3 ნოემბერი „ერთიანი ჯანმრთელობის“ მსოფლიო დღეა

გააზიარე

3 ნოემბერს მსოფლიო „ერთიანი ჯანმრთელობის“ საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 2016 წელს სამი წამყვანი გლობალური ორგანიზაციის — „ერთიანი ჯანმრთელობის კომისიის“ (One Health Commission), „ერთიანი ჯანმრთელობის ინიციატივისა“ (One Health Initiative) და „ერთიანი ჯანმრთელობის პლატფორმის“ (One Health Platform) მიერ დაარსდა.

კამპანიის მთავარი მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აჩვენოს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა იზოლირებულად არ არსებობს, ის უშუალოდ უკავშირდება ცხოველთა სამყაროსა და იმ ეკოსისტემების მდგომარეობას, რომლებშიც ვცხოვრობთ. ზოონოზური ინფექციების გავრცელება, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, სურსათის უვნებლობა და გარემოს დეგრადაცია ის გლობალური გამოწვევებია, რომელთა გადაჭრაც მედიცინის, ვეტერინარიისა და ეკოლოგიის ერთობლივი მუშაობის გარეშე შეუძლებელია.

ამ თარიღის მნიშვნელობასა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზე საქართველოს უნივერსიტეტის „ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ დირექტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა კოტეტიშვილი გვესაუბრა. მისი თქმით, გარემოზე ზრუნვა უკვე არა მხოლოდ მეცნიერების, არამედ თითოეული მოქალაქის ყოველდღიური ამოცანაა.

„ეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან მსოფლიო სულ უფრო მკაფიოდ აცნობიერებს, რომ ადამიანის, ცხოველის, მცენარისა და გარემოს სიჯანსაღე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ისინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი და ურთიერთზეგავლენას ახდენენ — როგორც პირდაპირ, ისე ირიბად. ამ ფაქტის გააზრება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მრავალი კუთხით, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრების სტანდარტები და ხარისხი.

რაც რიგით ადამიანებს ამ მიმართულებით შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ გამოვიდეთ საკუთარი ეგოს ჩარჩოებიდან და მეტად გავიაზროთ გარესამყაროს მნიშვნელობა — სამყაროსი, რომელიც ადამიანების გარდა ცხოველთა და მცენარეთა პოპულაციებისა და თავად გარემოსგან შედგება. აუცილებელია, თავი ავარიდოთ დაბინძურებას, გავუფრთხილდეთ წყალსა და ჰაერს. „ერთიანი ჯანმრთელობის“ პერსპექტივიდან კარგად ჩანს, თუ რამდენად მჭიდროდაა ეს ფაქტორები გადაჯაჭვული და რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ყოველდღიურ ყოფასა და ჯანმრთელობაზე. ამის გაცნობიერება და პრაქტიკაში განხორციელება არა მხოლოდ სპეციალისტებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია“, — აღნიშნავს მამუკა კოტეტიშვილი.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები