ინტერვიუ ნინო გოჩიტაშვილთან
როცა პირველად მივედი ნინოსთან, არც დირექტორი იყო და არც გლობალურ ოფისში მუშაობდა — ახალგაზრდა ექიმი იყო, რომელიც ჩემზე ბევრად მშვიდად და გაცილებით ზუსტად ხედავდა გამოსავალს. ვენდე და დღემდე მისი მადლიერი ვარ. მაშინ მისი რჩევა ძალიან დამეხმარა, დღეს კი მისი გადაწყვეტილებები უკვე მილიონობით ადამიანის უსაფრთხოებას განსაზღვრავს.
ნინო გოჩიტაშვილი კომპანია Roche-ის გლობალურ ოფისში კლინიკური უსაფრთხოების უფროსი სამედიცინო დირექტორია. ის არის ადამიანი, რომელიც პირველი მოლეკულიდან პირველ პაციენტამდე არსებულ ურთულეს გზაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ეს ის ეტაპია, როცა შეცდომის ფასი შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იყოს. იქაა, სადაც ახალი მედიკამენტი ადამიანამდე პირველად აღწევს. ყველაზე რთული, ყველაზე სარისკო და ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი კლინიკური კვლევის პროცესში.
ეს ინტერვიუ კლინიკური კვლევების კულისებში გვახედებს და გვანახვებს, როგორ იქმნება მედიცინის მომავალი იმ ადამიანის თვალით, ვისაც მტკიცედ სწამს, რომ უსაფრთხოება კომერციაზე მაღლა დგას. მისი ისტორია თბილისში იწყება — იმ დროს, როცა აივინფექცია ჯერ კიდევ უცნობი და ძალზე საშიში დიაგნოზი იყო, მკურნალობა კი პრაქტიკულად არ არსებობდა. იქიდან მოყოლებული, ნინო სულ წინა ხაზზეა და ყველაფრის მიუხედავად, ისევ ისეთია — სულ მოღიმარი, მშვიდი, თავმდაბალი პროფესიონალი და არაჩვეულებრივი ადამიანი.
— ნინო, უკვე მრავალი წელია უდიდეს ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობთ. როგორია გზა ქართველი ექიმისთვის Roche-ში წამლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სამედიცინო დირექტორობამდე?
ჩემი თანამშრომლობა შეიძლება ორ ეტაპად დაიყოს: Roche-ს საქართველოსთან თანამშრომლობა, შემდეგ Roche-ს გაერთიანებული სამეფო და ბოლო ათი წელი გლობალური Roche-ს ლონდონის ოფისში.
Roche-ს საქართველოს სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე შევუერთდი და ბოლოს სამედიცინო დირექტორი გავხდი. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ახალ გამოწვევებთან შერკინების დრო დადგა. გადავწყვიტე Roche-ს გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლობაში მეცადა ბედი, ჩემი აპლიკაცია წარმატებული აღმოჩნდა. ლონდონის ოფისში მიმიღეს ჯერ გაერთიანებული სამეფოს წამლის უსაფრთხოების განყოფილების მოადგილედ, შემდეგ ამ განყოფილების უფროსად და ბოლო რამდენიმე წელია გლობალურ Roche-ში პასუხისმგებელი ვარ რამდენიმე პროექტზე წამლის კლინიკური უსაფრთხოების განხრით. ვკურირებ კლინიკურ უსაფრთხოებას ადრეული კლინიკური კვლევების ეტაპზე, ანუ ახალად შექმნილი წამალი სინჯარიდან პირველად ადამიანში რომ გამოიცდება, იმ პროცესს ვხელმძღვანელობ. რასაკვირველია, ძალზე საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმეა.
— რამდენად რთული იყო ქართველი ექიმისთვის კარიერის გაერთიანებულ სამეფოში გაგრძელება?
მარტივი არ ყოფილა. ჯერ განაცხადი გავგზავნე და შემდეგ ჩვეულებრივი ინტერვიუები გავიარე. მთელი დღე გრძელდებოდა ინტერვიუები. ჩემს შეფასებაში გადამწყვეტი ისეთი ე.წ. რბილი (Soft skills) და ტრანსფერული უნარები აღმოჩნდა, როგორიცაა ლიდერობა, სტრატეგიული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღების უნარი და ა.შ. დილის ცხრიდან საღამოს 6-7 საათამდე გასაუბრებაზე ვიყავი.
ბრიტანეთში გადმოსვლისას ჩემი კანდიდატურა ზუსტად ისევე განიხილეს, როგორც ნებისმიერ სხვა აპლიკანტს შეაფასებდნენ. მაშინ აქ ასეთი კანონი იყო, რომ უპირატესობა ენიჭებოდა კანდიდატებს ბრიტანეთიდან ან ევროკავშირის ქვეყნებიდან (იმ დროს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრი იყო). ჩემი შერჩევის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მოუწიათ დამტკიცება, რომ ჩემს თანამდებობაზე ყველაზე შესაფერისი კადრი მე ვიყავი. დღეს უფრო ადვილია ბრიტანეთში პროფესიული გზით თავის დამკვიდრება, ვიდრე 10-11 წლის წინ, როდესაც მე გადმოვედი.
— Roche-ში მისვლამდე თბილისშიც საინტერესო გამოწვევებით სავსე კარიერა გქონდათ?
დიახ, მქონდა ბედნიერება, ინფექციურ დაავადებათა, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ერთ-ერთი ექიმი ვყოფილიყავი. შესაბამისად, ერთ-ერთი პირველი შიდსიანი პაციენტის ექიმიც. მახსოვს, ის კლინიკაში საკაცით შემოიყვანეს და მკურნალობის შემდეგ თავისი ფეხით წავიდა სახლში, მალე დაოჯახდა. მას და მის ოჯახს დღემდე თვალს ვადევნებ… შიდსის საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსული საშუალებები რომ დაინერგა, საბედნიეროდ, ამ ეტაპსაც მოვესწარი.
შიდსის პარალელურად ჰეპატიტებსაც ვმკურნალობდი. ასევე ვიყავი ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი შიდსის დარგში, ვმუშაობდი სხვადასხვა გზამკვლევებზე, ჩემი სადოქტორო დისერტაციაც შიდსის თემას ეხება. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიც გავხდი. ბატონი თენგიზ ცერცვაძის გუნდის წევრობა უნიკალური შესაძლებლობა იყო და იქ მიღებული ცოდნა და უნარები დღემდე წარმატებით მადგება.
— საკმაოდ ახალგაზრდა ექიმმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეთ და უცებ დატოვეთ ყველაფერი. არ გაგიჭირდათ წასვლა?
რასაკვირველია, საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო. საქართველოში ვტოვებდით ყველაფერს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო: ოჯახს, დიდ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, სოციალურ ურთიერთობებს, რასაც ამდენ ხანს აშენებდი საქართველოში. მათ შორის, შეველიე პროფესიულ სტატუსსაც. არ იყო იოლი, მაგრამ იმ დროს ვგრძნობდი, რომ წინ ბევრი საინტერესო შესაძლებლობა მელოდა. ახალი გარემო, სხვა ტიპის გამოცდილება. ვფიქრობ, რომ ეს იყო რთული, მაგრამ სწორად გადადგმული ნაბიჯი, რამაც ჩემთვის კარიერის ახალი ფურცელი გადაშალა.
— თქვენი წარმატებით თუ ვიმსჯელებთ, რას ფიქრობთ, რამდენად კონკურენტუნარიანები არიან ქართველი ექიმები მსოფლიო მასშტაბით?
ექიმის კარიერა ხომ იმითაცაა გამორჩეული, რომ მრავალი მიმართულებით შეგიძლია იმუშაო: პაციენტთან, კვლევებში, ასწავლო და გაუზიარო ცოდნა, გახდე სპიკერი, ჩაატარო კონფერენციები. ეს ამდიდრებს ექიმის პროფესიულ პროფილს და მის კონკურენტუნარიანობასაც ზრდის. ამავე დროს, ყველა მიმართულება ტექნიკურ კომპეტენციასთან ერთად მოითხოვს რბილ, ტრანსფერულ უნარებს.
საქართველოში ძალიან კარგი აკადემიური ცოდნის მიღება შეიძლება, თუმცა ექიმის პროფესიული ზრდისთვის ასევე აუცილებელია უწყვეტი (ანუ უნივერსიტეტის შემდგომი) სამედიცინო განათლება, რაც დასავლეთში სტანდარტული პროცესია. ჩემი მუშაობისას საქართველოში პროფესიული განვითარება უპირატესად ინდივიდუალურ მოტივაციას ეყრდნობოდა და მიზანმიმართულ ხელშეწყობას მხოლოდ მცირერიცხოვანი დაწესებულებები ახერხებდნენ. იმედი მაქვს, დღეს უკვე მეტი სისტემური მხარდაჭერა არსებობს ამ მხრივ ახალგაზრდა ექიმებისთვის.
ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, როგორ ერთვებიან ახალგაზრდა ექიმები საერთაშორისო სივრცეში. მგონია, რომ შესაძლებლობა ბევრია, მთავარია ამ შესაძლებლობების დანახვა და გამოყენება.

— ნინო, რას ნიშნავს იყო Roche-ს კლინიკური უსაფრთხოების დირექტორი, რა ტიპის გადაწყვეტილებების მიღება გიწევს?
კლინიკური უსაფრთხოების დირექტორის როლი, პირველ რიგში, ნიშნავს პასუხისმგებლობას პაციენტის უსაფრთხოებაზე მედიკამენტის შემუშავებისას. სამედიცინო ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა შევძლო წამლის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, კლინიკური კვლევის შედეგების სწორად ინტერპრეტირება და ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ადამიანებისთვის უსაფრთხო წამლის შექმნას უზრუნველყოფს.
ამჟამად უპირატესად ონკოლოგიური მედიკამენტების შექმნაზე ვმუშაობ, ე.წ. First-in-Human, ანუ „პირველად ადამიანში“ კვლევებზე. ეს ურთულესი და ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპია წამლის განვითარებაში.
— ქრონოლოგიურად რომ წარმოვიდგინოთ ახალ მედიკამენტზე მუშაობის პროცესი, როდის ერთვები თქვენ?
საწყის ეტაპზე, თავიდან სინჯარაში რამდენიმე კანდიდატი მოლეკულა გამოიცდება, იქიდან საუკეთესო ვარიანტი შეირჩევა. თუ ცხოველებზე გამოცდაც წარმატებით დასრულდება, მეცნიერები მერე ადამიანში გადატანაზე იწყებენ ფიქრს. აი, ამ ეტაპზე ვერთვები მე ჩემს გუნდთან ერთად.
ჩვენი ამოცანაა, ამ ახალი მოლეკულის აგებულების, მოქმედების მექანიზმისა და კლინიკამდელი ჩატარებული კვლევების საფუძველზე განვსაზღვროთ, რა გვერდითი მოვლენების საფრთხე შეიძლება არსებობდეს ადამიანში, როდესაც სულ პირველად, სულ პირველ პაციენტებში გამოვიყენებთ ახალ მედიკამენტს. ვადგენთ უსაფრთხო საწყის დოზას, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული პირველ პაციენტზე. ექიმებსაც ვაწვდით რეკომენდაციას, როგორ მართონ პაციენტი, თუკი ე.წ. გვერდითი მოვლენები გამოვლინდა.
შემდეგ თანდათანობით ვზრდით დოზას მომდევნო პაციენტებში, რისთვისაც ყოველ ეტაპზე ხელახლა ვაფასებთ წამლის უსაფრთხოების მონაცემებს. პარალელურად ხდება სხვა ინფორმაციის შეგროვება მედიკამენტის შესახებ (მაგალითად, ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის). ამ კომპლექსური ინფორმაციის შეფასებით ვარჩევთ ოპტიმალურ დოზას შემდგომი განვითარებისთვის.
ამ პროცესში უსაფრთხოების გუნდთან ერთად ბევრი სხვა გუნდი მონაწილეობს და გადაწყვეტილება დოზის მატების შესახებ მიიღება მკვლევარ ექიმებთან ერთად. ჩვენს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა აკმაყოფილებდეს აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტოს, ევროპის წამლის სააგენტოს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების მკაცრ მოთხოვნებს.
დამატებით, უსაფრთხოებას ვაკვირდებით უფრო მასშტაბურადაც. მაგალითად, თუ არსებობს მსგავსი შემადგენლობის ან მსგავსი მოქმედების მექანიზმის მქონე მოლეკულა, მათ შესახებ ინფორმაციას რეგულარულად ვაკონტროლებთ ლიტერატურაში. თუ გაჩნდა რაიმე ახალი უსაფრთხოების სიგნალი, ჩვენ ის მაშინვე უნდა გავითვალისწინოთ.
თითოეულ ამ გადაწყვეტილებას უდიდესი პასუხისმგებლობა ახლავს, რადგან თითოეული მათგანი რეალურ პაციენტებზე აისახება.
— ნინო, თქვენ პირველი პაციენტი ახსენეთ, როგორ არჩევთ იმ პირველ პაციენტს? ის მართლა ერთია თუ ფიგურალურად თქვით ერთი, შეიძლება რამდენიმე იყოს. როგორ არჩევთ, ის აბსოლუტურად ჯანმრთელი უნდა იყოს თუ პირიქით, პაციენტი, რომელმაც ყველაფერი სცადა, მკურნალობის სხვა შანსი აღარ რჩება, ამ რისკზე მიდის?
კი, პირველი პაციენტი, პირველ დოზაზე, როგორც წესი, ერთია ხოლმე. თუკი საკვლევ დარგში მისი დაავადების სამკურნალო საშუალება უკვე არსებობს ბაზარზე, ამ შემთხვევაში პაციენტს ექსპერიმენტულ მკურნალობაში ვერ ჩავრთავთ ეთიკური მოსაზრების გამო. შესაძლოა ის გარანტირებულად ეფექტური მკურნალობის გზას მოსწყდეს. ამიტომ, იმის მიხედვით, რა ჯგუფის მედიკამენტი გამოიცდება და რა დაავადების სამკურნალოდ, განსხვავებული მიდგომებია.
შესაძლოა, კვლევა დაიწყოს ჯანმრთელი მოხალისეებიდან. ონკოლოგიური წამლის გამოცდისას, როგორც წესი, პირველი ფაზის კვლევაში ონკოლოგიური პაციენტები ერთვებიან — ისინი, ვისაც, სამწუხაროდ, მკურნალობის სხვა ალტერნატივა აღარ აქვს. უკვე ჩაიტარა, ვთქვათ, პირველი, მეორე, მესამე რიგის სტანდარტული მკურნალობა. თუ, სამწუხაროდ, დაავადება კვლავ პროგრესირებს და მკურნალობის ალტერნატივა აღარ დარჩა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვრთავთ კვლევაში. პირველ დოზას ვაძლევთ მხოლოდ ერთ პაციენტს. ისიც მინიმალურ დოზას და ვაკვირდებით. შემდგომ იწყება დოზის თანდათანობით ფრთხილი ზრდა.
— დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდება პირველი ფაზის ეს ეტაპი, სანამ კვლევის შემდგომ ეტაპზე გადავა მედიკამენტი?
სტანდარტული დრო არ არსებობს, საშუალოდ 18 თვე, კუს ნაბიჯებით მივიწევთ წინ. ადამიანის ორგანიზმში წამლის პირველად შეყვანის შემდეგ რამდენიმე კვირა ვაკვირდებით, შემდეგ ვაწვდით მომდევნო დოზას და ა.შ. დოზის ყოველი გაზრდას წინ უძღვის დეტალური განხილვა.
— კლინიკის შერჩევაც ასეთივე რთული პროცედურაა?
ცხადია, ეს უნდა იყოს ძალიან მაღალი სტანდარტების მულტიპროფილური ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი სახის მკურნალობა, მათ შორის, გადაუდებელი დახმარება, რეანიმაცია. აუცილებელია, ის ძალიან გამოცდილი ექიმებით იყოს დაკომპლექტებული, რომელთაც შეეძლებათ პოტენციური რისკის ამოცნობა და მართვა.
კლინიკურ გამოცდილებასთან ერთად ასევე უმნიშვნელოვანესია ცენტრს ჰქონდეს იშვიათი გამოკვლევების წარმოების შესაძლებლობა, როგორიცაა, მაგალითად, ბიომარკერები. ეს საშუალებას მოგვცემს, დროულად და დეტალურად შევისწავლოთ და სწორად ვმართოთ იშვიათი გვერდითი მოვლენები. საბედნიეროდ, სერიოზული მოულოდნელი გართულებები იშვიათია, მაგრამ კლინიკის გამოცდილება და კვლევითი შესაძლებლობა ამ დროს კრიტიკულია.
— გავრცელებულია აზრი და მეც ვფიქრობდი, რომ პირველი ფაზის კვლევა ყველაზე ღარიბ ქვეყნებში იწყებოდა, სადაც მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები და წამლები არაა ხელმისაწვდომი. გამოდის, რომ სრულიად საპირისპირო სურათია.
პირიქით, First-in-Human study-ს იმდენად მკაცრი მოთხოვნები და კრიტერიუმები აქვს, რომ პირველი პაციენტი ყოველთვის მაღალგანვითარებული ქვეყნიდანაა და კლინიკაც ამავე ტერიტორიაზე. ჩვენს კომპანიაში სპეციალური შტატია, რომლებიც სწორედ ასეთ ცენტრებს არჩევენ და მათ შესაძლებლობებს დეტალურად შეისწავლიან.
— დიდი ხანია, რაც ასეთი მკაცრი მოთხოვნები გაჩნდა წამლის უსაფრთხოებაზე? რამ გამოიწვია ასეთი მკაცრი ზედამხედველობის და ზოგადად ფარმაკოზედამხედველობის განვითარება?
ამ მიმართულების განვითარებასაც საინტერესო ისტორია უდევს საფუძვლად. მე-19 საუკუნის ბოლოს ქლოროფორმით, რომელსაც მაშინ საანესთეზიო საშუალებად იყენებდნენ, ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა და სულ პირველი ჩანასახები მაშინ გაჩნდა. ეს შემთხვევა კარგად შეისწავლეს და გარდაცვალების მიზეზებზე ჟურნალში სტატიაც დაიბეჭდა.
განსაკუთრებით დრამატული მობრუნება ამ მიმართულებით გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მიზეზი კი 50-იანი წლების ბოლოს შექმნილ მედიკამენტ თალიდომიდს უკავშირდება, რომელსაც უძილობისა და შფოთვების სამკურნალოდ იყენებდნენ და ის აბსოლუტურად უსაფრთხო იყო თავისი ძირითადი პროფილით, მაგრამ ორსულებში გამოყენებამ კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანა.
ევროპაში 10 000-ზე მეტი ბავშვი თანდაყოლილი ანომალიით — ფოკომელიით (კიდურების არარსებობა ან სიმცირე) დაიბადა. ბევრი ახალშობილი მალევე გარდაიცვალა, ათასობით ორსულობა შეწყდა. დადგინდა, რომ მიზეზი სწორედ თალიდომიდის გამოყენება იყო ორსულობის დროს.
სწორედ ამ სკანდალურმა შემთხვევამ გამოიწვია საკმაოდ მკაცრად რეგულირებული დისციპლინის, ფარმაკოზედამხედველობის თანამედროვე სისტემის შექმნა. ფარმაკოზედამხედველობის მიზანია გამოავლინოს, შეაფასოს და თავიდან აიცილოს წამლის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენები.
დღეს თითოეული გვერდითი მოვლენა მკაცრი შესწავლის საგანია. ხდება ექიმებისა და მომხმარებლების მიერ გვერდითი მოვლენების ანგარიშგება, ფარმაცევტული კომპანიებისა და მარეგულირებელი ორგანოების მიერ მათი ზედმიწევნითი ანალიზი, აღწერა, შესაძლო კავშირის დადგენა მედიკამენტთან, წამლის რისკების გამოვლენა და მათზე რეაგირება.
კლინიკური კვლევის ფარგლებში ექიმები ვალდებულნი არიან გვერდითი მოვლენა დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ. კლინიკური კვლევის დასრულების შემდეგაც, როდესაც მედიკამენტი უკვე ბაზარზეა, ვთხოვთ ექიმებს გვამცნონ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რასაც ჩვენ, ჩვენი მსგავსი განყოფილებები და მარეგულირებელი ორგანოები დეტალურად ვსწავლობთ.
რაც შეეხება „პირველად ადამიანში“ კვლევების მოთხოვნებს, ისინი განსაკუთრებით დაიხვეწა და გამკაცრდა ანტი-CD28 მონოკლონურ ანტისხეულებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, როდესაც 2006 წელს ექვს ჯანმრთელ მოხალისეს მოულოდნელად განუვითარდა უმძიმესი გართულებები: ციტოკინური შტორმი და პოლიორგანული უკმარისობა, მაშინ, როცა კლინიკამდელი მონაცემები ასეთ რეაქციას არ მოასწავებდა. საბედნიეროდ, ექვსივე მონაწილე გადარჩა. სწორედ ამის შემდეგ დაიხვეწა კლინიკამდელი კვლევები და დაინერგა თანამედროვე, ზედმიწევნით ფრთხილი მიდგომა პირველი დოზის შერჩევისა და დოზის თანდათანობით მატებისას.
— გვერდითი მოვლენები ახსენეთ, არსებობს სტანდარტი, როგორ შეაფასოთ ისინი, თუ აქაც გუნდის გამოცდილებაზეა ბევრი რამ დამოკიდებული?
გვერდითი მოვლენების შეფასება ხორციელდება გლობალურად მიღებული სტანდარტების მიხედვით, თუმცა პრაქტიკაში ბევრი რამ მაინც პროფესიულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ყოველთვის, იმის მიუხედავად, რამდენად მნიშვნელოვანია გვერდითი მოვლენა ან რას ფიქრობს ექიმი — წამლითაა გამოწვეული თუ არა — ვალდებულია აღწეროს და მოახდინოს ანგარიშგება.
ექიმი გვაწვდის საკუთარ შეფასებას, მაგრამ კომპანიას ამ წამლის შესახებ მეტი ინფორმაცია აქვს და, შესაბამისად, სხვა პრიზმიდან შეისწავლის საკითხს. მაგალითად, თუ პაციენტს კვლევაში აღმოაჩნდება ღვიძლის ფერმენტების მომატება და ექიმი ამას სხვა მიზეზს მიაწერს, ჩვენ შესაძლოა ვხედავდეთ მსგავს შემთხვევებს სხვა პაციენტებშიც. ეს უკვე სიგნალია, რომელიც ღრმად შესწავლას საჭიროებს.
ამიტომაც გვერდითი მოვლენების ანალიზი საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ კონკრეტული ეპიზოდი შევისწავლოთ, არამედ დავინახოთ უფრო დიდი სურათი და მაქსიმალურად დავიცვათ პაციენტის უსაფრთხოება.
— ამ გვერდითმა მოვლენამ შეიძლება შეაჩეროს კვლევა ან სრულად შეწყვიტოს?
დიახ, ასეთი შემთხვევებიც არის. გვერდითი მოვლენა ან წამლის უსაფრთხოება შეიძლება კვლევის დროებით შეჩერების ან მისი სრულად შეწყვეტის მიზეზი გახდეს. პაციენტის უსაფრთხოება აბსოლუტური პრიორიტეტია და სწორედ ამიტომაც არსებობს შეჩერების მკაფიო მექანიზმები.
ჩვეულებრივ, კვლევას ვაჩერებთ ან ვწყვეტთ გარკვეული სიგნალის გაჩენისთანავე და არა მაშინ, როდესაც უკვე გვიანია ან პაციენტებისთვის დამაზიანებელი. ეს მიღებული ფორმაა, მეცნიერების ნაწილია და ჩვეულებრივი ეტაპია წამლის განვითარების პროცესში. მიზანი ყოველთვის რჩება ერთი: მაქსიმალურად დავიცვათ ადამიანის უსაფრთხოება კვლევის ყველა ფაზაში.
— სტატისტიკა როგორია, კვლევების რამდენი პროცენტი სრულდება წარმატებით?
ცნობილი ფაქტია, ინ ვიტრო (სინჯარაში) ასი შესწავლილი მოლეკულიდან შეიძლება მხოლოდ ერთი გახდეს ხელმისაწვდომი პაციენტისთვის, როგორც ეფექტური და უსაფრთხო წამალი. ეს ასახავს იმას, თუ რამდენად რთული და მაღალი სტანდარტების პროცესია წამლის განვითარება.
ყოველ ეტაპზე, კლინიკამდელ თუ კლინიკურში, მოლეკულა გადის მკაცრ შეფასებას და თუ სადმე ჩნდება ეჭვი უსაფრთხოებაზე, ეფექტიანობაზე ან სხვა კრიტიკულ ფაქტორზე, კვლევა წყდება. ამიტომაც საბოლოო წარმატება ძალიან ფრთხილი და ხანგრძლივი შერჩევის შედეგია.
— ალბათ, ესეც განსაზღვრავს წამლის მაღალ ფასს?
დიახ, ერთ-ერთი ფაქტორი წამლის ღირებულებაში ესეც არის. მილიარდზე მეტი ინვესტიცია სჭირდება, რომ ერთი წამალი მივიდეს სინჯარიდან პაციენტამდე. ეს ხანგრძლივი, მაღალი რისკის მქონე პროცესია. ეს ინვესტიცია, ცხადია, აისახება წამლის საბოლოო ღირებულებაზე.
ამას წარმოების ტექნოლოგიური სირთულეებიც ემატება, განსაკუთრებით ბიოლოგიური პრეპარატების შემთხვევაში, რომელიც Roche-ის წამლების ძირითადი ფორმაა. მათი წარმოება გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე ქიმიური პრეპარატების და საჭიროებს მაღალ სტანდარტებსა და მკაცრ კონტროლს ყველა ეტაპზე.
— ნინო, ძირითადად ონკოლოგიური მიმართულებით მუშაობ. მონოკლონურ ანტისხეულებზე უდიდეს იმედებს ამყარებენ, რამდენად უსაფრთხოა ეს მიდგომა?
თუ ონკოლოგიური დაავადების მკურნალობას გადავხედავთ, ქიმიოთერაპიის მთავარი პრობლემა მისი არასპეციფიკურობაა. მართალია, ის ეფექტურია, მაგრამ მთელ ორგანიზმში თანაბრად ვრცელდება და აზიანებს არა მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს, არამედ ზოგიერთ ჯანმრთელ უჯრედსაც, განსაკუთრებით სწრაფად გამრავლებად უჯრედებს, როგორიცაა საჭმლის მომნელებელი სისტემის უჯრედები. ამიტომაც ქიმიოთერაპიას ხშირად მძიმე გვერდითი მოვლენები აქვს.
მონოკლონური ანტისხეულების მთელი ხიბლი ის არის, რომ ისინი დამიზნებით მოქმედებენ, ზუსტად სამიზნესთან, სიმსივნურ უჯრედთან მიდიან და მას ებრძვიან. ეს „თარგეთული“ მიდგომა გვერდით მოვლენებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
Roche იყო ერთ-ერთი პიონერი დამიზნებითი თერაპიის განვითარებაში. სამკურნალო მონოკლონურმა ანტისხეულებმა — მაბტერამ და ჰერცეპტინმა — სრულიად შეცვალეს მკურნალობის სტანდარტი: მაბტერამ CD20-პოზიტიური ლიმფომების, ხოლო ჰერცეპტინმა HER2-პოზიტიური ძუძუს კიბოს შემთხვევაში.
ამ მიმართულების კიდევ უფრო საინტერესო შემდგომი განვითარებაა ანტისხეულ-წამლის ნაერთები (Antibody-Drug Conjugates, ADCs). ეს იგივე მონოკლონური ანტისხეულებია, რომელთაც ზემოდან მიმაგრებული აქვთ მცირე ქიმიოთერაპიული აგენტი. ასეთი სტრუქტურით მონოკლონურ ანტისხეულებს ეს აგენტი უშუალოდ სიმსივნურ უჯრედში მიჰყავს და მხოლოდ იქ ათავისუფლებს ამ „ტყვიას“. ამ მიდგომით იზრდება ეფექტურობა და მცირდება ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები.
— ალბათ, მომავალში ამ მიმართულებით დიდ სიახლეებს უნდა ველოდოთ. მონოკლონური ანტისხეულების თემაც შემთხვევით არ ვახსენე. შენ სწორედ ონკოლოგიას კურირებ Roche-ში, რა იქნება შემდეგ?
სიმსივნის საწინააღმდეგო ახალი მედიკამენტებისა და ახალი ჯგუფების ძიება განუწყვეტლივ ხდება. სხვადასხვა კომპანიები, აკადემიასთან თანამშრომლობით, აქტიურად სწავლობენ სხვადასხვა სამიზნეზე მოქმედ მონოკლონურ ანტისხეულებს, განსაკუთრებით ანტისხეულ-წამლის ნაერთებს.
ასევე აქტუალურია იმუნოთერაპია, რადიოფარმაცევტული თერაპია, უჯრედული თერაპია, გენური/რნმ თერაპია. თითოეულ მათგანს განსხვავებული მექანიზმით უმკლავდება სიმსივნეს და უსაფრთხოების თვალსაზრისით თავისი უპირატესობები და სირთულეები აქვს.
— ცოტა ხნის წინ Roche-მ დაიწყო მესამე ფაზის კვლევა სრულიად ახალ ანტიბიოტიკზე. სამედიცინო საზოგადოება ელის, რომ ის მულტირეზისტენტულ შტამებს დაამარცხებს, რაც უდიდესი პრობლემაა. სწორია ეს მოლოდინი და რა როლს თამაშობს უსაფრთხოების გუნდი ასეთ დროს?
