ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, Chlamydia pneumoniae, რომელიც ჩვეულებრივ პნევმონიასა და სინუსიტს იწვევს, შესაძლოა, ადამიანის თვალსა და ტვინში წლობით იარსებოს და ალცჰაიმერის განვითარება მნიშვნელოვნად დააჩქაროს.
კვლევამ აჩვენა, რომ ეს ბაქტერია აღწევს ბადურამდე, სადაც ის იმუნურ რეაქციასა და ქრონიკულ ანთებას იწვევს. მკვლევართა განმარტებით, თვალი ტვინის ერთგვარი გაგრძელებაა, ხოლო ბადურაში ბაქტერიული ინფექციისა და ანთების აღმოჩენა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, არაინვაზიური გზით (თვალის სკანირებით) იწინასწარმეტყველონ ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები.
მეცნიერებმა 104 ადამიანის ქსოვილების სიღრმისეული შესწავლის შედეგად განსაზღვრეს პირდაპირი კავშირი ბაქტერიულ ინფექციასა და ნეიროდეგენერაციას შორის: ალცჰაიმერით დაავადებულთა ბადურასა და ტვინში Chlamydia pneumoniae-ს კონცენტრაცია საგრძნობლად მაღალი აღმოჩნდა, თანაც ბაქტერიების რაოდენობის ზრდა პროპორციულად აისახება კოგნიტური დაქვეითების სიმძიმეზე.
აღსანიშნავია გენეტიკური ფაქტორიც. ინფექციის მაღალი დონე განსაკუთრებით ხშირად ფიქსირდება APOE4 გენის მატარებელ პირებში. ეს ფაქტი მიუთითებს ამ გენის როლზე ბაქტერიის მიმართ ორგანიზმის მოწყვლადობაში.
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ბაქტერიული ინფექცია პათოლოგიური ცილის, ამილოიდ-ბეტას დაგროვებას, პროვოცირებას უწევს, რომელიც ტვინში ნერვული უჯრედების კვდომას აჩქარებს.
ეს აღმოჩენა სრულიად ახალ გზას ხსნის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ფაქტორზე ზემოქმედებით, ადრეული ანტიბიოტიკოთერაპიითა და ანთების საწინააღმდეგო მკურნალობით, დაავადების პროგრესირების შეფერხება შესაძლებელი გახდება.
წყარო: Nature

