მამოგრაფია არა მხოლოდ კიბოს, არამედ გულის დაავადებების რისკის გამოსავლენად

გააზიარე

„2026 წლის 1 ოქტომბრიდან აშშ-ის მერილენდის შტატში მამოგრაფიის პასუხს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაემატა, და ეს ინფორმაცია ძუძუს კიბოს კი არა, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას ეხება.

მერილენდი პირველი შტატი გახდა, სადაც მამოგრაფიაზე სარძევე ჯირკვლის არტერიების კალციფიკაციის აღმოჩენის შესახებ პაციენტის წერილობითი ინფორმირება სავალდებულოა.

რას ხედავენ რადიოლოგები მამოგრაფიაზე და რატომ შეიძლება იყოს ეს მნიშვნელოვანი გულის ჯანმრთელობისთვის?

მამოგრაფიას ძირითადად ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენისთვის იყენებენ. თუმცა გამოსახულებაზე ზოგჯერ სარძევე ჯირკვლის სისხლძარღვების კედლებში კალციუმის ჩალაგებაც ჩანს. ამას სარძევე ჯირკვლის არტერიების კალციფიკაცია ეწოდება და საერთაშორისო ლიტერატურაში BAC-ის სახელით მოიხსენიებენ.

ეს ძუძუს კიბოს ნიშანი არ არის. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი ცვლილება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებულ რისკთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, ინფორმაცია მხოლოდ გამოსახულებაზე არ დარჩეს, მის შესახებ იცოდნენ ქალმაც და მისმა მკურნალმა ექიმმაც.

ამ თემას თავადაც ახლახან უფრო სიღრმისეულად გავეცანი. ქალთა ჯანმრთელობის ადვოკატირების ორგანიზაციებში ამ საკითხის გარშემო თანამშრომლობის შესაძლებლობებს აქტიურად განვიხილავთ. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ შეიძლება ქალის ჯანმრთელობისთვის უკვე ჩატარებულმა კვლევამ პრევენციის კიდევ ერთი შესაძლებლობა შექმნას.

სიახლე თავად კალციფიკაციის აღმოჩენა არ არის, რადიოლოგები მას დიდი ხანია ხედავენ. შედარებით ახალია მისი, როგორც გულ-სისხლძარღვთა რისკის შესაძლო მაჩვენებლის, მიმართ მზარდი ინტერესი და იმის მცდელობა, ეს ინფორმაცია ყოველდღიურ სამედიცინო პრაქტიკაში უფრო გააზრებულად იქნეს გამოყენებული.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში ქალთა სიკვდილიანობის პირველი მიზეზია. ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე ყურადღების გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება.

სარძევე ჯირკვლის არტერიების კალციფიკაცია სისხლძარღვოვანი ცვლილებაა, რომელიც არტერიების ელასტიკურობის შემცირებას უკავშირდება. კვლევები აჩვენებს, რომ ამ ცვლილების არსებობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებულ რისკთან არის დაკავშირებული, ხოლო ზოგიერთ კვლევაში უფრო გამოხატული კალციფიკაცია კიდევ უფრო მაღალ რისკს უკავშირდება.

თუმცა აქ მნიშვნელოვანი განსხვავებაა: მამოგრაფიაზე ასეთი ცვლილების აღმოჩენა არ ნიშნავს, რომ გულის სისხლძარღვები დახშულია. ეს არც გულის დაავადების დიაგნოზია და არც იმის მტკიცებულება, რომ ადამიანს აუცილებლად განუვითარდება ინფარქტი ან ინსულტი. უფრო სწორია, მას დამატებითი ყურადღების სიგნალი ვუწოდოთ, ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გულ-სისხლძარღვთა რისკის უფრო სრულფასოვანი შეფასებისკენ უბიძგოს ექიმს.

ასევე მნიშვნელოვანია საპირისპიროც: კალციფიკაციის არარსებობა გულისა და სისხლძარღვების დაავადებას არ გამორიცხავს. მამოგრაფია ძუძუს კიბოს სკრინინგის მეთოდად რჩება და გულის ჯანმრთელობის შეფასებას ვერ ჩაანაცვლებს.

ამ მიდგომის ღირებულება ისაა, რომ უკვე ჩატარებული კვლევიდან შესაძლოა დამატებითი, პრევენციისთვის სასარგებლო ინფორმაცია მიიღონ, მხოლოდ ამ ცვლილების გამოსავლენად ახალი გამოკვლევისა და დამატებითი დასხივების გარეშე. თუმცა ინფორმაცია მხოლოდ გამოსახულებაზე არ უნდა დარჩეს: მნიშვნელოვანია მისი აღწერა, ქალისა და მისი მკურნალი ექიმისთვის გასაგებად მიწოდება და, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი შეფასება.

მერილენდის კანონით გათვალისწინებულია, რომ პაციენტთან გაგზავნილ წერილში განმარტებული იყოს, რომ ეს გავრცელებული აღმოჩენაა, რომელიც შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა მომატებულ რისკზე მიუთითებდეს, და ქალს ურჩიოს, ექიმთან განიხილოს საკუთარი რისკფაქტორები და დამატებითი შეფასების საჭიროება.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთ აღმოჩენას ავტომატურად კარდიოლოგთან ვიზიტი ან ძვირადღირებული გამოკვლევა უნდა მოჰყვეს. პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს არტერიული წნევის, ქოლესტერინის, სისხლში გლუკოზისა და სხვა რისკფაქტორების გადახედვა. შემდგომი მოქმედება კი ქალის ჯანმრთელობის საერთო სურათის მიხედვით უნდა განისაზღვროს“, — წერს სოციალურ ქსელში ქეთევან შავლიაშვილი – ექიმი, ანტრეპრენერი, კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის დოქტორანტი.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები