ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე მხოლოდ პირადი გამოცდილება არ მოქმედებს. ზოგჯერ მის შიშებს, შფოთვასა თუ ურთიერთობებს ისეთი ტრავმული მოვლენებიც განსაზღვრავს, რომლებიც მის დაბადებამდე ბევრად ადრე მოხდა. საქართველოს ისტორია არაერთ ასეთ კოლექტიურ და გამოუთქმელ ტრავმულ გამოცდილებას აერთიანებს.
როგორ აისახება წარსულის ეს ტვირთი მომდევნო თაობების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე? რა როლი ენიჭება ამ პროცესში ბიოლოგიურ მექანიზმებსა და ოჯახურ გარემოს და რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის თაობათაშორისი ტრავმის გავლენის გაცნობიერება და მასთან გამკლავება? ამ თემებზე ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკური ორიენტაციის ფსიქოთერაპევტი, მაკა არეშიძე გვესაუბრა.
როგორ შეიძლება აისახოს პაციენტის დღევანდელ ფსიქიკურ მდგომარეობაზე წინა თაობების ტრავმული გამოცდილება? საქართველოს უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, როდესაც ომის, დევნილობისა და მძიმე სოციალური პირობების გამოცდილება ბევრ ოჯახში უთქმელი დარჩა, რა ნიშნები შეიძლება მიანიშნებდეს, რომ პაციენტის შფოთვა და შიშები სწორედ ამ წარსულს უკავშირდება?
პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა შეიძლება უკავშირდებოდეს წინა თაობის ტრავმულ გამოცდილებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მშობლის ტრავმა შვილს პირდაპირი და უცვლელი სახით გადაეცემა. მისი გავლენა შეიძლება გამოვლინდეს მშობლის ემოციური მდგომარეობის, აღზრდისა და ოჯახური ურთიერთობების გზითაც. ადამიანი ოჯახში იზრდება და ზოგჯერ მის ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ისიც კი, რაც მის დაბადებამდე მოხდა.
საქართველოში სხვადასხვა თაობამ არაერთი მძიმე მოვლენა გამოიარა — საბჭოთა რეპრესიები, სამოქალაქო დაპირისპირება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ომები, დევნილობა, 90-იანი წლების გაჭირვება და 2008 წლის ომი. ზოგიერთ ოჯახს ერთი დანაკარგის შემდეგ მეორესთან გამკლავება უწევდა.
ომის ან მძიმე დანაკარგის შემდეგ მშობელს შეიძლება წლების განმავლობაში ჰქონდეს საფრთხის მოლოდინი. ოჯახისთვის, რომელმაც აფხაზეთში სახლი დაკარგა, ეს ხშირად ახლობლებთან დაშორებას, ჩვეული ცხოვრების მოშლასა და გაურკვეველ მომავალსაც ნიშნავდა. 90-იანი წლების გაჭირვებამ კი შეიძლება დატოვა შიში, რომ საკვები ან ფული ისევ აღარ იქნება საკმარისი. ასეთი გამოცდილების შემდეგ ზოგ ადამიანს უჭირს დაიჯეროს, რომ დღეს შეუძლია შედარებით მშვიდად იცხოვროს.
ეს შიში შესაძლოა შვილთან ურთიერთობაშიც გადავიდეს და გამოიხატებოდეს გადამეტებულ გაფრთხილებებში, ზედმეტ კონტროლში, განშორების სირთულეში ან ცუდი მოლოდინის მუდმივ შეგრძნებაში. ბავშვმა შეიძლება ოჯახის ისტორია კარგად არ იცოდეს, მაგრამ ამ დაძაბულობას მაინც გრძნობდეს და თავადაც საფრთხის მოლოდინში იზრდებოდეს. მოგვიანებით მასაც შეიძლება გაუჭირდეს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, რადგან ფიქრობდეს, რომ ამით მშობელს მარტო ტოვებს.
პაციენტთან საუბრისას, ამ შესაძლო გავლენაზე შეიძლება დაგვაფიქროს ახლობლის დაკარგვის ან მასთან განშორების ძლიერმა შიშმა, ახლობლების უსაფრთხოების გადამოწმების მუდმივმა სურვილმა ან ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე გადაჭარბებული პასუხისმგებლობის განცდამ. მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორ უკავშირდება ეს განცდები პაციენტის ოჯახურ ისტორიასა და აღზრდის გამოცდილებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ არც ერთი ასეთი გამოვლინება არ არის გამოწვეული მხოლოდ თაობათაშორის ტრავმული გავლენით.
საქართველოში ჩატარებული კვლევები აღწერს ომისა და დევნილობის ხანგრძლივ გავლენას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტის დღევანდელი შფოთვა აუცილებლად მშობლის წარსული გამოცდილებით აიხსნება. მშობლის ტრავმული გამოცდილება არ ნიშნავს, რომ შვილს აუცილებლად განუვითარდება ფსიქიკური აშლილობა. ამდენად, მნიშვნელოვანია პაციენტის პირადი გამოცდილებისა და დღევანდელი გარემოებების შეფასებაც — რა გადაიტანა თავად და რა აწუხებს ახლა. ოჯახური ისტორია მნიშვნელოვანი გზამკვლევია, თუმცა თითოეული ადამიანის გამოცდილებას ცალკე მოსმენა სჭირდება.
რამდენად შეიძლება ტრავმული გამოცდილების გავლენა ბიოლოგიური მექანიზმებით გადაეცემოდეს მომდევნო თაობებს და სად გადის ზღვარი ბიოლოგიურ მემკვიდრეობასა და ოჯახურ-ფსიქოლოგიურ გავლენას შორის?
ტრავმულმა გამოცდილებამ შეიძლება შეცვალოს ორგანიზმის რეაქცია სტრესზე და ხანგრძლივი ბიოლოგიური კვალი დატოვოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ცვლილებები შვილს აუცილებლად მემკვიდრეობით გადაეცემა.
მაგალითად, ორსულობის დროს დედის ძლიერმა ან ხანგრძლივმა სტრესმა შესაძლოა ჰორმონებისა და პლაცენტის მეშვეობით ნაყოფის განვითარებაზე იმოქმედოს. დაბადების შემდეგ კი ბავშვის სტრესზე რეაქციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს ისიც, როგორ უვლიან მას და როგორია ყოველდღიური ურთიერთობები ოჯახში. ამ გამოცდილებას ბიოლოგიური ცვლილებების გამოწვევაც შეუძლია, თუმცა ეს მემკვიდრეობით გადაცემისგან განსხვავებული პროცესია.
სწორედ აქ არის საინტერესო ეპიგენეტიკა – მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც გარემო გავლენას ახდენს გენების აქტივობაზე დნმ-ის თანმიმდევრობის შეცვლის გარეშე. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, როგორც მშობლის ზრუნვასთან დაკავშირებული ეპიგენეტიკური ცვლილებები, ისე ცალკეულ შემთხვევებში სასქესო უჯრედების გზით მომდევნო თაობებზე გავლენის გადაცემაც. ადამიანებში კი ამის დადასტურება გაცილებით რთულია.
მაგალითად, ჰოლოკოსტს გადარჩენილებსა და მათ შვილებში აღმოჩენილია სტრესის ჰორმონებისა და ზოგიერთი გენის ეპიგენეტიკური რეგულაციის ცვლილებები. თუმცა ამ მონაცემებით ვერ ვიტყვით, რა გზით ჩამოყალიბდა ისინი: მემკვიდრეობით, ორსულობის პერიოდში თუ შემდგომი ცხოვრებისეული გამოცდილებით.
ამიტომ, ბიოლოგიურ მემკვიდრეობასა და ოჯახურ-ფსიქოლოგიურ გავლენას შორის განსხვავება მხოლოდ იმაში არ არის, ვხედავთ თუ არა ორგანიზმში ცვლილებას – მთავარია, თუ როგორ წარმოიშვა ეს ცვლილება.
მაგალითად, ოჯახურმა შიშმა და სტრესმა შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ორგანიზმის სტრესზე რეაქციაზე, მაგრამ ეს ცვლილება გენეტიკით კი არა, არასწორი ოჯახური გარემოთი არის გამოწვეული.
დღეს ადამიანებში ტრავმის შედეგების სასქესო უჯრედების გზით (ტრანსგენერაციული) ეპიგენეტიკური გადაცემა ჯერ დამაჯერებლად დადასტურებული არ არის. მშობლის წარსულს შეიძლება შვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდეს, თუმცა მის მომავალს წინასწარ არ განსაზღვრავდეს.
ლაკანისეული ფსიქოანალიზის პერსპექტივიდან, როგორ შეიძლება წინა თაობის გამოუთქმელმა გამოცდილებამ გავლენა იქონიოს ადამიანის თვითაღქმასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე? როგორ ასხვავებთ ამ გავლენას პაციენტის პირადი გამოცდილებით განპირობებული სირთულეებისგან?
ლაკანისეული ფსიქოანალიზის მიხედვით, ადამიანი იბადება ოჯახში, რომელსაც უკვე აქვს თავისი ისტორია, შიშები, დანაკარგები და ზოგჯერ ისეთი გამოცდილებაც, რომელზეც არ საუბრობენ.
ლაკანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენასა და ოჯახურ ურთიერთობებს. ჩვენი თვითაღქმა მხოლოდ პირადი გამოცდილებით არ ყალიბდება — მასზე გავლენას ახდენს ისიც, თუ როგორ საუბრობენ ჩვენზე, რას ელიან ჩვენგან და რა ადგილი გვიკავია ოჯახში.
მაგალითად, თუ ოჯახმა ომი, რეპრესიები ან მძიმე დანაკარგი გადაიტანა, მომდევნო თაობაში შესაძლოა გაჩნდეს საფრთხის მუდმივი მოლოდინი ან დანაკარგის შიში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ეს მოვლენები თავად არ გამოუცდია.
ამ საკითხის ასახსნელად შეგვიძლია გავიხსენოთ ედგარ ალან პოს მოთხრობა „მოპარული წერილი“, რომელსაც ლაკანი ფსიქოანალიტიკურად განიხილავს. მოთხრობაში წერილის შინაარსი უცნობია, თუმცა მისი არსებობა და გადაადგილება გავლენას ახდენს პერსონაჟების ქცევასა და ურთიერთობებზე. მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს ოჯახშიც: წარსულის შესახებ რაღაც შეიძლება გამოუთქმელი რჩებოდეს, მაგრამ მის გარშემო არსებული დუმილი, შიში და დამოკიდებულებები მაინც მოქმედებდეს ოჯახის წევრებზე.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის ყველა ფსიქიკური სირთულე წინა თაობის ტრავმით აიხსნება. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რა მოხდა წარსულში, არამედ ისიც, როგორ აღიქვამს და რა მნიშვნელობას ანიჭებს ამ ისტორიას თავად ადამიანი. ფსიქოანალიზის მიზანიც სწორედ ეს არის — დაეხმაროს ადამიანს გააცნობიეროს, რა გავლენას ახდენს მასზე ოჯახური ისტორია და იპოვოს საკუთარი, ინდივიდუალური ადგილი ამ ისტორიაში.
როდესაც ტრავმული გამოცდილების მქონე თაობა შვილებს ზრდის, რა გაუცნობიერებელ ქცევით მოდელებსა თუ ოჯახურ დინამიკას შეუძლია ხელი შეუწყოს ტრავმის გავლენის მომდევნო თაობაზე გადაცემას?
ხშირად მშობელი ვერც ამჩნევს, როგორ აისახება გადატანილი გამოცდილება შვილთან ურთიერთობაზე. მაგალითად, თუ თავად მძიმე დანაკარგი გადაიტანა, შეიძლება, ბავშვის დაცვის სურვილით ზედმეტად აკონტროლებდეს მას და დამოუკიდებლობის საშუალებას ნაკლებად აძლევდეს. ბავშვმა კი თანდათან შეითვისოს განცდა, რომ სამყარო სახიფათოა და საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდება საფრთხეს.
ზოგჯერ ტრავმის შედეგები ემოციურ დისტანციაში, გაღიზიანებაში ან არაპროგნოზირებად რეაქციებში ვლინდება. ასეთ გარემოში ბავშვი შეიძლება მუდმივად აკვირდებოდეს მშობლის განწყობას, ცდილობდეს მის დამშვიდებას და საკუთარ საჭიროებებს მალავდეს. გარდა ამისა, ბავშვს ზოგჯერ ასაკისთვის შეუსაბამო პასუხისმგებლობაც ეკისრება, თითქოს მშობლის კარგად ყოფნა პირდაპირ მისზე იყოს დამოკიდებული.
მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ საუბრობენ ოჯახში განცდილზე. სრული დუმილისას ბავშვი დაძაბულობას გრძნობს, მაგრამ მისი მიზეზი არ ესმის და ამიტომ შეიძლება იფიქროს რომ თავადაა დამნაშავე. მეორე მხრივ, ასაკისთვის შეუფერებელი, შემზარავი დეტალების მოსმენაც შეიძლება დამთრგუნველი იყოს. ფრაზებმა „არავის ენდო“ ან „ძლიერი უნდა იყო“ კი შეიძლება საკუთარი გრძნობების გამოხატვა და დახმარების თხოვნა გაურთულოს.
