back to top

მეიოს კლინიკამ აშშ-ში პირველად გამოიყენა რადიოაქტიური მედიკამენტი ძუძუს კიბოს სამკურნალოდ

გააზიარე

მეიოს კლინიკამ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველმა დაიწყო ახალი, რევოლუციური რადიოაქტიური მედიკამენტის გამოყენება ძუძუს კიბოს გვიანი სტადიის სამკურნალოდ. ეს მიდგომა საერთაშორისო კლინიკური კვლევის ნაწილია და მისი მთავარი უპირტესობა აქტინიუმ-225-ია, მძლავრი ალფა-გამოსხივების მქონე რადიოფარმაცევტული პრეპარატი, რომელიც უზუსტესად ანადგურებს კიბოს უჯრედებს, ჯანმრთელი ქსოვილის დაზიანების გარეშე. 

როგორ მუშაობს ეს ახალი მეთოდი?

თავდაპირველად, აქტინიუმ-225 იშვიათი ნეიროენდოკრინული სიმსივნეების სამკურნალოდ შეიქმნა, თუმცა მეიოს კლინიკის მკვლევრებმა მისი გამოყენება მეტასტაზური ძუძუს კიბოს სამკურნალოდაც დაიწყეს. ეს მიმდინარე კლინიკური კვლევა, რომელშიც 20-ზე მეტი ამერიკული ცენტრი მონაწილეობს, რადიოთერაპიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

მკურნალობის პრინციპი მარტივია: მედიკამენტი სისხლში გადაადგილდება, კიბოს უჯრედებს მიემაგრება და პირდაპირ მათზე ასხივებს ალფა ნაწილაკებს. ეს ნაწილაკები ძველ თერაპიებში გამოყენებულ ბეტა ნაწილაკებზე ბევრად (8000-ჯერ) მძიმე და დამანგრეველია, რაც მათ საშუალებას აძლევს, კიბოს უჯრედები უზუსტესად გაანადგურონ, ჯანმრთელი უჯრედები კი ხელშეუხებელი დატოვონ.

ძუძუს კიბოს გვიანი სტადიის მკურნალობა დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ტრადიციული მეთოდები, როგორიცაა ქიმიო და სხივური თერაპია, ხშირად აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებსაც და თან ახალავს გვერდითი მოვლენებიც. ამის საპირისპიროდ, ახალი ალფა-გამოსხივებადი თერაპია რადიაციის უზარმაზარ ძალას უშუალოდ სიმსივნურ უჯრედებზე მიმართავს, რაც ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანებას პრაქტიკულად გამორიცხავს.

ეს მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიოთერაპია, განსაკუთრებით კი ალფა-გამოსხივებადი თერაპია, ონკოლოგიის მომავალია. მეიოს კლინიკა ამ სფეროს ლიდერია და უკვე ატარებს კლინიკურ კვლევებს სხვა სიმსივნეებზე, მათ შორის პროსტატის კიბოზე.

თუ აქტინიუმ-225 ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში წარმატებას მოიპოვებს, ეს გზას გაუხსნის ახალ კვლევებს, რომლებიც ამ მეთოდს ტრადიციული მკურნალობისადმი რეზისტენტული სხვა სიმსივნეების სამკურნალოდაც გამოიყენებენ. საბოლოოდ, ეს ინოვაციური თერაპია შეიძლება გახდეს სტანდარტული მკურნალობის ნაწილი, რომელიც ბევრად ეფექტური და უსაფრთხო იქნება.

წყარო: Mayo Clinic

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები