კიბოს დიაგნოზი აღარ უნდა განვიხილოთ მხოლოდ როგორც გარდაუვალი ფატალური დაავადების სინონიმი. თანამედროვე ონკოლოგიის განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა როგორც კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის, ისე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობები. თუმცა, კლინიკურ პრაქტიკაში ყოველდღიურად ვაწყდები იმავე ფუნდამენტურ კითხვას: რამდენად დიდი ნაწილის თავიდან აცილება შეგვიძლია მანამ, სანამ დაავადება განვითარდება, და რამდენად დიდი ნაწილის შეცვლა შეგვიძლია უკვე დიაგნოზირებული კიბოს შემთხვევაში?
ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ახალი მედიკამენტების რაოდენობაში არ უნდა ვეძებოთ. პირიქით, ბოლო წლების მონაცემები გვიჩვენებს, რომ კიბოსთან ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა უკვე არსებული ცოდნის უფრო ეფექტურად გამოყენებაშია — რისკ-ფაქტორების შემცირებაში, ვაქცინაციაში, ადრეულ გამოვლენაში, ზუსტ დიაგნოსტიკაში და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის დროულ ხელმისაწვდომობაში.
2026 წელს გამოქვეყნებულმა ორმა მნიშვნელოვანმა გლობალურმა კვლევამ ეს საკითხი განსაკუთრებით მკაფიოდ წარმოაჩინა. ერთი მათგანი კიბოს ახალი შემთხვევების პრევენცირებად ნაწილს აფასებს, მეორე კი უკვე კიბოს დიაგნოზის მქონე ადამიანებში პოტენციურად თავიდან აცილებად სიკვდილიანობას. ჩემთვის ამ ორი კვლევის ერთობლივი შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი კიბოს კონტროლის პროცესს ერთიან, უწყვეტ ჯაჭვად წარმოგვიდგენენ: დაავადების პრევენცია → ადრეული გამოვლენა → ზუსტი დიაგნოზი → ეფექტური მკურნალობა → გადარჩენის გაუმჯობესება.
კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობას და პრევენციის შესაძლებლობა.
კიბო დღეს მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია. GLOBOCAN 2022-ის შეფასებით, 2022 წელს მსოფლიოში დაახლოებით 20 მილიონი ახალი კიბოს შემთხვევა და 9.7 მილიონი კიბოთი გამოწვეული სიკვდილი დაფიქსირდა. ყველაზე დიდი წვლილი კიბოთი სიკვდილიანობაში ფილტვის, კოლორექტულმა და ღვიძლის კიბომ შეიტანეს. (IARC)
ეს მონაცემები მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებლები არ არის. თითოეული რიცხვის უკან დგას კონკრეტული ადამიანი, ოჯახი და ჯანდაცვის სისტემა. ამასთან, კიბოს რაოდენობის ზრდა მხოლოდ მოსახლეობის დაბერებითა და დემოგრაფიული ცვლილებებით არ აიხსნება. მნიშვნელოვანი როლი აქვს იმ რისკ-ფაქტორების გავრცელებასაც, რომელთა ნაწილი მოდიფიცირებადია.
სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2026 წელს IARC-ისა და WHO-ს მკვლევრების მიერ გამოქვეყნებული გლობალური ანალიზი. კვლევამ 185 ქვეყანა, 36 კიბოს ტიპი და 30 მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორი მოიცვა, მათ შორის თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლი, სხეულის ჭარბი მასა, ფიზიკური ინაქტივობა, ჰაერის დაბინძურება, ულტრაიისფერი გამოსხივება და ცხრა კიბოს გამომწვევი ინფექციური აგენტი. ავტორებმა ასევე გაითვალისწინეს ექსპოზიციასა და კიბოს განვითარებას შორის არსებული ლატენტური პერიოდი. (IARC)
კვლევის მიხედვით, 2022 წელს დაახლოებით 7.1 მილიონი ახალი კიბოს შემთხვევა, ანუ თითქმის 37%, დაკავშირებული იყო შეფასებულ მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებთან. ეს მაჩვენებელი, ჩემი აზრით, კიბოს პრევენციის შესაძლებლობებზე საუბრისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე მონაცემია. (IARC)
თუმცა ამ შედეგის ინტერპრეტაციისას აუცილებელია სიფრთხილე. 37% არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ პაციენტში დაავადების განვითარება აუცილებლად იქნებოდა თავიდან აცილებული, თუ ის შესაბამის რისკ-ფაქტორს არ დაექვემდებარებოდა. ეს არის პოპულაციური შეფასება — ე.წ. ატრიბუციული ტვირთი — რომელიც გვიჩვენებს, რა რაოდენობის შემთხვევებია სტატისტიკურად დაკავშირებული განსაზღვრულ მოდიფიცირებად ექსპოზიციებთან. სწორედ ასეთი განსხვავება ინდივიდუალურ რისკსა და პოპულაციურ მაშტაბს შორის უნდა გვახსოვდეს, როდესაც გლობალურ ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს კლინიკურ პრაქტიკაში ვაფასებთ.
თამბაქო, ინფექციები და ალკოჰოლი — პრევენციის სამი მნიშვნელოვანი მიმართულება.
კვლევამ აჩვენა, რომ მოდიფიცირებად მიზეზებს შორის ყველაზე დიდი წვლილი თამბაქოს ჰქონდა — ის 2022 წლის ყველა ახალი კიბოს შემთხვევის დაახლოებით 15%-ს უკავშირდებოდა. მას მოჰყვებოდა კიბოს გამომწვევი ინფექციები — დაახლოებით 10%, ხოლო ალკოჰოლის მოხმარება — დაახლოებით 3%. (IARC)
ეს მონაცემები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კიბოს პრევენცია მხოლოდ ინდივიდუალური ცხოვრების წესის შესახებ რეკომენდაციებით არ შემოიფარგლება. თამბაქოს კონტროლი, HPV-ისა და HBV-ის ვაქცინაცია, ინფექციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ალკოჰოლთან დაკავშირებული რისკის შემცირება, ჰაერის ხარისხი და პროფესიული ექსპოზიციების კონტროლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემური ღონისძიებებია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრევენციის პრიორიტეტები ყველა პოპულაციაში ერთნაირი არ არის. IARC-ის ანალიზმა აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავებები სქესისა და რეგიონის მიხედვით. მამაკაცებში მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებული იყო ახალი კიბოს შემთხვევების დაახლოებით 45%, ქალებში კი — დაახლოებით 30%. მამაკაცებში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი თამბაქო იყო, ხოლო ქალებში ინფექციური მიზეზების წილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. (IARC)
ამიტომ ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა ის არის, რომ კიბოს პრევენციის უნივერსალური მოდელი არ არსებობს. ეფექტური სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ პროფილს, მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს და იმ რისკ-ფაქტორებს, რომლებიც კონკრეტულ გარემოში ყველაზე დიდ ტვირთს ქმნის.
როცა პრევენცია საკმარისი არ არის!
მიუხედავად იმისა, რომ კიბოს მნიშვნელოვანი ნაწილის პრევენცია შესაძლებელია, ყველა სიმსივნის თავიდან აცილება ვერ მოხერხდება. სწორედ აქ იწყება კიბოს კონტროლის მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი — დაავადების ადრეული გამოვლენა და ეფექტური მკურნალობა.
ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს 2026 წლის The Lancet Global Health-ში გამოქვეყნებული IARC-ის პოპულაციური კვლევა, რომელიც 185 ქვეყანასა და 35 კიბოს ლოკალიზაციას მოიცავდა. მკვლევრებმა შეაფასეს 2022 წელს კიბოს დიაგნოზის მქონე ადამიანებში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოსალოდნელი სიკვდილიანობის ის ნაწილი, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა პირველადი პრევენციით, ადრეული გამოვლენით ან ეფექტური მკურნალობით. (IARC)
შედეგი განსაკუთრებით საყურადღებოა: დაახლოებით 9.4 მილიონი მოსალოდნელი სიკვდილიდან 4.5 მილიონი, ანუ 48%, შეფასდა პოტენციურად თავიდან აცილებადად. მათგან დაახლოებით 3.1 მილიონი სიკვდილი (33%) დაკავშირებული იყო პირველადი პრევენციის შესაძლებლობებთან, ხოლო 1.4 მილიონი (14%) — ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მკურნალობის გაუმჯობესების პოტენციალთან. (IARC)
ეს მონაცემი არ უნდა წავიკითხოთ როგორც ინდივიდუალური პაციენტის პროგნოზი და არც როგორც მტკიცება, რომ ყოველი ასეთი სიკვდილის თავიდან აცილება აუცილებლად იქნებოდა შესაძლებელი. კვლევა ეფუძნება პოპულაციურ მოდელირებასა და სხვადასხვა სცენარის შედარებას. თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივიდან ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია: კიბოთი სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ უნდა მივიჩნიოთ გარდაუვალ შედეგად.
სკრინინგი მიმართულია იმ ადამიანების იდენტიფიცირებისკენ, რომლებსაც ჯერ სიმპტომები არ აქვთ, ხოლო ადრეული დიაგნოსტიკა გულისხმობს სიმპტომების მქონე პაციენტის დროულ შეფასებასა და დაავადების სწრაფ დადასტურებას. ორივე მიდგომის საბოლოო მიზანი დაავადების უფრო ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაა, მაგრამ მათი სამიზნე პოპულაცია და ორგანიზაციული მოთხოვნები განსხვავებულია.
აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „მეტი სკრინინგი“ ავტომატურად არ ნიშნავს „უკეთეს ონკოლოგიურ შედეგს“. ეფექტური სკრინინგი უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და უნდა ითვალისწინებდეს როგორც სარგებელს, ისე შესაძლო ზიანს — ცრუ-დადებით შედეგებს, ზედმეტ დიაგნოსტიკურ ჩარევებს, overdiagnosis-სა და over-treatment-ს.
სწორედ ამიტომ კიბოს კონტროლის ხარისხი ვერ შეფასდება მხოლოდ იმით, რამდენი სკრინინგული კვლევა ჩატარდა. უფრო მნიშვნელოვანი კითხვებია: რამდენი დაავადება გამოვლინდა კლინიკურად მნიშვნელოვანი სტადიიდან, რამდენად სწრაფად დადასტურდა დიაგნოზი, რამდენად დროულად დაიწყო მკურნალობა და რამდენად სრულად მიეწოდა პაციენტს რეკომენდებული თერაპია.
თანამედროვე მკურნალობა: შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომობად უნდა იქცეს.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ონკოლოგიაში მიღწეული პროგრესი უდავოდ შთამბეჭდავია. ჩვენ დღეს შეგვიძლია სიმსივნის მოლეკულური პროფილის მიხედვით მკურნალობის შერჩევა, კონკრეტული ბიომარკერების არსებობის შემთხვევაში მიზნობრივი თერაპიის გამოყენება, იმუნური სისტემის აქტივაცია და გარკვეულ დაავადებებში ხანგრძლივი კონტროლის მიღწევა, რომელიც ადრე პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნეოდა.
თუმცა, ჩემთვის თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარადოქსი სწორედ ეს არის: ეფექტური თერაპიის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს ეფექტური მკურნალობის მიღებას.
პაციენტმა ჯერ უნდა მიიღოს დროული დიაგნოზი; შემდეგ — სწორი სტადირება და, საჭიროების შემთხვევაში, მოლეკულური ტესტირება; ამის შემდეგ კი შესაბამისი მკურნალობა უნდა გახდეს რეალურად ხელმისაწვდომი. საბოლოო შედეგზე გავლენას ახდენს მკურნალობის დაწყების დრო, თერაპიის ხარისხი, მისი უწყვეტობა და შემდგომი მონიტორინგიც.
2026 წლის Lancet Global Health-ის კვლევამ სწორედ ამ პრობლემის მასშტაბი წარმოაჩინა: ადრეული გამოვლენისა და გაუმჯობესებული მკურნალობის გზით თავიდან აცილებადი სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წვლილი ძუძუს, კოლორექტულ და პროსტატის კიბოებზე მოდიოდა. (IARC)
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასკვნაა, რადგან გვიჩვენებს: კიბოს კონტროლის შემდეგი დიდი ეტაპი მხოლოდ ახალი პრეპარატების შექმნა არ არის. თანაბრად მნიშვნელოვანია უკვე არსებული მტკიცებულებებზე დაფუძნებული შესაძლებლობების დროული და თანაბარი დანერგვა.
უთანასწორობა, როგორც კიბოს კონტროლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა!
ორივე 2026 წლის კვლევის მონაცემების გაერთიანებისას ჩემთვის ყველაზე მკაფიოდ იკვეთება კიდევ ერთი საკითხი — კიბოს ბიოლოგიური ბუნება შეიძლება იყოს გლობალური, მაგრამ კიბოსგან სიკვდილის რისკი გლობალურად თანაბრად არ ნაწილდება.
Lancet Global Health-ის კვლევამ აჩვენა, რომ თავიდან აცილებადი სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო დაბალი და საშუალო Human Development Index-ის მქონე ქვეყნებში. ეს განსხვავება მხოლოდ პრევენციული ღონისძიებების სიმწირით არ აიხსნება; მას ემატება ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობის ხელმისაწვდომობის სხვაობებიც. (IARC)
ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ კიბოს სიკვდილიანობის შემცირებაზე, მხოლოდ ინდივიდუალური პაციენტის პასუხისმგებლობაზე აქცენტის გაკეთება არასაკმარისია. პაციენტის ქცევა მნიშვნელოვანია, მაგრამ მასზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობა, დროულად აღმოაჩინოს დაავადება, დაადასტუროს დიაგნოზი და პაციენტს შესთავაზოს თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობა.
ამ ორი კვლევის ერთობლივი შეფასება ჩემთვის ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე მიდის: კიბოს კონტროლის მომავალი მხოლოდ ახალი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები აღმოჩენაში არ არის.
თუ 2022 წლის მონაცემებით დაახლოებით 7.1 მილიონი ახალი კიბოს შემთხვევა დაკავშირებული იყო მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებთან, ხოლო უკვე კიბოს დიაგნოზის მქონე ადამიანებში დაახლოებით 4.5 მილიონი სიკვდილი შეფასდა პოტენციურად თავიდან აცილებადად, მაშინ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩვენს ხელთ არსებული ცოდნის ეფექტურად გამოყენებაშია. (IARC)
ჩემი აზრით, სწორედ ამ პერსპექტივით უნდა შევხედოთ თანამედროვე ონკოლოგიას: კიბოს პრევენცია იწყება დიაგნოზამდე, მაგრამ კიბოს კონტროლი დიაგნოზით არ მთავრდება.
თამბაქოს კონტროლი, ინფექციების პრევენცია და ვაქცინაცია, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სკრინინგი, ადრეული დიაგნოსტიკა, ზუსტი მოლეკულური დახასიათება და ეფექტური მკურნალობა ერთი საერთო მიზნის სხვადასხვა ეტაპია — სიცოცხლის შენარჩუნება.
და საბოლოოდ, ჩემთვის თანამედროვე ონკოლოგიის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი არ უნდა იყოს მხოლოდ ის, თუ რამდენად ახალი ან ინოვაციური თერაპიის შეთავაზება შეგვიძლია პაციენტისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ კიბოს რამდენი შემთხვევის თავიდან აცილება შეგვიძლია, რამდენი დაავადების აღმოჩენა შეგვიძლია დროულად და რამდენ პაციენტს შეგვიძლია მივცეთ შესაძლებლობა, მიიღოს ის მკურნალობა, რომლის ეფექტურობაც უკვე დამტკიცებულია.
კიბოსგან თავისუფალი სამყაროს შექმნა ამ ეტაპზე რეალისტური მიზანი არ არის. თუმცა, კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ნაწილის თავიდან აცილება — არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების მიხედვით — უკვე რეალური შესაძლებლობაა. სწორედ ამ შესაძლებლობის სწორად გამოყენება წარმოადგენს თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას.
ავტორი: ეთერ სურგულაძე, MD, კლინიკური ონკოლოგიის რეზიდენტი


