მეცნიერებმა მამაკაცის კონტრაცეფციული აბი შექმნეს, რომლის მიღებაც სქესობრივ აქტამდე 30 წუთით ადრე იქნება საჭირო

გააზიარე

Weill Cornell Medicine-ის მკვლევრები მამაკაცის კონტრაცეფციის ექსპერიმენტულ აბს ავითარებენ, რომელიც სპერმატოზოიდების მოძრაობას დროებით ბლოკავს. პრეპარატის მიღება სქესობრივ აქტამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე იქნება შესაძლებელი, ხოლო მისი მოქმედება 6-8 საათს გაგრძელდება. პროექტის შემდგომი კვლევისთვის აშშ-ის ბავშვთა ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ეროვნულმა ინსტიტუტმა (NICHD) მეცნიერებს 8.2 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო.

პრეპარატზე ფარმაკოლოგები ჯოხენ ბაკი და ლონი ლევინი მუშაობენ. ოთხწლიანი დაფინანსება მათ საშუალებას მისცემს, შეისწავლონ პრეპარატის ტოქსიკურობა და უსაფრთხოება, რაც ადამიანებში კლინიკური გამოცდის დაწყებისთვის აუცილებელია. ამ ეტაპზე პრეპარატი ექსპერიმენტულ სტადიაზეა და ადამიანებში მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებული არ არის.

როგორ მუშაობს პრეპარატი?

ახალი კონტრაცეფციული აბის მოქმედება ხსნად ადენილატციკლაზას (sAC) სახელით ცნობილ ფერმენტს უკავშირდება, რომელიც სპერმატოზოიდების მოძრაობისთვის აუცილებელია. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ფერმენტის დროებით დათრგუნვით შესაძლებელია სპერმატოზოიდების მოძრაობის შეჩერება ისე, რომ მათი წარმოქმნის პროცესი არ დაიბლოკოს.

აბის მიღების შემდეგ აქტიური ნივთიერება სპერმატოზოიდებში აღწევს და sAC ფერმენტს თრგუნავს. შედეგად, სპერმატოზოიდები ვეღარ მოძრაობენ სათანადოდ და კვერცხუჯრედამდე მიღწევა უჭირთ. პრეპარატის კონცენტრაცია ორგანიზმში დროთა განმავლობაში მცირდება, ფერმენტის მოქმედება აღდგება და სპერმატოზოიდების მოძრაობაც ჩვეულებრივ მდგომარეობას უბრუნდება.

2023 წელს ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულმა წინაკლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ sAC ფერმენტის ბლოკირება სპერმატოზოიდებს უმოძრაობას აიძულებდა და ექსპერიმენტულ მოდელებში განაყოფიერებასა და ორსულობას ხელს უშლიდა.

რით განსხვავდება სხვა კონტრაცეფციული მეთოდებისგან?

მამაკაცის კონტრაცეფციის სხვა ექსპერიმენტული მეთოდების დიდი ნაწილი სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესზე მოქმედებს. ამ პროცესს დაახლოებით ორნახევარი თვე სჭირდება, ამიტომ ასეთი მეთოდების ეფექტის გამოსავლენად და მათი შეწყვეტის შემდეგ ნაყოფიერების აღსადგენად შესაძლოა კვირები ან თვეები იყოს საჭირო.

ახალი პრეპარატი უკვე წარმოქმნილ სპერმატოზოიდებზე მოქმედებს, რის გამოც მისი ეფექტი უფრო სწრაფი და დროებითია. აბის მიღება საჭიროებისამებრ იქნება შესაძლებელი და არა ყოველდღიურად. მკვლევრების მიზანია, მამაკაცებს კონტრაცეფციის დამატებითი არჩევანი შესთავაზონ და არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობის განაწილებას შეუწყონ ხელი.

როდის გახდება აბი ხელმისაწვდომი?

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ადამიანებში პირველი კლინიკური კვლევის დაწყებას დაახლოებით ორ წელიწადში შეძლებენ. მანამდე პრეპარატმა ცხოველებზე უსაფრთხოების დამატებითი ტესტირება უნდა გაიაროს. პირველ ფაზაში მეცნიერები შეაფასებენ გვერდით მოვლენებს და შეამოწმებენ, რამდენად ეფექტიანად და დროებით ბლოკავს პრეპარატი სპერმატოზოიდების მოძრაობას.

ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში მკვლევრებს გვერდითი მოვლენები არ გამოუვლენიათ, თუმცა ეს ადამიანებში უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა. დამატებით შესასწავლია, ხომ არ მოქმედებს sAC ფერმენტის დათრგუნვა სხვა ქსოვილებზეც და რჩება თუ არა სპერმატოზოიდების მოძრაობა დათრგუნული ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში მოხვედრის შემდეგ.

პრეპარატის ეფექტიანობის დასადასტურებლად მოგვიანებით ადამიანებში, მათ შორის წყვილებში, დამატებითი კლინიკური კვლევები იქნება საჭირო. შესაბამისად, მიუხედავად იმედისმომცემი წინაკლინიკური შედეგებისა, პრეპარატის ფართო გამოყენებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე ეტაპია გასავლელი.

წყარო: Cornell

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები