„საუკეთესო ექიმები ახდენენ დაავადების პრევენციას“ — პროფესორი ზურაბ კლიმიაშვილი კარდირეაბილიტაციის გამოწვევებსა და და ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობაზე

გააზიარე

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებამ 35 წლისთავისადმი მიძღვნილ მე-10 კონგრესზე მთავარი აქცენტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციასა და რეაბილიტაციაზე გააკეთა.

ევროპულ გაიდლაინებში ასახულ ჰოლისტურ მიდგომებზე, საქართველოში კარდიორეაბილიტაციის გამოწვევებსა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებასთან (ESC) პარტნიორობაზე საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ კლიმიაშვილი გვესაუბრა.

ბატონო ზურაბ, რა მთავარ სიახლეებსა და ინოვაციურ მიდგომებს ნერგავს დღეს კარდიოლოგია?

წლევანდელი გაიდლაინები პაციენტის ჰოლისტიკურ მართვას და კარდიორეაბილიტაციაში მომიჯნავე სპეციალობების — ენდოკრინოლოგიის, შინაგანი მედიცინისა და ნეფროლოგიის ჩართვას მოითხოვს. ექიმებმა დიდი ხანია იციან გულის, თირკმლისა და ღვიძლის პათოლოგიების ურთიერთკავშირი. თუმცა, ახალი მიდგომა გულის მკურნალობისას ამ ორგანოების ფუნქციის მკაცრ კონტროლს გავალდებულებს, რადგან პაციენტის სწორად მართვას სწორედ ეს განსაზღვრავს.

ჩვენი სესიაც ამ მულტიდისციპლინურ ფორმატს დაეყრდნო — ერთი პაციენტის ქეისი მე, ენდოკრინოლოგმა (ქეთევან ასათიანმა), ნეფროლოგმა (ავთო თათარაძემ) და შინაგანი მედიცინის პროფესორმა (კახა ჭელიძემ) ერთობლივად განვიხილეთ. ამავე თემებზე კონგრესის საპატიო სტუმარმა, ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანა აბრეუმ ორი მოხსენება წაიკითხა. პირველი პაციენტზე ზრუნვასა და რეაბილიტაციას დაეთმო, მეორე, ერთობლივ სესიაზე კი კარდიომეტაბოლური სინდრომი და პაციენტის მართვის პრაქტიკული გზები გავაანალიზეთ.

როგორ შეაფასებთ საქართველოში კარდიორეაბილიტაციის განვითარების დონეს?

საქართველოში კარდიოლოგიური რეაბილიტაცია პრაქტიკულად არ არსებობს. შესაბამისი ცენტრები არ გვაქვს. ის, რასაც კლინიკიდან გაწერამდე ვაკეთებთ, რეაბილიტაციის მხოლოდ პირველი, არასრული საფეხურია.

ევროპის ბევრ ქვეყანაში მეორე ეტაპი, გაწერის შემდგომ სპეციალიზებულ ცენტრებში პაციენტის ფიზიკური, მენტალური და ფსიქოლოგიური აღდგენა, სრულყოფილად მუშაობს. საქართველოში ეს ეტაპი ჯერ არ დაგვინერგავს და იმედია, მომავალში განვავითარებთ.

როგორ მუშაობს საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებასთან (ESC)?

კოლეგიალური ურთიერთობა 35 წლის წინ, საზოგადოების დაარსებისთანავე დავიწყეთ, თუმცა ბოლო 5-6 წელიწადში პარტნიორობა უპრეცედენტოდ მჭიდრო გახდა. ქართველი მომხსენებლები ევროპის კარდიოლოგთა კონგრესზე ყოველწლიურად გამოდიან და სესიებსაც ხელმძღვანელობენ.

პროფესორ არჩილ ჩუხრუკიძის პრეზიდენტობისას პირველი ერთობლივი სესიები გავმართეთ. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მოქმედმა პრეზიდენტმა, პროფესორმა რუსუდან აგლაძემ კი ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავა. დღეს ის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ბორდის წევრია და საგანმანათლებლო თუ სტრატეგიულ მიმართულებებს უშუალოდ მართავს. კომიტეტების მუშაობაში სხვა ქართველი კოლეგებიც აქტიურად მონაწილეობენ.

მჭიდრო პარტნიორობას ადასტურებს კონგრესზე ESC-ის მდივნისა და ადვოკატირების კომიტეტის თავმჯდომარის, პროფესორ სუზანა პრაისის სტუმრობაც. მან ევროკომისიის გლობალური პროგრამა „Save Heart“ წარადგინა. ინიციატივა პირველად ნიცაში, ევროპის კარდიოლოგთა სახლში გაჟღერდა, სადაც მე და ქალბატონი რუსუდანი ვიმყოფებოდით. საქართველოსთვის შესაბამისი პროგრამა უკვე შევქმენით და მას სწორედ პროფესორი პრაისი კოორდინირებს.

რას ეტყვით კოლეგებს, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი?

„საუკეთესო ექიმი დაავადების პრევენციას ახდენს“ — ეს ჩვენი საზოგადოების მთავარი კრედოა.

მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად უზარმაზარი სამუშაო გვაქვს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ: სანამ დაავადება განვითარდება, ექიმებს პრევენციის ეფექტიანი ბერკეტები გაგვაჩნია, უპირველესად კი — ცხოვრების წესის ცვლილება. თუ ამ ცნობიერებას მასშტაბურად დავნერგავთ, შედეგით ნამდვილად ვიამაყებთ.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები