ოფთალმოლოგიის ციფრული ტრანსფორმაცია

გააზიარე

თვალის კვლევის სტანდარტები იცვლება. ახალი 3D სისტემით აღჭურვილი ციფრული ტექნოლოგია ოფთალმოლოგიურ კვლევებს უფრო ზუსტსა და ხელმისაწვდომს ხდის.  ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კი მარტივდება დიაგნოსტირება და მინიმუმამდე მცირდება ლოდინის დრო, რაც პაციენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თვალის 3D ვიზუალიზაციის სისტემა წარმოადგინა დიდი ბრიტანეთის წამყვანმა ოფთალმოლოგიურმა კლინიკამ „Centre for Sight“-მა. მეცნიერების აზრით, რევოლუციური ტექნოლოგია სახელწოდებით IMVIS (Infinite Medical Ventures Imaging System) სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ოფთალმოლოგიურ მომსახურებას, ტელემედიცინასა და კლინიკურ საქმიანობას.

IMVIS ცვლის თვალის გამოკვლევის მეთოდებს. ტრადიციული აპარატის ნაცვლად, რომელსაც ოფთალმოლოგები საუკუნეზე მეტია იყენებენ, IMVIS ციფრულ ტექნოლოგიას გვთავაზობს. ეს სისტემა ქმნის თვალის მაღალი გარჩევადობის სრულ 3D გამოსახულებებს. ამ მონაცემებს სპეციალისტები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მარტივად აფასებენ, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას უფრო სწრაფად და ზუსტად დასვან დიაგნოზი.

მეცნიერებმა შერაზ დაიამ („Centre for Sight“-ის სამედიცინო დირექტორი) და ტომ უილიამსონმა IMVIS-ის ტექნოლოგია უკვე ორ კლინიკაში დანერგეს. მომავალში კი მისი გამოყენება იგეგმება ლონდონის  წამყვან კლინიკებშიც.

„ეს არის სრული ციფრული ტრანსფორმაცია. ჩვენი ტექნოლოგია უკვე ახლავე ხდის შესაძლებელს თვალის სრულად დისტანციურ კვლევას. ეს არ არის უბრალოდ ტექნოლოგიური განახლება, ეს ოფთალმოლოგიის ახალი სტანდარტია,“ – აღნიშნა შერაზ დაიამ.

IMVIS სისტემაში შესაძლებელი ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციაც, რაც ოფთალმოლოგიის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპია.

ეს ნიშნავს, რომ მომავალში  შესაძლებელი იქნება AI-ს სრულფასოვნად გამოყენება დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, რაც პაციენტებს უფრო სწრაფ და ზუსტ მომსახურებას გაუწევს, ასევე გაამარტივებს მედიკოსების მუშაობას.

ეს ინოვაცია წყვეტს რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას:

  • ამცირებს ლოდინის დროს: ასეთი ინოვაციური სისტემები ხელს შეუწყობს დიაგნოსტიკური პროცესების დაჩქარებას, რაც პაციენტებისთვის ლოდინის დროს შეამცირებს.
  • ამსუბუქებს მედიკოსების სამუშაო დატვირთვას: ხელოვნური ინტელექტი თავად ასრულებს რუტინულ ამოცანებს და ამარტივებს დიაგნოსტიკას, შედეგად ექიმებს პაციენტებისთვის უფრო მეტი დრო რჩებათ.
  • ზრდის თვალის მოვლის სერვისებზე ხელმისაწვდომობას: IMVIS ხელს შეუწყობს მაღალხარისხიან ოფთალმოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე. ეს განსაკუთრებით მნიშნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც სპეციალისტების დეფიციტია.

IMVIS მნიშვნელოვანი გარდატეხაა თვალის მოვლის სფეროში, რადგან ის უზრუნველყოფს ზუსტ 3D ფოტო-ვიდეო გამოსახულებებს და ცვლის მოძველებულ, დაბალი ხარისხის 2D ტექნოლოგიებს.

აღსანიშნავია, რომ სისტემა ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ქვეყნების ოფთალმოლოგიური კლინიკებისთვისაც. როგორც პროფესორმა უილიამსონმა აღნიშნა, IMVIS ფუნდამენტურად შეცვლის თვალის კვლევისა და მკურნალობის წესს. მას გახდის უფრო ხელმისაწვდომს და საშუალებას მისცემს კლინიკებს კვლევებისთვის აქტიურად გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი.

Centre for Sight, რომელიც 1996 წელს დაარსდა, ცნობილია ინოვაციებით ოფთალმოლოგიის სფეროში. პირველად სწორედ ამ ცენტრში დაინერგა  LASIK ლაზერული ქირურგიული ოპერაციები და რქოვანას მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.

წყარო: Center Of Sight

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები