საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ნაციონალური საზოგადოების (GNGHS) ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი გოჩა ბარბაქაძე ევროპის გასტროენტეროლოგთა გაერთიანების (UEG) ეროვნული საზოგადოებების ფორუმის (NSF) წარმომადგენელი გახდა. ამ გადაწყვეტილებით საქართველომ ევროპული ორგანიზაციის სტრუქტურის ფორმირების პროცესში ოფიციალური წარმომადგენლობა მოიპოვა.
ეროვნული საზოგადოებების ფორუმის (National Society Forum – NSF) მთავარი მიზანი პროფესიულ დონეზე გასტროენტეროლოგებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლის ხელშეწყობაა. ევროპული თანამშრომლობის დონეზე ფორუმი უზრუნველყოფს მჭიდრო კავშირის შექმნას ეროვნულ სამედიცინო საზოგადოებებსა და საერთო ევროპულ ინიციატივებს შორის.
ევროპის გასტროენტეროლოგთა გაერთიანება (UEG) 1992 წელს დაფუძნდა და საქართველო ორგანიზაციას დაარსებიდან მალევე შეუერთდა. მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ნაციონალური საზოგადოება (პრეზიდენტი — მანანა ჯებაშვილი) მუდმივად მონაწილეობს ევროპულ პროფესიულ დიალოგში, რაც საერთაშორისო გამოცდილების, კლინიკური პრაქტიკისა და უახლესი პროფესიული სტანდარტების გაზიარებას გულისხმობს. ორგანიზაციის შეხვედრებში ასევე აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

