გრიფიტის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, მედიკამენტებს, რომლებიც დიაბეტისა და ჭარბი წონის სამკურნალოდ გამოიყენება (GLP-1 რეცეპტორის აგონისტები), შესაძლოა, ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც დადებითი ეფექტი ჰქონდეს. ჟურნალ Acta Psychiatrica Scandinavica-ში გამოქვეყნებული ნაშრომი აჩვენებს, რომ ეს წამლები განსაკუთრებით იმედისმომცემია ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებისთვის.
შვედეთის ეროვნულ მონაცემებზე დაყრდნობილი მასშტაბური კვლევა 15 000-მდე პაციენტის კლინიკურ ისტორიას სწავლობდა. კვლევის წამყვანი ავტორის, პროფესორ მარკ ტეილორის განცხადებით, ბიპოლარული აშლილობის მქონე პირებში, რომლებიც სემაგლუტიდს (ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც Ozempic ან Wegovy) იღებდნენ, ფსიქიატრიულ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის რისკი 21%-ით შემცირდა იმ პერიოდებთან შედარებით, როდესაც ისინი აღნიშნულ პრეპარატს არ იყენებდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში ბიპოლარული აშლილობით 37 მილიონი ადამიანი (ყოველი 200-დან ერთი) ცხოვრობს. ხშირ შემთხვევაში, ეს დიაგნოზი სიმსუქნესა და დიაბეტთან თანხვედრაშია, რაც საერთო ბიოლოგიურ საფუძვლებზე მიუთითებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პრეპარატი ტვინში ანთებით პროცესებსა და უჯრედულ სტრესს ამცირებს, რაც განწყობის სტაბილურობასა და დაავადების რეციდივის რისკის შემცირებას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირება მხოლოდ სემაგლუტიდს დაუკავშირდა — სხვა მსგავსმა მედიკამენტებმა (ლირაგლუტიდმა და დულაგლუტიდმა) ანალოგიური შედეგი არ აჩვენა.კვლევის ავტორების თქმით, ეს მიგნებები ბიპოლარული აშლილობის კვლევაში სრულიად ახალ პერსპექტივებს აჩენს, თუმცა საბოლოო დასკვნების მისაღებად და მექანიზმის უკეთ შესასწავლად რანდომიზებული კლინიკური კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.