ანტიმიკრობული რეზისტენტობის დაძლევა Roche-სთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გასაგებია მიზეზიც: ყოველწლიურად 1 მილიონი ადამიანი იღუპება იმ მიზეზით, რომ ანტიბიოტიკი არ იყო ეფექტური.
ახალი ანტიბიოტიკების არარსებობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია სამეცნიერო სირთულეები, რაც ანტიბიოტიკების ახალი კლასების შექმნასთან არის დაკავშირებული. ბაქტერიის დამცავი გარეგანი მემბრანა რომ გადალახოს მედიკამენტმა და ეფექტური იყოს, მაღალი დოზაა საჭირო, რაც ხშირად არასაკმარისად უსაფრთხო აღმოჩნდება ხოლმე ადამიანისთვის. იმედია, მიმდინარე პროექტი წარმატებული იქნება.
ანტიბიოტიკების შექმნაში, ისევე როგორც ზოგადად წამლის განვითარებაში, ახალი სიტყვაა ხელოვნური ინტელექტი, რომლის დახმარებითაც Roche-ს მეცნიერები ცდილობენ ანტიბიოტიკების ახალი კლასის შექმნაში არსებული ბარიერები გადალახონ.

— რა ინოვაციური პროექტები გაქვთ ნევროლოგიაში? ბილ გეითსმა თქვა, რომ შორს არაა ის დღე, როცა ალცჰაიმერს და პარკინსონს დაამარცხებს…
ჩვენს კომპანიას დიდი პროგრესი აქვს როგორც პარკინსონის, ისე ალცჰაიმერის სამკურნალო მედიკამენტების შექმნის მიმართულებით. გამოცდაში მყოფი პარკინსონის მედიკამენტისთვის სიახლეა ის, რომ იგი დაავადების პროგრესირებას შეაჩერებს. ეს უმნიშვნელოვანესია პაციენტებისთვის, ვინაიდან არსებულ წამლებს მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქება შეუძლიათ, მაგრამ ვერ ახდენენ დაავადების შეჩერებას.
ალცჰაიმერის დაავადებაც ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მეხსიერების პროგრესული კარგვა ღრმა გავლენას ახდენს ადამიანზე, ასევე მის ახლობლებსა და გარშემომყოფებზე. მისი საწინააღმდეგო მოლეკულა უკვე ახლოსაა მესამე ფაზის კვლევასთან, რაც კვლევის საბოლოო ეტაპია.
ძალიან საინტერესო მოქმედების მექანიზმი აქვს ამ წამალსაც. იგი თავის ტვინში არსებული დაავადების გამომწვევ ამილოიდის მოცილებას ახდენს. იგი მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც, როგორც წესი, ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს (ტვინის დამცავი ბარიერი), რადგან უზარმაზარი მოლეკულაა და დამცავი ბარიერის გადალახვა არ შეუძლია.
ინოვაციური ბიოტექნოლოგიური მიდგომით შეიქმნა უნიკალური ე.წ. Brain shuttle („ტვინში გადამზიდი“) ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ანტისხეული თავის ტვინის ქსოვილში იოლად გადაიტანება და იქ უკვე თავის როლს ასრულებს ამილოიდის მოშორებისთვის.
— რამდენად პერსპექტიულია უსაფრთხოების ციფრული მეთოდები, მაგალითად, ტარებადი მოწყობილობების გამოყენება პარკინსონის დროს?
ეს ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი მიმართულებაა დღეს მედიცინაში: ტარებადი ციფრული მოწყობილობები, მაგალითად, სმარტსაათები, სენსორები ან ტელეფონზე დაყენებული აპლიკაციები. ისინი საშუალებას გვაძლევენ, რეალურ დროში და ბუნებრივ პირობებში დავაკვირდეთ პაციენტის მდგომარეობას, მაგალითად, პარკინსონის დაავადების შემთხვევაში მოძრაობის სიხშირეს, წონასწორობას, ძილის ხარისხს და სხვა პარამეტრებს.
ასეთი მეთოდები გაცილებით ობიექტურ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე ის, რასაც კლინიკაში მოკლევადიანი დაკვირვებით ვიღებთ. ჩვენ უკვე ვიყენებთ მსგავს ტექნოლოგიებს, მათ შორის კლინიკურ კვლევებშიც. ეს მიმართულება არა მხოლოდ უსაფრთხოების მონიტორინგს აუმჯობესებს, არამედ პაციენტზე მორგებული, უფრო პერსონალიზებული მიდგომის შესაძლებლობასაც იძლევა, რაც მედიცინის მომავალია.
— მეცნიერება სწრაფად მიიწევს წინ. ეთიკურ საკითხებზეც ვისაუბროთ, ფარმაკომპანიაში კომერციულ ინტერესსა და უსაფრთხოებას შორის არჩევანი რთული არაა?
ეს არ არის რთული არჩევანი. ადამიანის უსაფრთხოება უპირობოდ აღემატება ნებისმიერ კომერციულ ინტერესს. ჩვენთვის და, ვფიქრობ, ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ფარმაკომპანიისთვის ეს კითხვა არც კი დგას დღის წესრიგში. წამლის უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რითაც იწყება და განისაზღვრება ყველა გადაწყვეტილება წამლის განვითარების გზაზე.
აქ უდიდესია მარეგულირებელი ორგანოების (წამლის სააგენტოების) როლიც, თავიანთი ზედმიწევნითი რეკომენდაციებითა და მათ შესრულებაზე კონტროლით. ფარმაინდუსტრია ავიაციის შემდეგ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებადი სფეროა მსოფლიოში და სწორედ ასეც უნდა იყოს.
თუმცა პაციენტის უსაფრთხოება არა მხოლოდ წამლის სააგენტოების მოთხოვნაა, ეს ღირებულებაა, რომელსაც ყოველდღიურად ვადასტურებთ ჩვენს პრაქტიკაში.
— ყველა კონტინენტზე და ყველა ქვეყანაში ასეთი პასუხისმგებლობით უდგებიან ექიმები და მარეგულირებლები ამ თემას? უამრავი სკანდალი მახსენდება, როცა პაციენტებს არ ჰქონდათ სრულყოფილი ინფორმაცია, რომ ექსპერიმენტულ წამალს იღებდნენ, ხან ინფორმირებული თანხმობაც ნახევრად ინფორმირებული ადამიანებისგან მიუღიათ?
სამწუხაროდ, ისტორიაში მართლაც ყოფილა შემთხვევები, როცა ეთიკური სტანდარტები დაირღვა და პაციენტებს არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია. ასეთი შემთხვევის ცნობილი მაგალითია ტუსკიგის სიფილისის კვლევა, როდესაც ტუსკიგიში (ალაბამა, აშშ) მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაატარეს სიფილისის ბუნებრივი მიმდინარეობის შემსწავლელი კვლევა.
600 შავკანიანი მამაკაცი ჩართეს კვლევაში და მათზე დაკვირვება ათეული წლები მიმდინარეობდა ისე, რომ, სამწუხაროდ, პაციენტებს არ გაუმხილეს მათი დიაგნოზი და შემდეგ, როდესაც პენიცილინი შემუშავდა, არც მკურნალობა შესთავაზეს. ეს და კიდევ მსგავსი რამდენიმე პრეცედენტი უმძიმესი ფაქტებია, რომლებმაც მრავალი რეგულაცია და მიდგომა სრულიად შეცვალა.
დღეს ეთიკა და პაციენტის ინფორმირებულობა მკაცრად არის სტანდარტიზებული და კონტროლირებული. ინფორმირებული თანხმობა ფორმალურ ფურცელზე ხელმოწერა კი არ არის, ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს, ადამიანს რეალურად ესმოდეს, რაში მონაწილეობს, რა სარგებელი და რისკი შეიძლება მოჰყვეს მონაწილეობას.
პაციენტებისა და კვლევითი ცენტრების შერჩევაც ყველა ქვეყანაში ერთნაირი პრინციპებით ხდება. ცენტრის შესარჩევად მათი დეტალური შესწავლა ხდება, ასევე ხარისხზე ზედამხედველობა ხდება პერიოდული კონტროლით — აუდიტით, რომელსაც თავად კომპანია აწარმოებს, და ინსპექციით, რომელსაც მარეგულირებელი ორგანოები ატარებენ.
მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ კვლევაში ჩართონ ისეთი კვლევითი ცენტრი, რომელიც ამას არ იმსახურებს. თუ აღმოაჩინეს მცირე გადაცდომაც კი, ის კლინიკა მაშინვე შავ სიაში მოხვდება და მასთან თანამშრომლობას ყველა შეწყვეტს.
— ნინო, აქვე განვმარტოთ, რას ნიშნავს ინფორმირებული თანხმობა და რისი უფლება აქვს პაციენტს?
ინფორმირებული თანხმობა ნიშნავს, რომ პაციენტს სრულად მიეწოდება ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია კლინიკურ კვლევაში მონაწილეობის შესახებ: მისი სარგებელი და შესაძლო რისკები, ალტერნატიული მართვის გზები, რომლებიც მისთვის ხელმისაწვდომია, თუკი არ ჩაერთვება კვლევაში.
პაციენტს აქვს უფლება, ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას მონაწილეობაზე, რაიმე ზეწოლის ან უარყოფითი შედეგის შიშის გარეშე. ეს უფლება დაცულია კანონით და ეთიკის საერთაშორისო ნორმებით.
— კიდევ ერთი დელიკატური თემა: თუ პაციენტი ბავშვია ან უგონოდაა, ან თავად არაა ქმედუნარიანი?
ასეთ შემთხვევებში პასუხისმგებლობა გადაეცემა მის კანონიერ წარმომადგენელს, მაგალითად, მშობელს, მეურვეს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ პირს. სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას პაციენტის სახელით, მისი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეთიკური პრინციპი ერთია: პაციენტის უსაფრთხოება და ინტერესები ყოველთვის მთავარი პრიორიტეტია, იქნება ის ბავშვი, უფროსი თუ ქმედუნარიანობის დროებით ან მუდმივად შეზღუდული პირი.
— კვლევის პროცესში პაციენტის ყველა სამედიცინო ხარჯს სრულად ფარავთ?
დიახ, კვლევის ფარგლებში გაწეულ ყველა ხარჯს, იქნება ეს მედიკამენტები, გამოკვლევები თუ კლინიკაში ვიზიტები, სრულად ფარავს კვლევის სპონსორი. კვლევაში მონაწილისთვის ეს უფასოა.
გარდა ამისა, კვლევის სტანდარტის მიხედვით, იფარება ის გამოკვლევებიც, რომლებიც კვლევის შემადგენელი ნაწილი არ არის, მაგრამ აუცილებელია პაციენტის უსაფრთხოებისთვის. ჩვენთვის მთავარია, რომ პაციენტი არ გახდეს არანაირი ფინანსური ტვირთის მატარებელი იმაში მონაწილეობის გამო, რამაც შესაძლოა მომავალში ბევრ ადამიანს მოუტანოს სარგებელი.
— კვლევის დასრულების შემდეგ? თუ წამალი დამტკიცდა, მაგრამ იმდენად ძვირია, რომ პაციენტს არ აქვს მისი ყიდვის საშუალება, რა ხდება?
კვლევის დასრულების შემდეგ, სანამ მედიკამენტი დამტკიცდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს მედიკამენტი ნამდვილად ეხმარებოდა, მას ხშირად ეძლევა საშუალება, გააგრძელოს მკურნალობა სპეციალური პროგრამებით.
წამლის დამტკიცების შემდეგ ზოგ ქვეყანაში მისი დაფინანსება სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის ან დაზღვევის მეშვეობით ხდება. თუმცა, სამწუხაროდ, არიან ქვეყნები, სადაც ეს ჯერ არ არის შესაძლებელი და მაშინ პაციენტს უწევს ხარჯის საკუთარ თავზე აღება.
როგორც კომპანია, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, უზრუნველვყოთ სამართლიანი წვდომა წამალზე გლობალურად. ეს მოიცავს თანამშრომლობას ადგილობრივ მარეგულირებლებთან, ჯანდაცვის სისტემებთან და სადაზღვევო კომპანიებთან.
— დღევანდელ კვლევებში არის სხვა ეთიკური სირთულეები, რაც შეიძლება საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი იყოს?
ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა ცხოველების ჩართვა კვლევაში. დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ზოგ შემთხვევაში ცხოველები ჩავანაცვლოთ ლაბორატორიულად მიღებული ქსოვილებითა და ორგანოიდებით ან კომპიუტერული მოდელირებით.
ჩვენი კომპანია ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი პიონერია. იქ, სადაც ცხოველების ჩართვა ჯერ კიდევ აუცილებელია, ვცდილობთ, რომ მინიმუმამდე შევამციროთ კვლევებში ცხოველების გამოყენება და უზრუნველყოფთ, რომ პროცედურები მათთვის ტრავმული არ იყოს.
— როგორ უყურებ საქართველოს ჩართულობას ასეთ კლინიკურ კვლევებში?
როგორც ვიცი, ბევრი ქართველი ექიმია ჩართული კლინიკურ კვლევებში, ამ მხრივ საქართველოში კარგი გარემოა — მაღალი აკადემიური პოტენციალი და კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი, ასევე შედარებით დაბალი სამედიცინო ფასები.
გარდა ამისა, არსებობს სათანადო ინფრასტრუქტურა — ორგანიზაციები, რომლებიც კვლევების ჩატარების ტექნიკურ მხარეში ეხმარებიან კვლევით ცენტრებს და მონიტორინგს უწევენ.
— რას ურჩევ ახალგაზრდა ქართველ ექიმებს, რომლებიც დღეს იწყებენ კარიერას?
ჩემი რჩევა იქნება, მუდმივად იზრუნონ განვითარებაზე და აკადემიური ცოდნის გაღრმავებაზე. ის, რაც უნივერსიტეტში ვისწავლეთ, მხოლოდ საფუძველია. ძალიან სწრაფად იცვლება სამედიცინო ცოდნა, ტექნოლოგიები, მიდგომები. ექიმის კარიერა მუდმივ სწავლას მოითხოვს. დღეს უამრავი საშუალებაა, გაეცნოთ თანამედროვე სამედიცინო სიახლეებს პუბლიკაციების, ვებინარებისა და ა.შ. საშუალებით.
მათ უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, მიიღონ ახალი გამოცდილებები. მაგალითად, მოიძიონ სტაჟირების, ინტერნშიფის შესაძლებლობები კლინიკებში, ჯანდაცვის პროექტებში, კვლევებში, ფარმაცევტულ კომპანიებში. ამ გზით მიღებული პრაქტიკული გამოცდილება ხშირად ახალ კარს გაგიხსნით კარიერაში და დაგეხმარებათ ისეთი უნარების დახვეწაში, რომელსაც წიგნიდან ვერ ისწავლით.
ერთ-ერთი საუკეთესო გზა განვითარებისთვის გამოცდილების გაზიარებაა. შეიქმენით პროფესიული ქსელი, მოძებნეთ ადამიანები, მენტორები, ვისაც შეგიძლიათ პერიოდულად ჰკითხოთ რჩევა.
და ბოლოს, არ შეგეშინდეთ სირთულეების. ქართული სამედიცინო განათლება ძლიერი საფუძველია. დანარჩენი ინტერესით, ბევრი შრომითა და გამოცდილებით მიიღწევა. დღეს ქართული სამედიცინო საზოგადოება სულ უფრო ინტეგრირდება გლობალურ სივრცეში და ეს ახალგაზრდა ექიმებისთვის უდიდესი შანსია.
— ნინო, სად ფიქრობ კარიერის გაგრძელებას, ფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე?
სიმართლე გითხრათ, ამაზე მზა პასუხი არ მაქვს. ჩემს კარიერას ვუყურებ, როგორც პროფესიულ მოგზაურობას. რა მომეწონება, რას მომიტანს მომავალი… ახლა ვარ იმ ეტაპზე, როცა მომწონს და მსიამოვნებს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. აქ ძალიან ბევრი შესაძლებლობაა ონკოლოგიის მიღმაც.
მაგალითად, ჩემი ჰეპატიტებისადმი ინტერესი გადაიზარდა იმაში, რომ ჩვენს ორგანიზაციაში ღვიძლის ექსპერტთა ჯგუფის თანახელმძღვანელი ვარ და თუკი ღვიძლთან დაკავშირებული რაიმე სახის გამოწვევა შეექმნა რომელიმე პროექტს, კონსულტაციას ვუტარებ და ჩემს ექსპერტულ მოსაზრებას ვუზიარებ.
კომპანიის გარეთ ვთანამშრომლობ ინოვაციების და ხარისხის საერთაშორისო კონსორციუმთან IQ DILI, რომლის ძირითადი ფოკუსია წამლით გამოწვეული ღვიძლისმიერი გართულებების შესწავლა. აი, ახლაც, ვმუშაობ ახალ პუბლიკაციაზე გენური თერაპიის ღვიძლისმიერ გართულებებზე. მოკლედ, მომწონს ის საქმე, რასაც ახლა ვაკეთებ, თუმცა მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის, რომლებიც პროფესიულად და პიროვნულად საინტერესო იქნება.
რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, დღეს არ მაქვს ზუსტი პასუხი, დავბრუნდები თუ არა საქართველოში სრულად, მაგრამ გულით ყოველთვის იქ ვარ. ჩემი გზის დასაწყისი საქართველოა და ამ გზაზე სადაც არ უნდა წავიდე, შინ დაბრუნების ფიქრი მუდამ თან მახლავს. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვაცნობიერებ, რამდენად მინდა ჩემი გამოცდილება ქართულ მედიცინასაც გამოადგეს.
ეს შეიძლება იყოს დროებითი დაბრუნება, სწავლების ან პროექტის ფორმით, მაგრამ სურვილი, რომ ჩემმა ცოდნამ წვლილი შეიტანოს საქართველოს ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებაში, ნამდვილად დიდი მაქვს. და ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ეს სურვილი რეალობად იქცეს…
ავტორი: ეკა სარია
ფოტო: ანა ბოკო ლორთქიფანიძე