ეს მოდელები ყველა ტრავმა გამოვლილ ოჯახს არ ახასიათებს. ხშირად ისინი თავდაპირველად თავდაცვისა და გადარჩენის გზები იყო, რომლებიც მოგვიანებითაც შენარჩუნდა. მათი აღმოჩენა მშობლის დადანაშაულებას არ ემსახურება. ის ქმნის შესაძლებლობას, ბავშვის საჭიროებებს სხვაგვარად ვუპასუხოთ და ურთიერთობაში მეტი უსაფრთხოება გაჩნდეს.
ხშირად ითვლება, რომ პრობლემის გაცნობიერება უკვე სანახევრო განკურნებაა. კლინიკურ პრაქტიკაში რამდენად საკმარისია პაციენტისთვის მხოლოდ იმის გააზრება, რომ მისი შფოთვა თუ შიში თაობათაშორის ტრავმას უკავშირდება და რეალურად რას ცვლის ეს მის მდგომარეობაში?
არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ პრობლემის გაცნობიერება უკვე სანახევრო განკურნებაა, თუმცა კლინიკურ პრაქტიკაში ეს ყოველთვის ასე არ არის. გაცნობიერება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ თავისთავად არ არის საკმარისი ფსიქიკური მდგომარეობის შესაცვლელად.
მაგალითად, პაციენტმა შეიძლება გააცნობიეროს, რომ მისი მუდმივი საფრთხის მოლოდინი დაკავშირებულია იმ გარემოსთან, რომელშიც გაიზარდა, ხოლო ეს გარემო, თავის მხრივ, მისი მშობლების ტრავმული გამოცდილებით იყო ჩამოყალიბებული. ამ აღმოჩენამ შესაძლოა მას საკუთარი შფოთვის უკეთ გაგების შესაძლებლობა მისცეს, შეამციროს გაურკვევლობა და დაეხმაროს საკუთარი განცდების მიმართ ნაკლებად კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. თუმცა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ საიდან მოდის შიში, არ ნიშნავს, რომ ადამიანი ავტომატურად თავისუფლდება ამისგან.
ლაკანისეული ფსიქოანალიზის პერსპექტივიდან, სიმპტომი არ არის მხოლოდ პრობლემა, რომლის მიზეზიც უნდა აღმოვაჩინოთ. მას კონკრეტული ადგილი და ფუნქცია აქვს სუბიექტის ფსიქიკურ ცხოვრებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიმპტომის წარმოშობის შესახებ ცოდნის მიღება, არამედ იმის გამოკვლევაც, თუ როგორ არის ადამიანი დაკავშირებული საკუთარ სიმპტომთან და რა მნიშვნელობა აქვს ამას მის ცხოვრებაში.
ფსიქოანალიტიკური მუშაობის პროცესში პაციენტს შეიძლება მიეცეს შესაძლებლობა, ახლებურად გაიაზროს საკუთარი ისტორია, განასხვაოს საკუთარი სურვილები ოჯახის მოლოდინებისგან და შეცვალოს დამოკიდებულება იმ გამოცდილების მიმართ, რომელიც მანამდე მის ცხოვრებას განსაზღვრავდა.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თაობათაშორისი ტრავმის გავლენა არ განვიხილოთ როგორც წინასწარ დადგენილი ფაქტი. ეს არის ერთ-ერთი შესაძლო კლინიკური ჰიპოთეზა, რომელიც პაციენტის ინდივიდუალური ისტორიის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს.
საბოლოოდ, თერაპიის მიზანი მხოლოდ იმის ცოდნა არ არის, რატომ ვგრძნობთ შიშს ან შფოთვას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ცოდნამ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, განსხვავებულად იცხოვროს საკუთარ გამოცდილებასთან ერთად. შესაბამისად, გაცნობიერება შეიძლება იყოს ცვლილების დასაწყისი, მაგრამ არა თავად ცვლილების გარანტია.
გაცნობიერება ადამიანს ეხმარება გაიგოს, რატომ ჩამოყალიბდა მისი შიში, მაგრამ თერაპიული ცვლილება მაშინ ხდება, როდესაც ეს შიში აღარ განსაზღვრავს მის არჩევანს, ურთიერთობებსა და ცხოვრების წესს. ფსიქოანალიზის მიზანი მხოლოდ წარსულის ახსნა კი არა, საკუთარ ისტორიასთან ახალი დამოკიდებულების ჩამოყალიბების შესაძლებლობაა.

