ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ფრინველის გრიპის ახალი ვაქცინა შეიქმნა

გააზიარე

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ფრინველის გრიპის ფართო სპექტრის ახალი ვაქცინა შეიმუშავეს, რომელმაც ცხოველებზე ჩატარებულ ტესტებში გლობალურად გავრცელებული სხვადასხვა ვარიანტის მიმართ 100%-იანი დაცვა აჩვენა. ჟურნალ Cell Reports Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ ახალი პრეპარატი ეფექტიანობით ბევრად აღემატება იმ ვაქცინებს, რომლებსაც დღეს მსოფლიოს მთავრობები პანდემიის შემთხვევისთვის იმარაგებენ.

ექსპერიმენტის ფარგლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სტანდარტული ვაქცინით აცრილი ცხოველების მხოლოდ 50% გადარჩა მაშინ, როცა კემბრიჯის უნივერსიტეტისა და მისი შვილობილი კომპანიის, DIOSynVax-ის მიერ შექმნილმა ვაქცინამ თაგვებსა და ქრცვინებში ვირუსის გენეტიკურად განსხვავებული ვარიანტებისგან სრული დაცვა უზრუნველყო.

„ნაცვლად იმისა, რომ ვაქცინა ფრინველის გრიპის ერთ კონკრეტულ ვარიანტს ებრძოდეს, ჩვენი ახალი პრეპარატი ვარიანტების უზარმაზარი სპექტრის წინააღმდეგაა მიმართული. ის ვირუსის ევოლუციის წინასწარ განჭვრეტაზეა ორიენტირებული და არა მასზე დაგვიანებულ რეაგირებაზე“, — აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონათან ჰინი.

ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ უკვე გავრცელებულ სპეციფიკურ შტამებზე მოქმედებს, მეცნიერებმა პრეპარატის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. AI ინსტრუმენტმა მთელი მსოფლიოდან შეგროვებული გენეტიკური მონაცემები გააანალიზა და ე.წ. „სუპერანტიგენები“ დააპროექტა, რომლებიც ამ ჯგუფის ყველა ვირუსისთვის საერთო მახასიათებლებს შეიცავს.

მკვლევრების განმარტებით, ფრინველის გრიპი რნმ-ვირუსია, რომელსაც, კორონავირუსის მსგავსად, სწრაფი მუტაცია და ცხოველიდან ადამიანზე მარტივად გადადება შეუძლია. მართალია, ჩრდილოეთ ამერიკის ვარიანტებით გამოწვეული ინფექციები ადამიანებში მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის შტამებმა მძიმე დაავადებები და მაღალი სიკვდილიანობა უკვე გამოიწვია.

„ახალი თაობის ვაქცინები ეროვნული ბიოუსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის თამაშის წესებს ცვლის. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსულ ეპიდემიებსა და პანდემიებზე მყისიერი რეაგირებისთვის მზად ვიქნებით, ნაცვლად დღევანდელი სცენარისა, როცა მუდმივად თავდაცვის პოზიციაში ვართ და უკვე მუტირებულ შტამს ვებრძვით“, — ამბობს პროფესორი ჰინი.

შემდეგი ნაბიჯი ფრინველის გრიპის ახალი ვაქცინის ადამიანებზე კლინიკური ტესტირებაა, რათა საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენება დაუყოვნებლივ გახდეს შესაძლებელი. პარალელურად, კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდი იმავე AI-ტექნოლოგიით ისეთი მომაკვდინებელი ვირუსების წინააღმდეგ მუშაობს, როგორებიცაა ებოლა (რომლის ლეტალობის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ია), ლასას ცხელება და მარბურგი, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაც მსოფლიოში ჯერ არ არსებობს.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები