ეპილეფსიით მცხოვრები ადამიანებისთვის უმთავრესი გამოწვევა მხოლოდ დიაგნოზი არ არის – გადამწყვეტია, რამდენად დროულად მოიძებნება მკურნალობის სწორი გზა. თანამედროვე ეპილეფტოლოგია სულ უფრო მეტად პასუხობს ამ ამოცანას ადრეული დიაგნოსტიკით, გენეტიკური ტესტირებით, ახალი თაობის მედიკამენტებით, ქირურგიითა და ნეირომოდულაციით. სწორედ ამ მიღწევებს მიეძღვნა ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკატერინე პატარაიას საჯარო ლექცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა.
ლექციაზე უახლესი სამეცნიერო მიღწევები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სამოქმედო გეგმის კონტექსტში იყო განხილული, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებას, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ინოვაციებში ინვესტიციების ჩადებას უსვამს ხაზს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროგრესი მხოლოდ ლაბორატორიულ აღმოჩენებზე არაა დამოკიდებული – გადამწყვეტია დიაგნოსტიკის სიზუსტე და პაციენტების დროული გადამისამართება. ამას სრულად პასუხობს ეპილეფსიის საწინააღმდეგო საერთაშორისო ლიგის 2025 წლის განახლებული კლასიფიკაცია, რომელიც აზუსტებს ტერმინოლოგიას, დიდ ყურადღებას უთმობს ცნობიერებას, გულყრის სიმპტომების თანმიმდევრობასა და ბიოლოგიური ფორმების გამიჯვნას.
განსახილველ თემებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა გენეტიკურ გენერალიზებულ ეპილეფსიასა და მოლეკულური დიაგნოსტიკის მზარდ როლს, რომელიც სინდრომების გარჩევასთან ერთად მკურნალობის ზუსტ ვექტორს სახავს.
ფარმაკოთერაპიის მიმართულებით, პროფესორმა პატარაიამ მიმოიხილა ახალი მედიკამენტები (ბექსიკასერინი, რადიპროდილი, BHV-7000, აზეტუკალნერი და RAP-219), რომლებიც რეზისტენტული ფორმების სამართავად იქმნება. თუმცა, ინოვაციური მედიკამენტები პრობლემის მხოლოდ ნაწილია. ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსიის დროს პაციენტები ქირურგიულ შეფასებამდე ზოგჯერ ათწლეულებს (დაახლოებით 20 წლამდე) ელოდებიან, რაც მძიმე დარტყმას აყენებს მათ სოციალურ ცხოვრებასა და უსაფრთხოებას.
სათანადო ჩვენების შემთხვევაში, ქირურგიულ მკურნალობას გულყრების დრამატული შემცირების რეალური შანსი მოაქვს, რის წარმატებაც დეტალურ წინასაოპერაციო დიაგნოსტიკასა და თანამედროვე ქსელურ მოდელს ეყრდნობა. ტვინის იზოლირებული „კერის“ ნაცვლად, დარგი უკვე აღიარებს, რომ გულყრებში ურთიერთდაკავშირებული ნერვული ქსელები მონაწილეობენ და პათოლოგიური პროცესიც მათი გავრცელებით ხასიათდება.
ქსელური მიდგომის ეს პრინციპი ნეირომოდულაციასაც უდევს საფუძვლად, რომელიც პატარაიამ როგორც ინვაზიური, ისე არაინვაზიური ფორმით მიმოიხილა. ახალი მიდგომების მიზანი თავის ტვინის პათოლოგიურ აქტივობაზე ზემოქმედებაა მაშინ, როდესაც ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილი არ არის ან დამატებითი კონტროლია საჭირო. ეეგ-ისა და პაციენტის სხვა ინდივიდუალური მონაცემების გაანალიზებით, ხელოვნური ინტელექტი, შესაძლოა, სტიმულაციის პარამეტრების პერსონალიზებაშიც დაგვეხმაროს, თუმცა აღნიშნული სისტემები ჯერ კიდევ მკაცრ კლინიკურ ვალიდაციას საჭიროებს.
საბოლოო ჯამში, ლექციამ ტექნოლოგიური ინოვაციები პრაქტიკულ გზავნილთან დააკავშირა: ეპილეფსიის უკეთესი მართვა მოითხოვს დაავადების უფრო ადრეულ ამოცნობას, უფრო ზუსტ კლასიფიკაციას, საჭიროების შემთხვევაში ქირურგიულ განყოფილებაში უფრო სწრაფ გადამისამართებასა და თითოეულ პაციენტზე მორგებულ მკურნალობას. თსსუ-ში ამ მიღწევების გაზიარებით, ქალბატონმა ეკატერინემ სტუდენტებსა და კოლეგებს დაანახა დარგი, რომელიც სიმპტომების კონტროლიდან ქსელურ, ზუსტ და პერსონალიზებულ მედიცინაზე გადადის.

