ტოკიოს მეცნიერების ინსტიტუტის (Institute of Science Tokyo) რობოტიკის ინოვაციების ცენტრმა ავტომატიზებული ბიოლოგიური ლაბორატორია გახსნა, სადაც ექსპერიმენტებს ადამიანების ნაცვლად ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ორმკლავიანი რობოტები ატარებენ.
ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ცენტრის გრძელვადიანი მიზანია, 2040-2050 წლებისთვის შექმნას გლობალური მასშტაბის „საწარმოო ობიექტი“ ათასობით დამოუკიდებელი რობოტით, რომლითაც სარგებლობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებენ მკვლევრები.
ცენტრის მკვლევრის, გენკი კანდას განცხადებით, ლაბორატორიაში არსებული რობოტები მხოლოდ მექანიკურ სამუშაოს კი არ ასრულებენ, არამედ ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ, აანალიზებენ მონაცემებს და აუმჯობესებენ ექსპერიმენტის მეთოდებს.
მაგალითად, ერთ-ერთი კვლევისას, ხელოვნურმა ინტელექტმა 111 დღეში 144 სხვადასხვა პირობა გამოსცადა და ადამიანის ღეროვანი უჯრედების კულტივირებისთვის იდეალური გარემო შეარჩია. სხვა შემთხვევაში, რობოტმა შეძლო უჯრედების ზრდის ტრაექტორიის წინასწარმეტყველება და მათი აღების (ჰარვესტინგის) ზუსტი დროის განსაზღვრა. მათ ისიც კი შეძლეს, რომ მეცნიერების შვებულებაში ყოფნის დროს, 8 დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში, დამოუკიდებლად მოევლათ უჯრედების კულტურებისთვის.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ სრულად ავტონომიური ლაბორატორიები ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა. მათი შეფასებით, რობოტები მეცნიერებს სამუშაო ადგილებს ვერ წაართმევენ, რადგან მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ისეთი კომპლექსური, მრავალეტაპიანი ქიმიური სინთეზის განხორციელება, როგორიც, მაგალითად, ონკოლოგიური პრეპარატის – პაკლიტაქსელის დამზადებაა.
ამ ეტაპზე ადამიანის ჩარევა კვლავ აუცილებელია რეაგენტების მოსამზადებლად, აპარატურის გასასუფთავებლად და იმ შეცდომების გამოსასწორებლად, რომლებსაც რობოტები უშვებენ. თუმცა, იაპონიისთვის, სადაც დოქტორანტურაზე სტუდენტების კლების გამო კადრების დეფიციტია, ეს ტექნოლოგია ტექნიკური პერსონალისა და ასპირანტების საქმის შესასრულებლად საუკეთესო გამოსავალია.
მთავარ გამოწვევად კვლავ მაღალი ფასი რჩება. ბაზარზე არსებული მარტივი, ერთმკლავიანი რობოტებიც კი $20,000-დან $30,000-მდე ღირს, აქსესუარების ხარჯების გაუთვალისწინებლად. ტოკიოს ინსტიტუტის შემთხვევაში კი, თითოეული რობოტის ღირებულებამ 1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სწორედ ამ კოლოსალური ფასის გამო, მეცნიერები გამოსავალს ისეთი საერთო ცენტრების შექმნაში ხედავენ, სადაც ძვირადღირებულ აპარატურაზე წვდომა სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს თანაბრად ექნებათ.
წყარო: Nature

