ბავშვებისა და მოზარდების მიერ ციფრული მედიის (სოციალური ქსელები, ვიდეო თამაშები) გამოყენება ჯანმრთელობისა და განვითარების მაჩვენებლების გაუარესებასთან მჭიდრო კავშირშია.
JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნებული ახალი სისტემური მიმოხილვისა და მეტა-ანალიზის თანახმად, რომელიც 153 გრძელვადიან კვლევასა და 18 933 მონაწილეს აერთიანებს, ციფრული მოწყობილობების ხშირი მოხმარება გარკვეულ რისკებს აჩენს.
კვლევის შედეგები
კვლევამ აჩვენა, რომ ციფრული აქტივობები ბავშვების ფსიქიკურ და ქცევით განვითარებაზე განსხვავებულ გავლენას ახდენს. სოციალური მედიის გამოყენება ყველაზე მეტად არის დაკავშირებული ისეთ სერიოზულ პრობლემებთან, როგორებიცაა, მაგალითად, დეპრესია, თვითდაზიანებისკენ მიდრეკილება, ქცევითი დარღვევები და ნივთიერებების მოხმარება, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია მოზარდებში; ამასთან, სოციალურ ქსელებს უკავშირდება დაბალი აკადემიური მოსწრებაც.
ვიდეო თამაშების შემთხვევაში შედეგები შერეულია: ერთის მხრივ, ისინი ზრდის აგრესიისა და იმპულსური ქცევის რისკს, თუმცა, მეორეს მხრივ, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თამაშები გარკვეულწილად აუმჯობესებს ბავშვების ყურადღებას და აზროვნების პროცესებს. რაც შეეხება ზოგად ინტერნეტ-აქტივობასა და მესინჯერების გამოყენებას, ისინი ძირითადად დეპრესიული განწყობის ზრდასთან ასოცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები სწავლისა და კომუნიკაციის კარგი საშუალებაა, მათი უკონტროლო გამოყენება პოპულაციურ დონეზე აისახება ბავშვების კეთილდღეობაზე, რაც მშობლებს, პედაგოგებსა და პოლიტიკის შემქმნელებს აძლევს მკაფიო სიგნალს: საჭიროა მეტი ყურადღება და ისეთი მიდგომები, რომლებიც დააბალანსებს თანამედროვე ტექნოლოგიების სარგებელსა და ბავშვთა ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს.
წყარო: JAMA

