გენური რედაქტირებით ფილტვისა და ღვიძლის მემკვიდრეობითი დაავადების პროგრესირება შეაჩერეს

გააზიარე

ჰანოვერის სამედიცინო სკოლისა (MHH) და შანხაის რენჯის საავადმყოფოს მკვლევრებმა ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი (AATM) გენური კორექციით პირველად მართეს. CRISPR/Cas9 ტექნოლოგიის გამოყენებით, მეცნიერებმა 7 პაციენტის დნმ-ში დაზიანებული უბანი პირდაპირ შეცვალეს.

AATM თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევაა. გენეტიკური დეფექტის გამო ორგანიზმი დამცავ ცილას — ალფა-1 ანტიტრიფსინს ვეღარ წარმოქმნის, რაც ფილტვისა და ღვიძლის მძიმე დაზიანებას (ემფიზემას, ფიბროზს ან ციროზს) იწვევს. აქამდე დაავადების განკურნება შეუძლებელი იყო, კრიტიკულ შემთხვევებში კი ერთადერთ გამოსავლად ორგანოს ტრანსპლანტაცია რჩებოდა.

ტრადიციული გენური თერაპია უჯრედში ჯანსაღი გენის ასლს ვირუსული ვექტორებით ნერგავს. ახალი მიდგომა, ე.წ. „ბაზური რედაქტირება“ (base editing), უშუალოდ მუტაციაზე ფოკუსირდება. მკვლევრებმა „გენური მაკრატლით“ დნმ-ის ერთი არასწორი საშენი ბლოკი (ბაზა) ჩაანაცვლეს. ამის შემდეგ უჯრედმა ბუნებრივი სარემონტო პროგრამა ჩართო და დნმ-ის მეორე ჯაჭვიც დამოუკიდებლად, ორმაგი წყვეტის გარეშე შეასწორა.

ვინაიდან ეს დაავადება ძირითადად ევროპასა და აშშ-ში გვხვდება, გერმანელმა ექიმებმა შანხაის კლინიკურ კვლევაში ჩასართავად 7 პაციენტი გაგზავნეს. ერთ-ერთი მათგანი, 55 წლის კატრინ ჰ., დაავადების მძიმე ფორმით წლების განმავლობაში იტანჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის დაკარგულ ცილას ყოველკვირეულად ინტრავენურად იღებდა (ჩანაცვლებითი თერაპია), დაავადება მაინც პროგრესირებდა.

შანხაიში ჩატარებული ერთთვიანი გენური თერაპიის შემდეგ კლინიკური სურათი რადიკალურად შეიცვალა. სისხლის ანალიზებმა აჩვენა, რომ პაციენტის ორგანიზმმა დამცავი ცილის წარმოქმნა დამოუკიდებლად დაიწყო. მას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენია და ყოველკვირეულ ინფუზიებს აღარ საჭიროებს.

მართალია, გენური თერაპია უკვე დაზიანებულ ორგანოებს ვერ აღადგენს, მაგრამ ის დაავადების პროგრესირებას აჩერებს. ჰანოვერის კლინიკა კვლევის გაგრძელებას 2027 წლის დასაწყისში უკვე გერმანიაში გეგმავს. კვლევის ავტორების შეფასებით, ეს რევოლუციური მიდგომა სამომავლოდ ღვიძლის სხვა ისეთი გენეტიკური დაავადებების სამკურნალოდაც გამოდგება, სადაც დნმ-ში მხოლოდ ერთი ბაზის ჩანაცვლებაა საჭირო.

კვლევის პირველადი შედეგები გამოცემა Journal of Hepatology-ში გამოქვეყნდა.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები