სოციალური ქსელები დამოკიდებულებას იწვევს? კალიფორნიაში ისტორიული სასამართლო პროცესი დაიწყო

გააზიარე

კალიფორნიის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უპრეცედენტო საქმეს განიხილავს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა სოციალური მედია დამოკიდებულების გამომწვევი.

დავა ახალგაზრდა ქალის სარჩელის საფუძველზე დაიწყო, რომელიც ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელებზე ჩამოყალიბებულმა დამოკიდებულებამ მას მძიმე შფოთვა და დეპრესია განუვითარა.

ნაფიც მსაჯულებს ორი საკვანძო საკითხის გადაჭრა მოუწევთ: არსებობს თუ არა მეცნიერული მტკიცებულება, რომ სოციალური მედია დამოკიდებულებას იწვევს და არიან თუ არა ტექნოლოგიური კომპანიები სამართლებრივად პასუხისმგებელნი მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

მიუხედავად სასამართლო დავისა, მეცნიერები ტერმინ „დამოკიდებულების“ გამოყენებაზე ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება, შესაძლოა, არა დაავადება, არამედ უბრალოდ „მავნე ჩვევა“ იყოს. ამასთან, აღნიშნული მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის შეტანილი ფსიქიკურ აშლილობათა ოფიციალურ სახელმძღვანელოებში.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებში მენტალური პრობლემები სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად გახშირდა, რთულია იმის თქმა, პლატფორმები იწვევს დეპრესიას, თუ პირიქით დეპრესიული ახალგაზრდები ატარებენ სოციალურ მედიაში მეტ დროს.

კვლევის მეთოდოლოგიური ხარვეზი კიდევ ერთ გამოწვევას ქმნის, რადგან მეცნიერები ხშირად მხოლოდ ეკრანთან გატარებულ საერთო დროს ზომავენ, მაშინ როცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ონლაინ აქტივობის შინაარსს ენიჭება – ზოგიერთი ინტერაქცია შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს, ზოგი კი პირიქით, ტოქსიკური.

სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დიდწილად არის დამოკიდებული ტექნოლოგიური გიგანტების მომავალიც. თუ ნაფიცი მსაჯულები დამოკიდებულების ფაქტს აღიარებენ, ეს კომპანიებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე დააყენებს.

სასამართლო პროცესი ამ კვირაში მხარეთა არგუმენტების წარდგენით უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ განხილვა აქტიურ ფაზაშია, საბოლოო გადაწყვეტილების თარიღი ჯერ უცნობია, რადგან საქმე უამრავი ექსპერტიზისა და კვლევის შესწავლას მოითხოვს.

სავარაუდოდ, ეს ისტორიული დავა რამდენიმე კვირას გაგრძელდება და მისი შედეგები სოციალური მედიის პლატფორმების სამართლებრივ რეგულირებას ფუნდამენტურად შეცვლის.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები