საფრანგეთის სისხლის ეროვნული სამსახურის (EFS) სამ საცავში კიბერშეტევა მოხდა — ჰაკერებმა მართვის სისტემებში შეაღწიეს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისხლის მარაგების შესანახ მაცივრებში ტემპერატურისა და გალღობის ზღვარი უკიდურეს ნიშნულამდე ასწიეს.
უწყების განცხადებით, თავდასხმა ორშაბათს ღამით, კონტრაქტორი კომპანიების მიერ მართულ საცავებზე განხორციელდა. განგაშის სისტემის დროული ამოქმედების წყალობით, ტექნიკურმა პერსონალმა ხარვეზი მანამ აღმოფხვრა, სანამ ტემპერატურის მატება მარაგებს დააზიანებდა. უსაფრთხოების მიზნით, გადასხმისა და მედიკამენტების წარმოებისთვის განკუთვნილი სისხლის პლაზმა სხვა ობიექტებზე გადაიტანეს.
EFS საფრანგეთის სისხლის ტრანსფუზიის მთავარი სახელმწიფო ოპერატორია, რომელიც სისხლს, პლაზმასა და თრომბოციტებს ქვეყნის 1 900-ზე მეტ საავადმყოფოს აწვდის და ყოველწლიურად მილიონზე მეტ პაციენტს ემსახურება. მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და კიბერუსაფრთხოების ეროვნულ სააგენტოს (ANSSI).
სისხლის ბანკებზე მიტანილი იერიში ევროპაში სამაცივრე სისტემებზე განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევების გაგრძელებაა. მიმდინარე კვირაში ათზე მეტი ევროპული ქვეყნის (მათ შორის გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და შვედეთის) სუპერმარკეტების მაცივრებში ტემპერატურა დისტანციურად 50°C-მდე გაზარდეს, რამაც მილიონობით ევროს ღირებულების საკვები პროდუქტი გააფუჭა. გასულ თვეს მსგავსი შეტევა საფრანგეთის 700 სუპერმარკეტზეც მოხდა, აგვისტოში კი ანალოგიური ხარვეზები აშშ-ის სულ მცირე ექვს სამხედრო ბაზაზე გამოვლინდა, რასაც პენტაგონი იძიებს.
ევროკომისიის პრესსპიკერის, თომას რენიეს განცხადებით, ეს იზოლირებული ინციდენტები არ არის და ევროკავშირის სააგენტოები წევრ ქვეყნებთან ერთად საპასუხო ზომებზე მუშაობენ.
შეტევებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. თუმცა, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ინტერნეტთან დაკავშირებულ კომერციულ სისტემებზე თავდასხმა, შესაძლოა, სახელმწიფოს მიერ მართული ჰიბრიდული საბოტაჟისა და შესაძლებლობების დემონსტრირების ნაწილი იყოს.
წყარო: The Guardian

