შუალედურ ფაზაშია.
წყარო: Reuters

